დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1294-1417-04 ას-1294-1417-04 10 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: იჯარით აღებული ფართის გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ე-ის“ დირექტორმა ვ. დ-ემ 2004წ. 14 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ს-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ 2002წ. 8 აგვისტოს ¹59 საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და საიჯარო ფართის გადაცემა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ სს „გ-ამ“ 2002წ. 31 ივლისს გამოაცახადა კონკურსი საკუთარი 53,1 კვ.მ-ის იჯარით გადაცემის თაობაზე. ამ კონკურსში გაიმარჯვა შპს „ე-მა“; მხარეებს შორის ამ ფართის თაობაზე გაფორმდა 10 წლით იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მეიჯარე აყოვნებდა ფართის გადაცემას შპს „ე-ისათვის“, სს „გ-ის“ სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს „ს-ა“.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამარლოს 2004წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს “ე-ის“ დირექტორის ვ. დ-ის სარჩელი; მოპასუხე შპს “ს-ას“ დაევალა შპს “ე-ის“ დირექტორსა და სს “გ-ის“ გენერალურ დირექტორს შორის დადებული ¹59 საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, ქ. თბილისში, ...... მდებარე, რომელიც შეადგენს 53,1 კვ.მ-ს, გადაცემა.
შპს “ს-ამ“ სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინებით შპს “ს-ას“ მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
„ს-ის“ წარმომადგენელს ამ განჩინების ასლი ჩაბარდა 2004წ. 7 ოქტომბერს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, შპს “ს-ის“ მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
შპს “ს-ამ“ კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ „ს-ის“ იურიდიული სამსახურს ჩაბარდა 2004წ. 11 ოქტომბერს და სახელმწიფო ბაჟი მათ მიერ გადახდილ იქნა ვადის დაცვით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბერის განჩინებით, შპს “ს-ის“ კერძო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების თაობაზე განჩინება გაეგზავნა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აპელანტს ეს განჩინება ჩაბარდა 2004წ. 7 ოქტომბერს; შპს „ს-ამ“ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა სასამართლოს მიერ დადგენილი 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტს, შპს „ს-ას“ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 30 სექტემბრის განჩინებით განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღით ხარვეზის გამოსასწორებლად. განჩინება მხარეს ჩაბარდა 2004წ. 7 ოქტომბერს, სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მაგრამ აპელანტის მიერ ხარვეზი ვადაში არ იქნა გამოსწორებული.
სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი წარმოდგენილი იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ საქმეშია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რომელიც თარიღდება 2004წ. 20 ოქტომბრით. აღნიშნული ქვითარი საოლქო სასამართლოში შეტანილია 2004წ. 22 ოქტომბერს.
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის შევსების განჩინება შპს “ს-ის“ იურიდიულ სამსახურს ჩაბარდა 2004წ. 11 ოქტომბერს, ვინაიდან საქმეში არსებული დოკუმენტებით დგინდება, რომ 2004წ. 30 სექტემბრის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ შპს „ს-ის“ კანცელარიას ჩაბარდა 2004წ. 7 ოქტომბერს. იურიდიული პირის სახელზე გაგზავნილი უწყება ხელმოწერილ უნდა იქნეს იმ პირის მიერ, რომელიც აღჭურვილია უფლებამოსილებით, მიიღოს კორესპოდენციები (ექსპედიციის, კანცელარიის თანამშრომლები). იურიდიული პირის იურიდიული სამსახურისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების რაიმე სპეციალურ წესს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 419-420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის და 5 ნოემბრის განჩინებები.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.