დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1195(კ-23) 26 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - დ. ყ-ი
მესამე პირი - ნ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
დ. ყ-იმა 2021 წლის 24 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 02 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უძრავ ნივთზე დ. ყ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უზრუნველყოფის დავალება, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2021 წლის 18 იანვრის №34-012101891518 წერილის ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობისთვის მიწის ნაკვეთის გაცემის მიზნობრიობის შესახებ ცნობის გაცემის უზრუნველყოფის დავალება.
მოსარჩელის განმარტებით, მებაღის წიგნაკი №12 სააგარაკე სახლის პროექტთან ერთად წარმოადგენდა იმ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც დ. ყ-ის მამკვიდრებელს - თ. ყ-ის ...ის ამხანაგობის მიერ გადაეცა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მებაღის წიგნაკში გადაშლილია მიწის ნაკვეთის ყოფილი მესაკუთრის სახელი და გვარი, მებაღეობის წევრად მიღებულია თ. ვ.-ს ძე ყ-ი და დამოწმებულია სსრკ-ს ბეჭდით. დოკუმენტი ხელმოწერილია გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის მდივნის მიერ. სააგარაკე სახლის პროექტზე დატანილია ინდივიდუალური ნომერი (№...) და უფლებამოსილ პირთა ხელმოწერები, ამასთან მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის ოჯახს 1980-იანი წლებიდან ჰქონდა განთავსებული პროექტით გათვალისწინებული სააგარაკე ხის სახლი, რომელიც დროთა განმავლობაში განადგურდა.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელმა ი. ყ-იმა 2020 წლის 16 ივლის №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე დ. ყ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ყ-იების ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც იმ მომენტამდე, როდესაც 2020 წლის 04 ივლისს (№... განცხადებით) სავარაუდო თაღლითური სქემის ავტორმა ნ. კ-ემ და მისმა წარმომადგენელმა ყალბი უფლებადამდგენი დოკუმენტით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამავე მიწის ნაკვეთზე. ნ. კ-ეის წარმოებაზე საჯარო რეესტრმა წარდგენილი დოკუმენტის ნამდვილობა მიიჩნია საეჭვოდ და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით გადააგზავნა პროკურატურაში.
ი. ყ-იის 2020 წლის 16 ივლისის №... განცხადებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრმა მიმართა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის, ეროვნულ არქივსა და გლდანის რაიონის გამგეობას. ეროვნულმა არქივმა წარადგინა სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 18 იანვრის №9 განკარგულება, რომელსაც თან არ ერთოდა მიწის ნაკვეთების განაწილების გეგმა. ხოლო გლდანის რაიონის გამგეობამ რეესტრის მიერ დასმულ შეკითხვაზე („წარმოადგენდა თუ არა მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოწყობის მიზნით გაცემულ მიწის ნაკვეთის ტიპს“) უპასუხა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა ინფორმაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. კ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საჯარო რეესტრის მიმართ არსებული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში (ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 იანვრის №... გადაწყვეტილება, „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 თებერვლის №... გადაწყვეტილება, „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილება; დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უზრუნველყოს ახალი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელის სახელზე მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში) სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ყ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის 2021 წლის 18 იანვრის №34-0121018915-18 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დ. ყ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობისა და ნ. კ-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო ნ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებები.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობამ, როგორც კანონისმიერად ვალდებულმა ორგანომ, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში უნდა დაედგინა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის იდენტურობა რეგისტრაციით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასახულ მიწის ნაკვეთთან, ვალდებული იყო ამ პროცესში მხედველობაში მიეღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. სადავო აქტში მითითებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, არ მომხდარა გლდანის რაიონის გამგეობისთვის ინფორმაციის მიწოდება შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და არ ფლობდა ინფორმაციას 2014 წლამდე ამ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთების დანიშნულების შესახებ, პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხისადმი მხოლოდ ფორმალურ მიდგომაზე მიუთითებდა, შესაბამისად, მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისად მოხელეს ხელახლა უნდა გადაეწყვიტა დ. ყ-ის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის დანიშნულების საკითხი ან უნდა მიეთითებინა იდენტურობის დადგენის კუთხით კვლევის გაგრძელების შესაძლებლობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
კასატორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე სასამართლოში მსგავს საქმეებზე არსებული პრაქტიკა არის მყიფე, შესაბამისად, ყოველმხრივ საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი ნორმების შეფარდებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოები აწყდებიან 90-იან წლებში ხარვეზიანად ჩატარებული მიწის რეფორმით გამოწვეულ შედეგებს, რომელიც დამატებით რთულს ხდის მის ისტორიულ-სამართლებრივ კვლევას, შეფასებას, გაანალიზებას და მის არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებას.
მიწის ნაკვეთებზე რეგისტრაცია წარმოებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სადაც მე-4 პრიმა მუხლში რეგლამენტირებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები, რომელიც სარეგისტრაციო პროცესში ჩართულია მიწების მარეგისტრირებელ ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, რომელიც არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები და რომელსაც არ ზღუდავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის პოზიცია, რომელიც არის ერთ-ერთი მტკიცებულება საქმეში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ცალსახა ხაზი გაავლო ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კომპეტენციის გამიჯვნის კუთხით, ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით და დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი უნდა ჩაერთოს მხოლოდ დასაბუთებული „საჭიროების შემთხვევის“ არსებობის პირობებში. იმ შემთხვევაში თუ „საჭიროების შემთხვევა“ არ იარსებებს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული და ასევე ნებისმიერი დოკუმენტი გადმოიგზავნება, რომლითაც ასევე უტყუარად დგინდება უფლების დამდგენი დოკუმენტით გაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, შესაბამისად, კანონმდებლის მიზანი ვერ იქნება მიღწეული იქიდან გამომდინარე, რომ თუ არ გაიმიჯნება ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კომპეტენციის ფარგლები, გამოდის რომ მუნიციპალიტეტები არიან მარეგისტრირებელი ორგანოები და ნებისმიერი განცხადება, რომელიც დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, ყოველგვარი შეფასების, ანალიზის, დოკუმენტთა ურთიერთშეჯერებისა და რეესტრში დაცული დოკუმენტაციებთან შედარების გარეშე უნდა გადმოიგზავნოს პირდაპირ გამგეობებში, რაც კანონმდებლის მიზანი არასდროს ყოფილა, ვინაიდან კანონმა შექმნა თავად საჯარო რეესტრი, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო და დაუწესა მიზნები, განსხვავებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებისა.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილება არის სახელმწიფოსგან დელეგირებული და არა საჯარო რეესტრისგან. 2016 წლამდე მოქმედი კანონმდებლობის მიღებამდე, საჯარო რეესტრის წარმოადგენდა ერთადერთ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს და მიწების რეგისტრაცია მიმდინარეობდა მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩართულობით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს აღნიშნული მოცემულობა საქმის განხილვისას, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრს არ ჩამორთმევია მიწების რეგისტრაციის უფლება, კანონის მიზანი ვერ იქნებოდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების იმ დოზით ჩართვა, რომელიც ჩაანაცვლებდა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს და გამგეობის იმედად დატოვებდა მთლიან სარეგისტრაციო პროცედურას. კანონის განმარტებითი ბარათების მიხედვით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის არსებობა, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა დახმარებოდა გადაფარვების აღმოფხვრაში, ადგილზე დათვალიერებით შემცირებულიყო სამეზობლო დავები, თუმცა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის პოზიციის არარსებობა ვერ უნდა აბრკოლებდეს სარეგისტრაციო პროცედურის დასრულებას. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელს და არ იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს სახელით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეა ასევე, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის გადაწყვეტილებები არ საჩივრდება საჯარო რეესტრში, არამედ მათი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ როდესაც საუბარია გამგეობის მიერ საოჯახო/საკარმიდამოზე ცნობის გაცემაზე, იგულისხმება, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი რაიმე დოკუმენტი, მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი, მებაღის წიგნაკი, განაწილების გეგმა, მებაღეობის წევრთა სია და მიერ საოჯახო/საკარმიდამო არ ნიშნავს და არ მოიცავს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ ცნობის გაცემის შემდეგ არსებულ მიწის ნაკვეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საქმეში ასეთი უფლების დამდეგნი დოკუმენტები არსებობს გამოდის, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ცნობის გაცემა კი არ უნდა მოითხოვოს, არამედ იდენტურობის თაობაზე პოზიციის დაფიქსირება მუნიციპალიტეტის მხრიდან ან თავადვე დაადგინოს ადგილმდებარეობა - დაადგინოს იდენტურობა. აღნიშნული შეფასება ევალება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას გააჩნია თუ არა იურიდიული მნიშვნელობა სარეგისტრაციო მიზნებისთვის თუ საოჯახო/საკარმიდამოს წესით ცნობის გაცემაზე პოზიციას მოითხოვს მუნიციპალიტეტიდან ან საერთოდ აღიარების კომისიაში გადააგზავნის. თუ მუნიციპალიტეტმა უნდა დაადასტუროს რომ ვინმე პირზე, ყოველგვარი ობიექტური მტკიცებულების გარეშე, გაცემულია მიწის ნაკვეთი, მას უნდა გააჩნდეს გარკვეული ინსტიტუციური მეხსიერება, ადამიანური იქნება ეს თუ დოკუმენტური. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე მიუთითა გამგეობამ საკუთარ წერილში, რომ გლდანის რაიონს შეუერთდა ახალი ტერიტორიები, რომელთა შესახებაც გლდანის რაიონის გამგეობას არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, დოკუმენტაცია ან მასთან დაკავშირებული სხვა საარქივო მონაცემი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით დაინიშნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მხარეთა დასწრებით, 2024 წლის 07 ნოემბერს 11:00 საათზე. აღნიშნულ სხდომაზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა გადაიდო მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 16 ივლისს დ. ყ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა ქალაქ თბილისში, გლდანის ...ს ტერიტორიაზე მდებარე 575 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებაზე სხვა დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი იქნა ა/კ რკინიგზის სახელოსნოს მუშებისა და მოსამსახურეების მებაღეობის ამხანაგობის მიერ 1968 წელს ა. გ-იზე გაცემული მებაღის საწევრო წიგნაკი №12 ფართით 600 კვ.მ, რომლის მონაცემები გადახაზულია და ჩასწორებულია თ. ვ.-ს ძე ყ-ის სახელზე. ამ უკანასკნელის გვარი ასევე ფიქსირდება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1967 წლის 12 მაისის №303 დადგენილებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ორგანიზაციის პროექტზე №14 გრაფაში.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ წარდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენდნენ უფლების დამდგენ დოკუმენტებს მათი ხარვეზიანობიდან გამომდინარე, შესაბამისად დაავალა ახალი უფლების დამდგენი დოკუმენტების წარმოდგენა.
2020 წლის 11 სექტემბერს დ. ყ-ის წარმომადგენელმა წარადგინა განცხადება, რითაც საჯარო რეესტრს აცნობა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობისთვის გამოყოფილ მიწას. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 6 ოქტომბრის №... წერილით მიმართა გლდანის რაიონის გამგეობას, იმის დასადგენად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობისათვის გამოყოფილ მიწას. გლდანის რაიონის გამგეობაში გადაგზავნილ იქნა დ. ყ-ის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების დროს მოძიებული ინფორმაცია.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის 2021 წლის 18 იანვრის №34-0121018915 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განემარტა, რომ გლდანის რაიონის გამგეობა არ ფლობდა ინფორმაციას 2014 წლამდე შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთების დანიშნულების შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გლდანის რაიონის გამგეობამ №34-01200363970 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან. გლდანის რაიონის გამგეობამ შემოსავლების სამსახურის მცხეთის სერვისცენტრიდან №3401200562062 წერილით გამოითხოვა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2020 წლის 07 თებერვლის №1903-2 წერილში მითითებული მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული სოფელი ...ის (2002 წლიდან მონაცემები) და გლდანის საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე მებაღეობის ამხანაგობათა მიწის გადასახადის გადამხდელთა (2003 წლის მონაცემები) სიები. აღნიშნულ წერილებზე პასუხების შესაბამისად არ მომხდარა გლდანის რაიონის გამგეობისთვის ინფორმაციის მიწოდება შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამდენად, გლდანის რაიონის გამგეობამ განმარტა, რომ ვინაიდან არ ფლობდა ინფორმაციას 2014 წლამდე შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთების დანიშნულების შესახებ, მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა ინფორმაცია წარმოადგენდა თუ არა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხ.). კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა (2 მუხ., „ა“ ქვ.პ). კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობა, რომლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში - 5 ჰა-ს.
ამავე კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებანი, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა („ა“ ქვ.პ). საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი („ბ“ ქვ.პ). ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას („გ“ ქვ.პ), ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს („დ“ ქვ.პ.). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომლის თანახმად, მსგავსი ტიპის დავებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩართულობა განპირობებულია პირველ რიგში სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გადაწყვეტას. კანონით დადგენილი ვალდებულება მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ, ასევე საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ინფორმაციის გაცემა მოიცავს სრულყოფილი წარმოების ჩატარების ვალდებულებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ამავდროულად, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება იმის გადამოწმება, კონკრეტულ ფართზე არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ ტერიტორიას და რა ფაქტობრივი მდგომარეობაა ამჟამად სადავო ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოებების შესაფასებლად, ადმინისტრაციულმა ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, მოიძიოს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/მართლზომიერი მფლობელები, მოისმინოს მათი ჩვენებები, მოიძიოს დამატებითი დოკუმენტაცია, განახორციელოს ადგილზე დათვალიერება, გაარკვიოს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები სტატუსი და სხვა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გაკეთებულ განმარტებაზე, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ არ განხორციელებულა მიწის ნაკვეთის ადგილზე შესწავლა და ადგილმდებარეობის დადგენა და რომ უფლებამოსილი პირი შემოიფარგლა მხოლოდ გარკვეული ინფორმაციის გამოთხოვით, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხისადმი ფორმალურ მიდგომაზე მიუთითებს. კასატორის მხრიდან იმის მტკიცება, რომ სადავო საკითხის (მიწის ნაკვეთის სტატუსის შესახებ ცნობის გაცემა) დასადგენად არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, წარმოადგენს კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას, რადგანაც, როგორც აღინიშნა, კასატორის მიმართ სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნები.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლითაც განისაზღვრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, რა დროსაც, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლი მოიცავს იმ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო წარმოების ჩატარების პროცესში აღიჭურვება, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები („ა“ ქვ.პ.), შეაგროვოს ცნობები („ბ“ ქვ.პ.), მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს („გ“ ქვ.პ.), დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი („დ“ ქვ.პ.), დანიშნოს ექსპერტიზა („ე“ ქვ.პ.), გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები („ვ“ ქვ.პ.), მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს („ზ“ ქვ.პ.).
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე არ დადგინდა ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, დანიშნულება და აღნიშნული საჭიროებდა მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობის მიერ საკითხის შესწავლას. სადავო საკითხი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას, რომელიც მსგავსი საკითხის შესწავლის შედეგად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ცნობის სახით. აქტი კი უნდა გამოიცეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების, ადგილზე დათვალიერების, რეალური მდებარეობის დადგენის, დოკუმენტში აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და დ. ყ-ის დაინტერესებაში არსებული ნაკვეთის ურთიერთშესაბამისობის, ზედდებასთან დაკავშირებული საკითხების გამოკვლევის საჭიროებასაც. როდესაც ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, უმართებულოა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების შესრულების დელეგირება სასამართლოზე. ამდენად, გლდანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია სრულად გამოიკვლიოს სასამართლოების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათი შეფასების შემდეგ მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობის აღმოფხვრის შედეგად სარჩელის უარყოფის შესაძლებლობას. შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა