გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 22.12.2005
საქმის ნომერი
ას-1312-1544-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1312-1544-05 22 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: საჩივრის დასაშვებობა.

აღწერილობითი ნაწილი:

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხეები ტ. კ.-ი და ა. გ.-ი გამოსახლდნენ ქ.თბილისში, ... მიწისქვეშა გასასვლელში მდებარე არასაცხოვრებელი ფართიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ.-მა. სააპელაციო პალატის 2005წ. 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ა.გ.-ს გაეგზავნა დამტარებლის მეშვეობით. გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დრო, 2005წ. 11 ოქტომბერი, აღინიშნა გზავნილის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც დაუბრუნდა სასამართლოს. დამტარებელმა ასევე სასამართლოს წარუდგინა აქტი, სადაც აღნიშნა, რომ ა. გ.-მა „ჩაიბარა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამაწ. 6 ოქტომბერს. ხელი მოწერილი აქვს შეცდომით 11 ოქტომბრით ფურცლის მეორე მხარეს“.

ა. გ.-მა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა 2005წ. 20 ოქტომბერს. სააპელაციო პალატამ კურიერის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე მიიჩნია, რომ ა.გ.-ს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 6 ოქტომბერს, საჩივარი კი შეიტანა 20 ოქტომბერს, სსკ-ის 237-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების 10 _ დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნული საფუძვლით, სააპელაციო პალატამ 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინებით ა. გ.-ის საჩივარი დატოვა განუხილველი.

ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.გ.-მა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მას საჩივარი შეტანილი აქვს კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2005წ. 11 ოქტომბერს, რაც დასტურდება სასამართლოს გზავნილზე მისი ხელმოწერით.

სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ნოემბრის განჩინებით ა.გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზვნა უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ ა. გ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. გადაწყვეტილების ასლი მხარეს უნდა ჩაბარდეს ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით. ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ა.გ.-ს გაეგზავნა დამტარებლის მეშვეობით. გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დრო, 2005წ. 11 ოქტომბერი, აღინიშნა გზავნილის მეორე ეგზემპლარზე და დაუბრუნდა სასამართლოს. ამდენად, აღნიშნული გზავნილით ირკვევა, რომ გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით ა.გ.-ს ჩაბარდა 11 ოქტომბერს, ხოლო საჩივარი მან შეიტანა 20 ოქტომბერს, ანუ 237-ე მუხლით დადგენილ ათდღიან ვადაში.

რაც შეეხება კურიერის მიერ შედგენილ აქტს იმის შესახებ, რომ ა.გ.-ს შეცდომით აქვს გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი მითითებული, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული აქტი კანონით დადგენილ წესით არ არის შედგენილი. ადრესატის მიერ შეცდომის დაშვების შემთხვევაში, კურიერს სათანადო აღნიშვნა უნდა გაეკეთებინა გზავნილზე ა.გ.-ის თანდასწრებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ყველა შემთხვევაში, მათ შორის, ადრესატის მიერ უწყების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, უწყების მიმტანმა პირმა სათანადო აღნიშვნა უნდა გააკეთოს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 75-ე მუხლი). ასევე, ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მოსაზრება, ვინაიდან კურიერმა აქტი წარმოადგინა სასამართლოში 7 ოქტომბერს, გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 6 ოქტომბერს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კურიერმა აქტი წარმოადგინა 7 ოქტომბერს, აქტის წარმოდგენის თარიღი საქმის მასალებით არ ირკვევა. ამდენად, ა.გ.-ისათვის კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დოკუმენტად უნდა ჩაითვალოს სასამართლოს გზავნილის მეორე ეგზემპლარი და გასაჩივრების ვადის გამოთვლა უნდა დაიწყოს ამ დოკუმენტზე მითითებული დღიდან _ 11 ოქტომბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა.გ.-ის საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში და დასაშვებია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინება და ა. გ.-ის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოოა და არ საჩივრდება.