დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1360-1585-05 7 თებერვალი, 2006 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ჩ-შვილი, ნ. ჩ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. გ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და ნ. ჩ-შვილების მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. და ნ. ჩ-შვილებს აეკრძალათ მოსარჩელის მიმართ რაიმე უფლების ხელყოფა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ თითოეულს 500 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. და ნ. ჩ-შვილებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ნ. და ნ. ჩ-შვილების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, და მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოპასუხეებს დაეკისრათ თითოეულს 500 ლარის გადახდა, ამდენად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განჩინება ნალი და ნ. ჩ-შვილებმა გაასაჩივრეს კერძო საჩივრით შემდეგი დასაბუთებით: ნ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მორალური ზიანის _ 2000 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება, სასამართლოზე მოთხოვნა მან 1000 ლარამდე შეამციარა. სასამართლომ ნ. გ-ძის სარჩელი დააკმაყოფილა და მოპასუხეებს დააკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ თითოეულს 500 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 25 ლარის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის საგანი შეადგენს 1025 ლარს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ნალი და ნ. ჩ-შვილების კერძო საჩივარი, როგორც უსაფუძვლო, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ნ. და ნ. ჩ-შვილების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია რომ, ნ. და ნ. ჩ-შვილებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაცია _ თითოეულს 500 ლარის ოდენობით.
უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორთა მითითება, თითქოს მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენს როგორც მორალური ზიანისათვის კომპენსაციას 1000 ლარს, ასევე სახელმწიფო ბაჟს 25 ლარს, სულ 1025 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე შეუძლებელია, სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულებაში შევიდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, ნალი და ნ. ჩ-შვილების სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ნ. და ნ. ჩ-შვილების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 15 ნოემბრისა და 30 ნოემბრის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.