დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1374-1499-04 ას-1374-1499-04 29 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: სარჩელში _ სესხის, მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება; შეგებებულ სარჩელში _ პროცენტის ნაწილში სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, დაგირავებული ოქროს ნივთების დაბრუნება ან მათი ღირებულების გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ჯ-ა არის ინდივიდუალური მეწარმე. 1999წ. 9 თებერვლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მან ხ. ჟ-ს გადასცა 1000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით. მოვალეს 1999წ. 9 მაისამდე უნდა დაეფარა სესხი _ 1000 აშშ დოლარი და თვეში ამ თანხის 16%. იმის გამო, რომ ხ.ჟორჟოლიანმა დათქმულ ვადაში ვერ შეძლო ვალის გადახდა, ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ჯ-ამ“ დავალიანების გადახდის შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს ხ.ჟ-ის მიმართ და მოითხოვა 2003წ. 10 იანვრის მდგომარეობით მოპასუხისათვის თანხის დაკისრება სესხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გათვალისწინებით.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის გადახდის ბრძანებით მისი განცხადება დაკმაყოფილდა და მოპასუხე ხ.ჟ-ს დაეკისრა განმცხადებლის სასარგებლოდ 11546 აშშ დოლარი.
ხ.ჟორჟოლიანმა პროტესტი შეიტანა სასამართლოს გადახდის ბრძანებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას დაფარული აქვს ძირითადი სესხი, ხოლო პროცენტის სახით გადახდილი აქვს 1956 აშშ დოლარი; მოსარჩელეს შეეძლო დარჩენილი გადასახდელი თანხის დაფარვა დაგირავებული ქონების რეალიზაციით. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის განჩინებით მოცემული საქმის განხილვა დაიწყო საერთო სასარჩელო წესით. ხ.ჟ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ჯ-ას“ მიმართ და მოითხოვა პროცენტის ნაწილში სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან კანონით დადგენილი პროცენტის გათვალისწინებით მას თვეში უნდა გადაეხადა 4%; მანვე მოითხოვა 0,1%-მდე პირგასამტეხლოს შემცირება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. შეგებებული სარჩელით მოითხოვა, ასევე, ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ჯ-თან“ დაგირავებული ოქროს ნივთების ან მათი ღირებულების დაბრუნების დაკისრება.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ჯ-ას სარჩელი და მის სასარგებლოდ ხ.ჟ-ს დაეკისრა 1232 აშშ დოლარი ძირითადი სესხისა და მიყენებული ზიანის სახით. ბათილად იქნა ცნობილი სესხის ხელშეკრულება პროცენტის ნაწილში. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხ.ჟ-ის შეგებებული სარჩელი, დაგირავებული ოქროს ნივთები და ავტომანქანის პასპორტი დაუბრუნდა მათ კანონიერ მესაკუთრეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ჯ-ამ“ და ხ. ჟ-მა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი გამოუცხადებლობის გამო. ხ. ჟ-ის წარმომადგენლის მ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გასაჩივრებულ ნაწილში წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ჯ-ას“ სარჩელი ხ. ჟ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ხ. ჟ-ის შეგებებული სარჩელი და ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ჯ-ას“ დაევალა ხ. ჟ-ვის დაგირავებული ოქროს ნივთების დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება 2004წ. 21 ივნისს შევიდა კანონიერ ძალაში.
2004წ. 2 აგვისტოს ნ. ჯ-ამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ნოემბრის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ჯ-ას განცხადებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდა. ნ. ჯ-ას განემარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს, შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2004წ. 26 ნოემბერს ინდივიდუალურმა მეწარმემ “ნ. ჯ-ამ” კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 3 ნოემბრის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ განჩინება გამოტანილია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის განჩინებით ნ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ იქნა დაშვებული და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 31 იანვრის განჩინებით ნ. ჯ-ას კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
ნ. ჯ-ა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს სსკ-ის 428-ე მუხლის საფუძველზე. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 3 ნოემბრის განჩინება გამოტანილია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ, კერძოდ, მოსამართლეები მ.ქ-ე და ზ.მ-ი, რომლებიც მონაწილეობდნენ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაში, მონაწილეობდნენ ასევე მისი სააპელაციო საჩივრის განხილვაში 2003წ. 7 ოქტომბერს.
სსკ-ის 428-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების განხილვაში დაუშვებელია იმ მოსამართლის მონაწილეობა, რომელსაც კანონის მიხედვით არ უნდა მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში (422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
მოცემული მუხლების თანახმად, გადაწყვეტილების (განჩინების) მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს იმ მოსამართლეს, რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში სხვა ინსტანციის სასამართლოში ან მის მიმართ არსებობს სსკ-ის 30-31-ე მუხლებით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების საფუძველი არ შეიძლება გახდეს მოსამართლის მონაწილეობა საქმის განხილვაში იმავე ინსტანციის სასამართლოში.
სსკ-ის 29-ე მუხლი, რომელიც ადგენს საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობის დაუშვებლობას, კრძალავს მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობას, თუ იგი ამ საქმის განხილვაში მონაწილეობდა სხვა ინსტანციის და არა იმავე ინსტანციის სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში მოსამართლეები მ.ქამადაძე და ზ.მ-ი როგორც 2003წ. 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე 2004წ. 3 ნოემბრის განჩინების გამოტანისას მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში როგორც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ნ. ჯ-ას მიერ დამატებით კერძო საჩივარში მითითებულ არგუმენტს იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საქმის განხილვაში ხ.ჟ-ის წარმომადგენლად ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე მ. ჯ-ას მონაწილეობის ფაქტი.
საქმის მასალებით, კერძოდ, ნ.ჯ-ას მიერ წარმოდგენილი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსის, ზ. ქ-ის მიერ 2004წ. 24 ივნისს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მ. ჯ-ა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა 1999წ. 20 ივლისიდან 2003წ. 22 მარტამდე ..... თანამდებობაზე. საქმის მასალებით დასტურდება ასევე, რომ სწორედ ამ პერიოდში _ 2003წ. 12 მარტს, იგი მონაწილეობდა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვაში ხ. ჟ-ის წარმომადგენლის სახით, ხოლო ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში მ. ჯ-ა ამ სასამართლოს თანამშრომელს აღარ წარმოადგენდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისას ნ. ჯ-ამ სასამართლოს შემადგენლობას განუცხადა აცილება სსკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, იმ საფუძვლით, რომ მოსამართლეებს ზ.მ-სა და მ.ქ-ეს ერთხელ უკვე აქვთ მიღებული მონაწილეობა მოცემული საქმის განხილვაში და გამოტანილი აქვთ მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. ნ. ჯ-ას არ მოუთხოვია მოსამართლეთა აცილება საქმის განხილვაში მ. ჯ-ას მონაწილების გამო, თუმცა რომც მოეთხოვა, სსკ-ის 36-ე მუხლის თანახმად, აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით, ანუ სააპელაციო და საკასაციო წესით და არა კერძო საჩივრით.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ჯ-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.