დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.02.2025
საქმის ნომერი
ბს-1261(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.02.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1261(კ-24) 18 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ს-ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების

განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 25 იანვარს თ.ს-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად ჩაირიცხა სამხედრო კათედრაზე და გაიარა სწავლება. სწავლის დასრულებისას 1996 წელს მიენიჭა უმცროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდება. სწავლის შემდეგ მუშაობდა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემდეგ, კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. სამხედრო და შსს ორგანოებში შრომითი სტაჟი შეადგენს 18 წელს, 8 თვეს და 3 დღეს. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სამსახური, თუ ამავე კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, შსს ორგანოების თანამშრომლებს, სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის თანახმად, ნამსახურობის სტაჟში ჩაითვლება სწავლის პერიოდიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი უთხრა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე, იმ საფუძვლით, რომ არ ჰქონდა წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი. მოპასუხემ ნამსახურობის სტაჟში არ ჩაუთვალა სწავლების პერიოდი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2021 წლის 30 დეკემბრის №MOD 5 21 01397477 წერილობითი მიმართვის, რომლითაც უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენაზე ბათილად ცნობა და ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1995 წლის 30 მაისამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე (...) სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურების წლებში ჩათვლა და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგზავნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით თ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2021 წლის 30 დეკემბრის №MOD 5 21 01397477 წერილობითი მიმართვა, თ.ს-ისთვის წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ქმედების განხორციელება, რომლითაც თ.ს-ის წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1995 წლის 30 მაისამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე (...) სწავლის პერიოდი, ასევე, კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების მომზადება და შესაბამის ორგანოში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სპეციალური კანონმდებლობის თანახმად, სამხედრო სამსახურში ნამსახურობის წლებში შედის მხოლოდ სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდი, უფრო კონკრეტულად კი, მხოლოდ სამხედრო შეკრებების დრო და განმარტა, რომ იმ პერიოდისთვის, როდესაც თ.ს-მა გაიარა სამხედრო კათედრის სრული კურსი, სამხედრო სამსახურის გავლის წესს, მათ უფლება მოვალეობებს, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის სპეციფიკასა და პირობებთან, განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის № 748 დადგენილებით დამტკიცებული დებულება ,,საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ”, რომლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, უმცროსი ლეიტენანტის წოდება ენიჭებოდათ სამოქალაქო უმაღლესი, სპეციალური და საშუალო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, რომლებმაც სწავლის პერიოდში გაიარეს სამხედრო მომზადება და ჩააბარეს გამოცდები. ამასთან, ამავე დებულების 56-ე პუნქტიდან გამომდინარე, ,,საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ" კანონის თანახმად, რეზერვი იქმნებოდა უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სამხედრო კათედრებზე კურსგავლილი რეზერვის ოფიცრებისაგან. ამდენად, თ.ს-ის მიერ 1992-1995 წლებში გავლილი სამხედრო კათედრის სრული კურსი, რის საფუძველზეც მიენიჭა სამხედრო წოდება (უმცროსი ლეიტენანტი) და ჩაირიცხა რეზერვში, განხილული უნდა იქნას, როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი, რომელიც ჩაითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში, რამეთუ იმ დროისათვის სამხედრო კათედრის გავლა გათანაბრებული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ კომპენსაცია ენიშნებათ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურების 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ყოფილ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 წლიდან - 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურების 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აღნიშნული კანონიდან გამომდინარე იმისათვის, რომ პირმა მოიპოვოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება მას უნდა ჰქონდეს სწორედ სამხედრო სამსახურში ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამასთან, კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების XVI თავის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ნამსახურები წლები მოიცავს მხოლოდ სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, პირად საქმეში არსებული საბუთების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე თ.ს-ის საერთო წელთა ნამსახურობა 20-ზე ნაკლებია და ჯამში შეადგენს 18 წელს 8 თვეს და 3 დღეს. თ.ს-ი სადავო პერიოდში სწავლობდა სამოქალაქო სასწავლებელში (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სამოქალაქო სპეციალობით, რაც გამორიცხავდა აღნიშნული პერიოდის სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლებში (სტაჟი) ჩათვლას. ამასთან, საერთო სასამართლოების ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი (სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შესაძლებელია ჩაეთვალოს სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი) ცხადად და არაორაზროვნად მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაზე და არა ვალდებულებაზე სწავლის პერიოდის ნამსახურებ პერიოდში ჩათვლასთან მიმართებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის შინაარსიდან გამომდინარე, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისას სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობის სტაჟში გათვალისწინებულ უნდა იქნეს თუ არა სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 1-ელი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში. ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი დადგენილია, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმა უფლებას ანიჭებს გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს წელთა ნამსახურების დაანგარიშებისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაუთვალოს თუ არა პირს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი.

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ თ.ს-ის მიერ ნამსახურების წლები შეადგენს 18 წელს, 8 თვესა და 3 დღეს.

თ.ს-ი 1991 წელს ჩაირიცხა და 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტი სპეციალობით ... ამასთან, თ.ს-იმა სწავლის პერიოდში (1992 წლის 1 სექტემბრიდან 1995 წლის 30 მაისამდე სასწავლო წლებში) გაიარა სამხედრო კათედრის სრული კურსი. საქართველოს რესპუბლიკის 1996 წლის 22 ნოემბრის №785 ბრძანებით თსუ-ს 1996 წლის კურსდამთავრებულ თ.ს-ის, რომელმაც გაიარა სამხედრო კათედრის სრული კურსი და სასწავლო შეკრება, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება - უმცროსი ლეიტენანტი.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს №380 ბილეთით 1996 წლის 22 ნოემბრის №785 ბრძანების საფუძველზე თ.ს-ის მინიჭებული აქვს უმცროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. კანონის განმარტება უნდა ემყარებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, კანონის ნორმები წაკითხული უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, რადგან მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს მოსამსახურის სწავლის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლას, როგორც აუცილებელ პირობას, თუმცა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია უნდა იყოს დასაბუთებული, განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა ეთქვას უარი მოსარჩელეს სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ არ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე სწორად შეფასებული, როგორც წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე თ.ს-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ საკითხი, ვინაიდან მოსარჩელეს კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საერთო სტაჟში უნდა ჩათვლოდა სწავლის პერიოდი, რაც ჯამში შეადგენდა 20 კალენდარულ წელზე მეტს. შესაბამისად, პალატას მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ.ს-ი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე სრულად აკმაყოფილებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონით დადგენილ ნორმებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის, რაც სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ იმ პერიოდისთვის, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას თ.ს-იმა გაიარა სამხედრო კათედრის სრული კურსი, სამხედრო სამსახურის გავლის წესს, მათ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის სპეციფიკასა და პირობებთან, განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის №748 დადგენილებით დამტკიცებული დებულება ,,საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ” (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე), რომლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, უმცროსი ლეიტენანტის წოდება ენიჭებოდათ სამოქალაქო უმაღლესი, სპეციალური და საშუალო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, რომლებმაც სწავლის პერიოდში გაიარეს სამხედრო მომზადება და ჩააბარეს გამოცდები. ამასთან, ამავე დებულების 56-ე პუნქტიდან გამომდინარე, ,,საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ" კანონის თანახმად რეზერვი იქმნებოდა უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სამხედრო კათედრებზე კურსგავლილი რეზერვის ოფიცრებისაგან. ამდენად, თ.ს-ის მიერ 1992-1995 წლებში გავლილი სამხედრო კათედრის სრული კურსი, რის საფუძველზეც მიენიჭა სამხედრო წოდება (უმცროსი ლეიტენანტი) და ჩაირიცხა რეზერვში, განხილულ უნდა იქნას, როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი, რომელიც ჩაითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში, რამეთუ იმ დროისათვის სამხედრო კათედრის გავლა გათანაბრებული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურთან.

საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს მოქალაქეთა კომპენსაციით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელის სამომავლო უფლება კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, უკავშირდება სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობას. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად დადგენილია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა კომპენსაციის გაანგარიშება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი 2023 წლის 21 სექტემბრის №3519 საკანონმდებლო ცვლილებით ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, კანონმდებელმა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო სასწავლებელში სწავლების პერიოდის ჩათვლა არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებად, არამედ მის ვალდებულებად აქცია, კერძოდ, მუხლის ახალი რედაქცია ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება“.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე