ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 28.03.2014
საქმის ნომერი
2კ-16-I-14
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.03.2014

გადაწყვეტილების ტექსტი

№161-14 28 მარტი, 2014 წელი

მ-ი ა 161-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ც-ს

მსჯავრდებულ _ ა. მ-ს

ადვოკატ – შ. მ-ს

თარჯიმან – მ. მ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განაჩენით ა. მ-ი ნასამართლობის არმქონე, - დაუსწრებლად იქნა გასამართლებული და ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 3500 ლარი. მსჯავრდებულ ა. მ-ს სასჯელის მოხდა განესაზღვრა განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ. ც-ა გადმოგზავნა ა. მ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულების – მ. დ-ა და თ. გ-ს ერთობლივი განცხადება მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 23–ე მუხლის მე–3 ნაწილით დადგენილი წესით ძებნილი მსჯავრდებულის - ა. მ-ს მიმართ ამნისტიის გამოყენების მიზნით, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ. ც-ა შუამდგომლობით მიმართა თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. მ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე და დაზარალებულების – ა. მ-ს, ც. ქ-ს, მ. დ-ა და თ. გ-ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ა. მ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან, ვინაიდან საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილია დაზარალებულების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლებშიც ისინი აცხადებენ თანხმობას, რომ მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. მ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ა. მ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან.

მსჯავრდებული ა. მ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე