დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-685(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ვ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ჭ-ემ 2019 წლის 09 სექტემბერს საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 დეკემბრის №4284161 და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 17 დეკემბრის №2051 ბრძანებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ჭ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებით ვ. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ვ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურმა არასწორად შეისწავლა საქმე, რადგან 2007 წლის შემდეგ არანაირი რეკონსტრუქცია არ განხორციელებულა უძრავ ქონებაზე. დღევანდელი მოცემულობით იგი სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. სადავო მშენებლობის მიმართ ვერ გავრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მითითებული საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-2 თავით გათვალისწინებული მოთხოვნები, რადგან სახეზე არ არის ახალი მშენებლობა, არც რეკონსტრუქცია, რემონტი, დემონტაჟი და დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია 17.04.2018 წლის უძრავი ქონების საექსპერტო დასკვნა N18/04-17/01, რომლითაც დგინდება, რომ ვ. ჭ-ეის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებზე ს/კ N... მშენებლობა დასრულებულია. შესაბამისად, იგი წარმოადგენს ლეგალიზაციის ობიექტს. ექსპერტიზის დასკვნაში ნათლადაა მითითებული, რომ მშენებლობა დასრულებულია, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებაც ადმინისტრაციული ორგანოს არ გააჩნია. კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა, რის გამოც დარღვეულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება. ასევე, დარღვეულია საქმის სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევის პრინციპი.
კასატორის განმარტებით, მის მიერ წარდგენილია ყველა დოკუმენტი, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანება. საქმეში წარმოდგენილია საექსპერტო დასკვნა N18/04-17/0, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მშენებლობა სადავო უძრავ ქონებაზე დასრულებულია. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "...ის" კრების ოქმი N17, რომლითაც დასტურდება ვ. ჭ-ეის მხრიდან ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის ფაქტი, ასევე საქმეში წარმოდგენილია სადავო უძრავი ქონების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ხელმოწერები, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2007 წლის პირველ იანვრამდე უძრავი ქონება ს/კ N... არსებობდა უცვლელი სახით და იგი არავის ხელს არ უშლის.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო ბრძანება არის სრულიად უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი, საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ არის გამოკვლეული სრულად და საქმეზე ისეა მიღებული გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდება მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების ს/კ ... ლეგალიზება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ვ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვ. ჭ-ეისათვის უნებართვოდ აშენებული, მის საკუთრებაში არსებული N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ლეგალიზებაზე უარის კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ..., მე-... რაიონი, კორპუსი N...; ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 45 კვ.მ. სათავსოს მესაკუთრეს წარმოადგენს ვ. ჭ-ე. 2017 წლის 27 დეკემბერს ვ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ში, ... .../რაიონში, კორპუსი N..., N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სათავსის ლეგალიზება. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის №3766673 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ვ. ჭ-ეის №AR1567640 განცხადება და უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ში, ... .../რაიონში, კორპუსი N..., უნებართვოდ აშენებული, მის საკუთრებაში არსებული, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ლეგალიზებაზე. 2018 წლის 26 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ვ. ჭ-ემ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის №3766673 ბრძანების ბათილად ცნობა და ამავე სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 07 ნოემბრის №563 ბრძანებით დაკმაყოფილდა ვ. ჭ-ეის 2018 წლის 26 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის №3766673 ბრძანება და მასვე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბრძანების თანახმად, არქიტექტურის სამსახურის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ, პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის გამცემმა ორგანომ სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ 2012 წლის 24 ივლისის შემდგომ სალეგალიზაციო ობიექტზე განხორციელებული სამუშაოები ხომ არ ატარებდა არა სალეგალიზაციო შენობის მშენებლობის დასრულების, არამედ ობიექტის ან მისი ნაწილის მოპირკეთების მიზანს. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კი არქიტექტურის სამსახურს დაევალა, ლეგალიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაადგინოს, სალეგალიზაციო ობიექტის მშენებლობის 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებისა და დასრულების ფაქტი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 07 ნოემბრის N563 ბრძანების აღსრულების მიზნით სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 11 დეკემბერს გამოცემულ იქნა №4284161 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა №AR1567640 (№AR1643918) განცხადება და ვ. ჭ-ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ში, ... .../რაიონში, კორპუსი №..., უნებართვოდ აშენებული, მის საკუთრებაში არსებული, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ლეგალიზებაზე იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზებოდ წარმოდგენილ ობიექტზე 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ განხორციელდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
2019 წლის 19 ივლისს ვ. ჭ-ეის წარმომადგენელმა №19/01192001435- 01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 დეკემბრის №4284161 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 17 დეკემბრის №2051 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ვ. ჭ-ეის წარმომადგენლის 2019 წლის 19 ივლისის №19/01192001435-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა, სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 დეკემბრის №4284161 ბრძანება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 ივნისის N003157 დადგენილებით კი ვ. ჭ-ე 8000 ლარით დაჯარიმდა ქ.თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი N...-ში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ. ჭ-ეის სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 ივნისის №003157 დადგენილებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 09 ოქტომბრის №1551 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაზე, რომელიც განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების (შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად: ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების (შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ; ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას. ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 კვ.მ-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების სამართლებრივი ბედი დამოკიდებულია იმ იმპერატიულ საკანონმდებლო ჩანაწერზე, რომელიც გულისხმობს უნებართვო ან/და პროექტის დარღვევით მშენებლობის დაწყებასა და მის დასრულებას 2007 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით, მშენებლობის ლეგალიზაცია განაპირობებს უკანონო ხასიათის მქონე ობიექტების ან მათი ნაწილების ექსპლუატაციაში მიღებას, რითაც ამგვარი მშენებლობა სამართლებრივ ჩარჩოებში ექცევა.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაზე, რომლის 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) 10 არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მშენებლობის სახეობას წარმოადგენს რეკონსტრუქცია, ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 50-ე პუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის №3766673 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ვ. ჭ-ეის №AR1567640 განცხადება და უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ში, ..., ..., კორპუს N...-ში, უნებართვოდ აშენებული, მის საკუთრებაში არსებული, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ლეგალიზებაზე იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზებოდ წარმოდგენილ ობიექტზე 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ განხორციელდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოსა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი აეროფოტოგადაღებებისა და სალეგალიზაციო ობიექტის 2012 და 2018 წლის ფოტოსურათებით დასტურდება ის გარემოება, რომ სალეგალიზებოდ წარდგენილი ობიექტზე 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ განხორციელდა სახურავის ცვლილება და არქიტექტურული პროექტის მიხედვით „ბ-ა“ ფასადზე მანამდე არსებული სამშენებლო ბლოკით აგებული კედელი შეიცვალა სხვაგვარი ბლოკით აგებული კედლით, ხოლო ამავე ფასადზე მოხდა, 2012 წლისათვის არსებული ღიობების გაუქმება. ასევე, სალეგალიზებოდ წარდგენილ შენობაზე მოეწყო რკინაბეტონის კარკასი (სარტყელი და სვეტები). რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ შპს ,,უ...ს“ 2018 წლის 17 აპრილის N18/04-17/01 უძრავი ქონების საექსპერტო დასკვნითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "...ის" N17 კრების ოქმით ირკვევა მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო შენობას ფლობს მოსარჩელე და ეს შენობა ვარგისია საცხოვრებლად, რაც განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო საკითხს არ წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, სადავო ობიექტის მშენებლობა არ იყო დასრულებული 2007 წლის 1 იანვრამდე და მასზე განხორციელდა მთელი რიგი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც გამორიცხავს მის ლეგალიზებას საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე მოსარჩელე სრულად თავისუფლდება მტკიცების ვალდებულებისა და მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისაგან.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ვ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება;
3. ნ. დ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ვ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარზე 01.07.2024წ. №1 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე