დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.03.2025
საქმის ნომერი
ბს-767(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-767(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ. დ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. დ-ემ 2020 წლის 07 დეკემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და მოითხოვა 2020 წლის 15 ივნისის №01-06/300 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 13 ნოემბრის №01-06/712 დადგენილების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. დ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივნისის №01-06/300 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 13 ნოემბრის №01-06/712 დადგენილება. აღნიშნული გადაწყვეტილება ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციამ იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რაზეც სააპელაციო სასამართლოში აპელირებდა.

კასატორი მიუთითებს, რომ ა(ა)იპ ,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის’ მიერ გამოცემული 2020 წლის 15 ივნისის N01-06/300 დადგენილება 2020 წლის 16 ივნისს ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საქართველოს კანონის 12-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაიკრა თვალსაჩინო ადგილას, რადგანაც არავინ იმყოფებოდა ობიექტზე. კერძოდ, დოკუმენტი გაიკრა ობიექტის გარე ფასადზე (რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით). გამომდინარე იქედან, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივნისის დადგენილებით გათვალისწინებული ჯარიმა - 1000 ლარი ბ. დ-ეს არ გადაუხდია კანონმდებლობით დადგენილ 30 - დღიან ვადაში, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ, 2020 წლის 29 სექტემბერს, ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შედგა შემოწმების აქტი N... და დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, ბ. დ-ეის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ბ. დ-ეს, საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’’ 125-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად ეცნობა უწყებით. (N01-05/3530. 02/10/2020წ). ს 2020 წლის 08 ოქტომბერს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე ბ. დ-ე გამოცხადდა და განმარტა, რომ 2020 წლის 25 ივნისს გაიგო დადგენილების შესახებ და ერთი თვის ვადაში გადაიხადა ჯარიმა, კერძოდ, 2020 წლის 23 ივლისს, თუმცა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით დადგენილი წესით 2020 წლის 15 ივნისის N01-06/300 დადგენილება 2020 წლის 16 ივნისს გაიკრა ობიექტზე, შესაბამისად, აღნიშნული დადგენილება ჩაითვალა ჩაბარებულად. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ ბ. დ-ეს დადგენილების ჩაბარებიდან (გაცნობიდან) 30 დღის ვადაში არ გადაუხდია დაკისრებული ჯარიმის თანხა 1 000 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 126-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იყო ბ. დ-ეის მიმართ გამოეცა დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ბ. დ-ეისათვის დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 13 ნოემბრის №01-06/712 დადგენილების კანონიერების შემოწმება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. დ-ეს ქ. ბათუმში, ...ის №...-ში საკუთრებაში გააჩნდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1869.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...). 2017 წლის 27 ოქტომბერს აღნიშნული უძრავი ქონება ბ. დ-ემ ჩუქების ხელშეკრულებით გაასხვისა და მისი მესაკუთრე ამ დროიდან გახდა გ. დ-ე. ...ის №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის გასხვისებამდე, ბ. დ-ეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისაგან მიღებული ჰქონდა საზოგადოებრივი კვების ობიექტის მშენებლობის ნებართვა და დაწყებული ჰქონდა მშენებლობა. 2019 წლის 28 ნოემბერს ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექციის მუშაკების მიერ გამოვლინდა, რომ ბ. დ-ე ქ. ბათუმში, ...ის №...-ში საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობას აწარმოებდა სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით. კერძოდ, გასული იყო სამშენებლო ნებართვის ვადა, ამასთან, გაზრდილი იყო შენობის გაბარიტები და შეცვლილი იყო კიბის კონფიგურაცია.

ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექციის მიერ იმავე დღეს, 28 ნოემბერს გამოიცა №201 მითითება, რომლითაც ბ. დ-ეს დაევალა სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება და ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. დარღვევის გამოსწორებისათვის მითითებით ბ. დ-ეს მიეცა 20 დღის ვადა. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 14 მაისს ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ ბ. დ-ემ 2019 წლის 28 ნოემბრის №201 მითითება სრულად არ შეასრულა, კერძოდ, მასზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2020 წლის 6 თებერვლის №164 ბრძანებით უკვე გაცემული იყო ახალი მშენებლობის ნებართვა, ხოლო მშენებლობის დამკვეთად განისაზღვრა მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრე - გ. დ-ე, ნაცვლად ბ. დ-ეისა, თუმცა სამშენებლო ობიექტი არ იყო მოყვანილი პროექტთან შესაბამისობაში.

ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაში 2020 წლის 20 მაისს ჩატარდა ბ. დ-ეის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ზეპირი მოსმენა, რომელსაც დაესწრო თავად მოსარჩელე და განმარტა, რომ მითითების გამოცემის შემდეგ მოხდა ახალი სანებართვო მოწმობის აღება და დოკუმენტაცია წარედგინა მუნიციპალიტეტის მერიას პროექტში ცვლილების შესატანად, საიდანაც ელოდებოდა პასუხს. დაინტერესებულმა პირმა ითხოვა პროექტის განხილვამდე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეჩერება.

ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივნისის №01-06/300 დადგენილებით საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბ. დ-ე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარით. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული 2020 წლის 15 ივნისის №01-06/300 დადგენილება, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, 2020 წლის 16 ივნისს გაიკრა მშენებარე ობიექტის გარე ფასადზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით. 2020 წლის 23 ივლისს ბ. დ-ემ 2020 წლის 15 ივნისის №01-06/300 დადგენილებაში მითითებულ ანგარიშზე გადარიცხა ჯარიმის თანხა, 1000 (ათასი) ლარი, რასაც ადასტურებს მოპასუხე მხარეც.

ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ 2020 წლის 15 ივნისის დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა - 1000 ლარი, ბ. დ-ეს არ გადაუხდია კანონმდებლობით დადგენილ 30 - დღიან ვადაში და ინსპექციის სამშენებლო და საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ, 2020 წლის 29 სექტემბერს, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგინა №... შემოწმების აქტი, რომლითაც დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, ბ. დ-ეის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. აღნიშნული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ბ. დ-ეს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-21 ნაწილის შესაბამისად, ეცნობა უწყებით (№01-05/3530). 02/10/2020წ). 2020 წლის 08 ოქტომბერს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე ბ. დ-ე გამოცხადდა და განმარტა, რომ ის დაჯარიმების შესახებ დადგენილებას 2020 წლის 25 ივნისს გაეცნო და კანონით განსაზღვრულ 30 - დღიან ვადაში, კერძოდ, 2020 წლის 23 ივლისს გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა.

ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ ბ. დ-ეს დადგენილების ჩაბარებიდან (გაცნობიდან) 30 დღის ვადაში არ გადაუხდია დაკისრებული ჯარიმის თანხა, კერძოდ, რამდენადაც 2020 წლის 15 ივნისის №01-06/300 დადგენილება, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 2020 წლის 16 ივნისს გაიკრა ობიექტზე, აღნიშნული დადგენილება ამ დროიდან ჩაითვალა ჩაბარებულად. შესაბამისად, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 126-ე მუხლის 1- ელ და მე-2 ნაწილებზე მითითებით, 2020 წლის 13 ნოემბერს გამოსცა №01-06/712 დადგენილება ბ. დ-ეზე 1 000 ლარის ოდენობით საურავის დარიცხვის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე- 19 პუნქტის თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე. ხოლო იმავე მუხლის მე-20 პუქნტის თანახმად, კი ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მშენებარე ობიექტზე დადგენილების გაკვრით დოკუმენტის მხარისათვის გადაცემის წესი გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადრესატისათვის მისი გაცნობა, პირადად ჩაბარებით ვერ ხერხდება.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2020 წლის 15 ივნისის №01-06/300 დადგენილების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის 25 ივნისს მეზობლად მცხოვრებმა ბ. კ-ემ აცნობა, რომ მშენებარე ობიექტზე გაიკრა გარკვეული სახის დოკუმენტი და იმავე დღეს, ანუ 25 ივნისს, ის გამოცხადდა სამშენებლო ობიექტზე, სადაც ნახა და შესაბამისად გაეცნო მუნიციპალური ინსპექციის დადგენილებას მისი დაჯარიმების თაობაზე. სადავო არ არის ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდში პანდემიის გამო მშენებლობა გაჩერებული იყო და ობიექტზე არავინ იმყოფებოდა. მოსარჩელეს დადგენილება სადავოდ არ გაუხდია და 2020 წლის 23 ივლისს დადგენილებაში მითითებულ ანგარიშზე გადარიცხა ჯარიმის თანხა - 1000 (ათასი) ლარი, რაც ასევე დადასტურებულია და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა წარმოადგენს არა მარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმს, არამედ მისი არსებობის წინაპირობას. როგორც საკანონმდებლო აქტი მისი ოფიციალური გამოქვეყნებით შედის ძალაში, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას მისი ადრესატისათვის ოფიციალური გაცნობით.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის Nბს-220-212 (2კ-13).

ამდენად, საქმეზე დადასტურებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ დადგენილების ობიექტზე გაკვრა უპირობოდ უნდა განხილულიყო როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობა (გადაცემა/ჩაბარება). ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ასევე მართებულად დაასკვნეს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაამტკიცა თავის მხრივ დადგენილების მხარისათვის გაგზავნისა და მისთვის ოფიციალურად გაცნობის წესის დაცვის ფაქტი, რისი მტკიცების ტვირთიც სწორედ მას ეკისრებოდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელეს ჯარიმა გადახდილი ჰქონდა აქტის გაცნობიდან 30 დღეში, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობაზე მსჯელობას, ხოლო ვალდებულების შესრულების პირობებში სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელისთვის საურავის დაკისრება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე