დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 28.12.2006
საქმის ნომერი
ას-306-711-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.12.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-306-711-06 2 ნოემბერი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრიამ

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კორპორაცია «...» და შპს «...» მეანაბრის დ.ყ-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 23 მარტის განჩინებაზე, საქმეზე, ა. ხ-ურისა და თ. კ-შვილის სარჩელის გამო მოპასუხე კოოპერატივ «...» დირექტორ ა. პ-შვილისა და შპს «...» მეანაბრეთა რწმუნებულ ნ. გ-ძის მიმართ ქონების გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კორპორაცია «...» და შპს «...» მეანაბრის დ.ყ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სსკ-ის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი. Mმხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ საკმაო დრო ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოსაცხადებლად და საქმისათვის მოსამზადებლად. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუმცა ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 19 ივნისის განჩინებით კორპორაცია «...» და შპს «...» მეანაბრეს დ.ყ-შვილს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის სახით ამ თანხის 1.5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. დ.ყ-შვილს საკასაციო პალატის განჩინების ასლი გაეგზავნა არაერთხელ, საქმეში მითითებულ მისამართზე - დედოფლისწყაროს რაიონი, სოფ. ..., თუმცა მხარეს იგი არ ჩაბარებია. საქმეში არსებული საფოსტო განყოფილების ცნობით, ირკვევა, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. მოცემულ შემთხვევაში დ. ყ-შვილს არ უცნობებია სასამართლოსთვის მისი საცხოვრებელი მისამართი.

სსკ-ის 76-ე მუხლის საფუძველზე ასეთ შემთხვევაში უწყება (მოცემულ შემთხვევაში კი განჩინება) ჩაბარებულად ითვლება, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო, ეცნობებინა სასამართლოსთვის მისამართის, კონკრეტულ შემთხვევაში მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის შეცვლის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. ყ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 70-ე, 76-ე, 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ყ-შვილის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 23 მარტის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.