შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-331-621-04 15 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 21 თებერვალს მ. ტ.-ის წარმომადგენელმა ვ.დ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე უსინათლოთა კავშირის შპს “ფ.-ის” მიმართ და მოითხოვა უსინათლოთა კავშირის სასწავლო-საწარმოო წამოწყების პოლიეთილენის საამქროში ზეინკალ-გამმართველად მუშაობისას მიღებული ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმის სასამართლო განხილვის დროს არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ უსინათლოთა კავშირის შპს “ი.-თ”.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული საასმართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ტ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე უსინათლოთა კავშირის შპს “ი.-ს” მ.ტ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 115 თვის მიუღებელი თანხა _ 1380 ლარი, თვეში 12 ლარის გაანგარიშებით. მოპასუხე უსინათლოთა კავშირის, შპს “ი.-ს” მ.ტ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით 12 ლარი 2003წ. 1 თებერვლიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ი.-ის” წარმომადგენელმა ვ. ს.-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით შეტანის გამო დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა უსინათლოთა კავშირის შპს “ი.-ის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ა.ნაზარიანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება უნდა ჩაბარებოდა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
2004წ. 4 მაისს მ. ტ.-ის წარმომადგენელმა ვ.დ.-ემ იშუამდგომლა პალატის წინაშე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, მ. ტ.-ის გარდაცვალების გამო, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 10 მაისის განჩინებით სსკ-ის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოება მოცემულ საქმეზე შეჩერდა აწ გარდაცვლილი მ. ტ.-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, თვლის, რომ მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგი გარემოების გამო:
დადგენილია, რომ მ. ტ.-ი გარდაიცვალა 2004წ. 1 მაისს, რასაც ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი, მ. ტ.-ის გარდაცვალების მოწმობა. სასამართლომ სსკ-ის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, შეაჩერა საქმის წარმოება. აღნიშნული ნორმით სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ხოლო ამავე კოდექსის 281-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე ან ქმედუუნარო პირისათვის წარმომადგენლის დანიშვნამდე.
კასატორის გარდაცვალებიდან გავიდა ათი თვე, თუმცა საკასაციო სასამართლოსათვის სსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, აწ გარდაცვლილი მ. ტ.-ის საპროცესო უფლებამონაცვლით შეცვლის შესახებ არავის მიუმართავს.
2005წ. 15 მარტს მხარეები, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორის ყოფილი წარმომადგენელი ვ.დ.-ე და მოწინააღმდეგე მხარე _ უსინათლოთა კავშირის შპს “ი.-ის” წარმომადგენელი მოწვეულ იქნენ სხდომაზე მ. ტ.-ის უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 2005წ. 15 მარტის სხდომაზე გამოცხადებულმა პირებმა _ ვ.დ.-ემ და უსინათლოთა კავშირის შპს “ი.-ის” წარმომადგენელმა ფ. ლ.-ემ დაადასტურეს, რომ მ. ტ.-ს უფლებამონაცვლე არ ჰყავს.
სსკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსკ-ის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
პალატა თვლის, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მ. ტ.-ს უფლებამონაცვლე არ ჰყავს, შესაძლებელია კანონის ანალოგიის წესით გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი, რაც კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე, 399-ე, 378-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
უსინათლოთა კავშირის შპს “ი.-ის” კერძო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდეს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.