გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 17.09.2003
საქმის ნომერი
ას-334-1003-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-334-1003-03 17 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ქ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს ა. გ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა დავალიანების გადახდა. თ. ქ.-მ მიუთითა, რომ 2001წ. 14 მაისს ა. გ.-სთან გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სამი თვის ვადით 8680 აშშ დოლარზე პროცენტის დარიცხვის გარეშე. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საცხოვრებელი ბინა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადახდის ბრძანებით ა. გ.-ს დაეკისრა 8680 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა თ. ქ.-ის სასარგებლოდ. გადახდის ბრძანება გაასაჩივრა ა. გ.-ემ და მოითხოვა საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თ. ქ.-მ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 14 აპრილის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული განჩინების ასლი მხარეს გაეგზავნა ფოსტით.

2003წ. 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ბაჟის გადაუხდელობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ქ.-მ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად და ითხოვს 2003წ. 13 მაისის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მას ხარვეზის შევსების შესახებ სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის განჩინება არ ჩაბარებია. რაც შეეხება განჩინების ასლის ჩაბარებაზე ხელმოწერას, თ. ქ.-ე მიუთითებს, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და იგი გაყალბებულია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 73-ე მუხლის თანახმად სასამართლო უწყება (სასამართლოს მიერ მიღებული საპროცესო დოკუმენტი) იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ქ.-ს განჩინების ასლი გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით. სასამართლოს საფოსტო განყოფილებიდან მხარისთვის სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების შესახებ შესაბამისი დოკუმენტი (მხარის ხელმოწერით) არ მიუღია. პალატა მიუთითებს, რომ განჩინების ჩაბარების თაობაზე საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ასლი, რომელზედაც თითქოსდა თ.ქ.-ის ხელმოწერაა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის დამადასტურებლად, რომ მხარეს განჩინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. სსკ-ს 73-ე მუხლი ადგენს უწყების, შესაბამისად, გზავნილის ჩაბარების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოსათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ ადრესატს ნამდვილად ჩაბარდა უწყება (გზავნილი), ამასთან, სასამართლოსთვის ისიც ცნობილი უნდა იყოს, თუ როდის ჩაბარდა იგი, რადგან ჩაბარების დროს კანონი გარკვეულ იურიდიულ შედეგებს უკავშირებს. კერძოდ, ხარვეზის გამოსწორების თაობაზე განჩინების მხარისათვის ჩაბარებიდან იწყება იმ საპროცესო ვადის დინება, რომელიც სასამართლოს მიერ იქნა დანიშნული. აქედან გამომდინარე, როგორც გზავნილით (ფოსტით), ისე დამტარებლის მეშვეობით გაგზავნილი საბუთების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, გარდა 73-ე მუხლით დადგენილი წესისა, შესაძლებელია მხარეს უშუალოდ სასამართლოში ჩაბარდეს საბუთები (უწყება), ასეთ შემთხვევაშიც დაცული უნდა იყოს ჩაბარების წესი, კერძოდ, სასამართლომ უნდა დააფიქსიროს: როდის და რომელი მტკიცებულებანი (საპროცესო დოკუმენტები) გადაეცა მხარეს; ვისი მეშვეობით და ვინ ჩაიბარა ისინი. პალატა მიუთითებს, რომ ასეთი საბუთის შედგენის სავალდებულობა გამომდინარეობს სსკ-ს 70-ე და 73-ე მუხლებიდან, რადგან როგორც მხარისათვის უნდა იყოს ცნობილი სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, ისე სასამართლო უნდა იყოს ინფორმირებული, რომ მხარემ გზავნილი (უწყება) ჩაიბარა.

განსახილველ შემთხვევაში თ. ქ.-ს (აპელანტის) სასამართლომ ფოსტით გაუგზავნა განჩინების ასლი, რომელიც მას არ ჩაბარდა (ჩაბარების თაობაზე ფოსტიდან პასუხი არ დაბრუნებულა). ასეთ შემთხვევაში სასამართლოს სსკ-ს 64-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაეგრძელებინა საპროცესო ვადა და აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა უნდა მიეცა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს არ უნდა გამოეტანა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რადგან არ არსებობდა სსკ-ს 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი წანამძღვრები.

პალატა არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თ. ქ.-ს 2003წ. 14 აპრილის განჩინება ხარვეზის თაობაზე ჩაბარდა და, რომ იგი დასტურდება საქმის მასალებით თ. ქ.-ის ხელმოწერით.

საქმის მასალებით აღნიშნული გვერდი სასამართლოს გზავნილის ასლია, რომელზეც გაურკვეველი ხელმოწერაა, რაც, ზემოთ უკვე აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გზავნილის ჩაბარებად. ამასთან, თ. ქ.-ე სადავოს ხდის ხელმოწერის ნამდვილობას და იგი რომ ნამდვილია (გზავნილი ნამდვილად რომ მას ჩაბარდა), ამის დამადასტურებელი საპროცესო დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება.

აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ქ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.