დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 24.09.2003
საქმის ნომერი
ას-356-1025-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-356-1025-03 24 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე

დავის საგანი: სესხის დაბრუნება; იპოვეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. კ-ს მოსარჩელეების ა. ძ-ასა და ზ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10170,6 აშშ დოლარის და სახელმწიფო ბაჟის 282,16 ლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა კ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცა ვადა. დედგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. 2003წ. 27 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. მ. კ-ს საპროცესო ვადა გაუგრძელდა და ხარვეზის შესავსებად მიეცა განჩინების ჩაბარებიდან ათი დღე.

2003წ. 12 ივნისს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადადება საქმის განხილვამდე. განცხადებას დაურთო გადახდისუუნარობის დამადასტურებელი საბუთები. სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა ბაჟის გადაუხდელობის გამო, რადგან მხარეს, მისი თხოვნის საფუძველზე, ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადა გაუგრძელდა, მაგრამ ამ ვადაში მან ხარვეზი არ გამოასწორა.

მ. კ-ი კერძო საჩივრით ითხოვს 2003წ. 16 ივნისის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის განხილვას. სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია, რადგან მიიჩნია, რომ იგი გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადაში არ არის შეტანილი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 417-ე მუხლით გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლო ამოწმებს კერძო საჩივრის დასაშვებობას (საჩივრის შეტანის ვადა, გადახდილია თუ არა სახელმწიფო ბაჟი, საჩივრის საფუძვლები, კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება) და დასაბუთებულობას. თუ სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას დაადგენს, რომ იგი დაუშვებელი და დაუსაბუთებელია, აღნიშნული მუხლის საფუძველზე გადაგზავნის ზემდგომ სასამართლოში.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ შეამოწმა დასაშვებობის საკითხები და კერძო საჩივარი ისე გადააგზავნა ზემდგომ სასამართლოში. ამასთან, ის გარემოება, რის საფუძველზეც დაუშვებლად მიიჩნია კერძო საჩივარი, არასწორია. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის გასულის შემდეგაა შეტანილი, რაც არასწორია. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2003წ. 17 ივნისს, ხოლო დამთავრდა 29 ივნისს (12 დღე), მაგრამ რადგან ბოლო დღე დასვენების დღეა (კვირა), სსკ-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. მ. კ-მა კერძო საჩივარი შეიტანა (ფოსტით გააგზავნა) 30 ივნისს.

ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრება კერძო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის თაობაზე უსაფუძვლოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მ. კ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის და დასაბუთებულების საკითხი ჯერ უნდა განიხილოს განჩინების გამომტანმა სასამართლომ და იმ შემთხვევაში, თუ დაუშვებლად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს მას, შემდეგ უნდა გადააგზავნოს ზემდგომ სასამართლოში.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 417-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. კ-ის კერძო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.