დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 24.10.2006
საქმის ნომერი
ას-362-760-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.10.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-362-760-06 24 ოქტომბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

მოსამართლე მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ნ-შვილმა 2005წ. იანვარში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ს. ა-იანის მიმართ და მოითხოვა მისი, მისი ოჯახისა და ბინაში მცხოვრები სხვა პირების გამოსახლება ქ. თბილისში, ..., ბინა ¹26-ში მდებარე ბინიდან. მოსარჩელის მითითებით, მან თბილისის სააღსრულებო ბიუროში 2004წ. 20 ოქტომბერს გამართულ აუქციონზე შეიძინა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ..., საცხოვრებელი ბინა ¹26-ში მდებარე. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2004წ. 20 ოქტომბერს გაიცა განკარგულება ¹01/36-273, რის საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა როგორც მესაკუთრე, აღნიშნულს ადასტურებს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ა-იანს და მასთან მცხოვრებ პირებს დღემდე უკავიათ მის საკუთრებაში არსებული ბინა და მესაკუთრეს არ აძლევენ ამ ბინაში შესახლების უფლებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2005წ. 10 ივნისს მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე კ. ნ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო; მოპასუხე ს. ა-იანი გამოსახლდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ..., ბინა ¹26-დან თანმხლებ პირებთან ერთად და ბინა თავისუფალი სახით გადაეცა მოსარჩელეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 10 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ს. ა-იანის წარმომადგენელმა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ვერ გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2005წ. 10 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, რადგან გაუგრძელდა სისხლის სამართლის პროცესი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. ყოველივე აღიშნული მისმა მარწმუნებელმა აცნობა სასამართლოს 2005წ. 10 ივნისის განცხადებით და მოითხოვა სხდომის სხვა დროისათვის გადადება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ მიიჩნია მისი სასამართლოში გამოუცხადებლობა საპატიოდ და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2006წ. 13 მარტს ხელმეორედ დანიშნულ პროცესზე კვლავ არ გამოცხადდა მოპასუხე ს.ა-იანი და მისი წარმომადგენლები ზ.გ-ძე და თ.ბ-ავა. მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება; კ. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ს. ა-იანი გამოსახლდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისი, ..., ბინა ¹26-დან თანმხლებ პირებთან ერთად და ბინა თავისუფალი სახით გადაეცა მოსარჩელეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსსამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006წ. 13 მარტის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ს. ა-იანის წარმომადგენელმა ზ. გ-ძემ, რომლითაც მოითხოვა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 25 მაისის განჩინებით ს. ა-იანის წარმომადგენლის ზ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ იყო შეტანილი სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 25 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ა-იანის წარმომადგენელმა ზ. გ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ს. ა-იანი სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით. მის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ არ ჩაბარებია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შესახებ წარმომადგენლისათვის ცნობილი გახდა 2006წ. 1 მაისს და გაასაჩივრა 10 მაისს, შესაბამისად, მის მიერ დაცულია გასაჩივრების 14-დღიანი ვადა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 19 ივნისის განჩინებით ს. ა-იანის წარმომადგენლის ზ. გ-ძის კერძო საჩივარი გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კერძო საჩივრის შეტანისას არ იყო დაცული კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ა-იანს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება პირადად გადაეცა 2006წ. 31 მაისს, აღნიშნულ განჩინებაზე მისი წარმომადგენლის მიერ კერძო საჩივარი წარმოდგენილი იქნა 2006წ. 15 ივნისს, გასაჩივრების ვადის დარღვევით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. ა-იანის წარმომადგენლის ზ. გ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან კიდევ, ამ განჩინების მხარისათვის გადაგზავნით სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 25 მაისის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა ს. ა-იანის წარმომადგენლის ზ.გ-ძის სააპელაციო საჩივარი, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ს. ა-იანს და მის წარმომადგენელს ბ. გ-ძეს, რომელიც 2006წ. 31 მაისს პირადად ჩაბარდა ს. ა-იანს, ხოლო ზ. გ-ძეს კი ჩაბარდა 2006წ. 1 ივნისს; აღნიშნულიდან გამომდინარე, ს. ა-იანის წარმომადგენელს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 12 ივნისის ჩათვლით, კერძო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2006წ. 15 ივნისს, ანუ კერძო საჩივის შეტანის 12 დღიანი ვადის დარღვევით. სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12 დღიანი ვადა და ს. ა-იანის წარმომადგენელი ზ. გ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოლეგიის 284-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ა-იანის წარმომადგენელი ზ. გ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 25 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.