დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-373-1051-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების შეგებებული სარჩელი და სს “გ.” დაევალა 2000წ. 29 ნოემბრის ¹9 კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, ფოსფოროვანი სასუქის სამმაგი სუპერფოსფატის მიუწოდებელი ნაწილის, 1200 ტონის, მიწოდება. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2002წ. 14 მარტს, მაგრამ იგი არ აღსრულებულა.
2002წ. 5 მაისს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა სს “გ.” გენერალურმა დირექტორმა და სსკ-ს 263-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა. გადაწყვეტილებით დადგენილი ფოსფოროვანი სასუქის სამმაგი სუპერფოსფატის მიუწოდებელი ნაწილის, 1200 ტონის, მიწოდების ნაცვლად, სასამართლოს დაედგინა გადაწყვეტილების აღსრულება 864 ტონა სასუქის ღირებულების გადახდით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივლისის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულება ქონების ნატურით ანაზღაურების შესახებ შეიცვალა ფულადი ანაზღაურებით და მოვალე სს “გ.” დაეკისრა 864 ტონა სამმაგი სუპერფოსფატის ნაცვლად მისი ღირებულების, 75168 ლარის, გადახდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების სასარგებლოდ.
განჩინება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების გარიგებით წარმომადგენელს ჩაბარდა 2002წ. 26 ივლისს მან კერძო საჩივარი შეიტანა იმავე წლის 17 სექტემბერს. პირველი ინსტანციის სასამართლომ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა დაუშვებლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 26 სექტემბრის განჩინებით გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. იმავე დღეს საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა თვითონ მხარის კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელშიც მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინება მას არ ჩაბარებია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნულის გამო საჩივრის შეტანის უფლება მას გაქარწყლებული არა აქვს და მისი გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მოხდეს იმ დროიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ამ განჩინების არსებობის შესახებ, კერძოდ, 2002წ. 24 სექტემბრიდან. სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დასაშვებლად იქნა მიჩნეული და დაინიშნა საქმეზე ზეპირი მოსმენა. იმავე წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი საფუძვლიანად მიიჩნია, გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და სს “გ.” განცხადება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლის შესახებ, არ დააკმაყოფილა.
პალატის 2002წ. 26 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “გ.” გარიგებითმა წარმომადგენელმა თ. კ-ემ. პალატის განჩინებით კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საკასაციო პალატის განჩინებით კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
2003წ. 20 მარტს სს “გ.” გენერალურმა დირექტორმა ზ. თ-მა განცხადებით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრისა და 26 ნოემბრის განჩინებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ იგი როგორც მხარე, არ იყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. ეს გარემოება კი მხარისათვის ცნობილი გახდა 2003წ. მარტის დასაწყისში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 მაისის განჩინებით ზ. თ-ის განცხადება, 2002წ. 20 და 26 ნოემბრის განჩინებების ბათილად ცნობის შესახებ, დატოვებული იქნა განუხილველად. პალატამ მიუთითა, რომ სს “გ.” მიერ გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლის შესახებ განცხადებაზე და განცხადებასთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებაზე არ ვრცელდება საქმის წარმოების განახლება და მისი განხილვის წესის თაობაზე დადგენილი საპროცესო ნორმები, ვინაიდან სსკ-ს 421-ე მუხლის თანახმად, ბათილობის საკითხი შეიძლება დაისვას იმ განჩინებებისა და გადაწყვეტილებების მიმართ, რომლითაც საქმის წარმოება განახლდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “გ.”.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სს “გ.” გენერალურმა დირექტორმა ზ. თ-მა მოითხოვა საოლქო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული 2002წ. 20 ნოემბრისა და 26 ნოემბრის განჩინებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 მაისის განჩინებით კერძო საჩივართან დაკავშირებით მიღებულ განჩინებაზე შეტანილი განცხადება დარჩა განუხილველი.
2003წ. 1 მაისის განჩინება, ისევე, როგორც 2002წ. 20 ნოემბრისა და 26 ნოემბრის განჩინებები არის ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული განჩინებები, რაც სსკ-ს 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არ გასაჩივრდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “გ.” გენერალური დირექტორის, ზ. თ-ის, კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.