დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-396-1076-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ბ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შპს “ა.” მიმართ. სარჩელის საფუძვლად მ. ბ-ემ მიუთითა შემდეგი: 1967 წელს ქუთაისის მე-2 ავტოსატრანსპორტო კანტორის მძღოლმა ს. ზ-ემ მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანება და გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი – ქუთაისის სასამართლოს 1969წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ქუთაისის ¹.... ავტოსატრანსპორტო საწარმოს მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა 125.85 მანეთი, რასაც იგი ღებულობდა 1993წ. ივლისამდე. ქუთაისის მერიის 1995წ. 16 თებერვლის განკარგულებით გაუქმდა ქუთაისის ¹... სატრანსპორტო საწარმო. მისი და სანიტარული დასუფთავების სპეცავტომეურნეობის ბაზაზე შეიქმნა ქუთაისის სანიტარული დასუფთავების მეურნეობა, რომლის უფლებამონაცვლეა შპს “ა.”. 1999წ. დეკემბერში მ. ბ-ეს შპს “ა.” უარი უთხრა სარჩოს გადახდაზე იმ მოტივით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს მიერ 1998წ. 24 დეკემბერს ჩატარებული კონკურსის პირობები არ ითვალისწინებდა ვალდებულებებს გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ პიროვნების დასახიჩრების გამო ზიანის ანაზღაურებაზე. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ პრივატიზაციის შესახებ კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე თვლის, რომ შპს “ა.” პრივატიზებული ქონების სამართალმემკვიდრეა და ეკისრება მოვალეობა აუნაზღაუროს მ. ბ-ეს მიყენებული ზიანი. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 და მე-14 პუნქტების საფუძველზე 1993წ. ივლისიდან 2000წ. ნოემბრის ჩათვლით 6333 ლარი (88 თვის, 72 ლარის ოდენობით ყოველთვიურად), ამასთან მომვლელის ხარჯი ¹48 ბრძანებულების მიხედვით ყოველთვიურად 20 ლარი 1993 წლიდან. საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის ერთდროულად 1993 წლიდან 3845 ლარის და 2001წ. ნოემბრიდან ყოველთვიურად 47 ლარის დაკისრება, ასევე მომვლელის ხარჯი 20 ლარის ანაზღაურება 1993 წლიდან. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბუხაიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა მ. ბ-ის სარჩელი, შპს “ა.” დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 1995 წლიდან ერთდროულად 3525 ლარის, ხოლო 2000წ. ნოემბრიდან მდგომარეობის შეცვლამდე მიუღებელი ხელფასის სახით – 47 ლარის და მომვლელის თანხის 20 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს “ა.” დირექტორმა, მ. ა-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება ქუთაისის საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 დეკემბრის განჩინებით შპს “ა.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2003წ. 17 მარტს მ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება, კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ჩამატებულიყო სიტყვა “ყოველთვიურად”, რაც დაკისრებული თანხის ყოველთვიურად გადახდევინებას იგულისხმევდა და რაც ასევე გამომდინარეობს საქმის მასალებითა და თვით საოლქო სასამართლოს განჩინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2003წ. 19 მარტის განჩინებით გასწორდა 2001წ. 29 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ა.” და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, იმ მოტივით, რომ მხარე ანუ შპს “ა.” არ იყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე ე.ი. არ ჩატარებულა საქმის ზეპირი მოსმენა და განჩინება მიღებული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, როცა სსკ-ს 260-ე მუხლით სასამართლოს შეეძლო ჩაეტარებინა ზეპირი მოსმენაც.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმის მასალები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
აღნიშნული ნორმით მინიჭებული უფლება სააპელაციო სასამართლომ, სავსებით მართებულად გამოიყენა და 2001წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში, მხარის მოთხოვნით, შეიტანა შესწორება, სადაც სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ მოპასუხე ორგანიზაციას დაზარალებულისათვის დაკისრებული პენსია უნდა გადაეხადა ყოველთვიურად. ამ შესწორების საფუძვლად სასამართლომ მიიჩნია ის გარემოებები, რომ მოსარჩელე სარჩელშიც და სააპელაციო საჩივარშიც მოითხოვდა პენსიის ყოველთვიურ გადახდას; სასამართლოს მსვლელობის დროს სადავო არ გამხდარა ის საკითხი, რომ მოპასუხეს პენსია ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მდგომარეობის შეცვლამდე და ასევე თვით საქმისა და 2001წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილების შინაარსიც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ შპს “ა.” ერთდროულად გადასახდელი თანხის გარდა მ. ბ-ის სასარგებლოდ დაკისრებული პენსია უნდა გადაეხადა ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე ე.ი. მოსარჩელის გარდაცვალებამდე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ დაარღვია კანონის მოთხოვნა და გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, მათ ანუ მოპასუხეთა დაუსწრებლად, იმ გარემოების გამო, რომ სსკ-ს 260-ე მუხლის მეორე წინადადება შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს სასამართლო სხდომაზე, თუ სასამართლო ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს ანუ ამ მუხლში არ არის იმპერატიული მოთხოვნა იმისა, რომ სასამართლომ მოიწვიოს სხდომა, სასამართლოს უფლება აქვს თვითონ გადაწყვიტოს სხდომის მოწვევის საკითხი თუ აღნიშნულს საჭიროდ მიიჩნევს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია და შესაბამისად არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ა.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.