დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 25.03.2025
საქმის ნომერი
ბს-1229(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1229(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ჯ. ლ-ა, მ. მ-ი, არასრულწლოვანები - ე. ლ-ა, ლ. ლ-ა, ლი. ლ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 28 თებერვალს ჯ. ლ-ამ, მ. მ-იმა, ე. ლ-ამ, ლ. ლ-ამ და ლი. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს:

1.1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 17 ნოემბრის NIDP 2 22 00548503 (მოსარჩელის- ჯ. ლ-ას ოჯახის მიერ შევსებული განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

1.2. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 26 დეკემბრის IDP 7 22 00697260 (დევნილი ოჯახის 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ ოჯახად მითითებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

1.3. მოსარჩელე ჯ. ლ-ას ოჯახის 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად ცნობა;

1.4. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ჯ. ლ-ას ოჯახის ქ. თბილისში გრძელვადიანი განსახლების საკითხის განხილვის დავალება და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. ლ-ას, მ. მ-ის, ე. ლ-ას, ლ. ლ-ას და ლი. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 17 ნოემბრის NIDP 2 22 00548503 და 2022 წლის 26 დეკემბრის IDP 7 22 00697260 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები; მოპასუხეს დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში ჯ. ლ-ას ოჯახის 2013 წლის 01 ივნისამდე რეგისტრირებულ ოჯახად მითითება, ასევე, ჯ. ლ-ას ოჯახის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა მოსარჩელის ოჯახის 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში ცხოვრების ფაქტი. სასამართლომ აღნიშნული თვალსაზრისით ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ივლისის №04/40414 წერილზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 დეკემბრისა და 2010 წლის 20 მაისის განაჩენებზე, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 24 ივლისის საინფორმაციო ბარათზე და ასევე მოწმეთა ჩვენებებზე. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის ოჯახის თბილისში ცხოვრების ფაქტი 2013 წლის 1 ივნისამდე.

სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ჯ. ლ-ას ოჯახი (მშობლები და და-ძმები, გარდა ჯ. ლ-ასი) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ იქნა ქალაქ თბილისში, 2003 წელს, ამასთან, ოჯახის თბილისში გადმოსვლის დროს, ჯ. ლ-ა იყო არასრულწლოვანი და ზუგდიდში მარტო ვერ იცხოვრებდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა 2013 წლის 1 ივნისამდე სახელმწიფოს მიერ ფორმალურად დაურეგისტრირებლობა, იმ პირობებში, როცა ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობდა აღნიშნულ თარიღამდე ქ. თბილისში, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მათი ქ. თბილისში საცხოვრებლის მიღების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი, რადგან, სასამართლოს განმარტებით, დევნილი ოჯახის რეგისტრაციის ადგილის დადგენის მიზანს, სწორედ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართების გადაცემა მხოლოდ იმ დევნილებისთვის ხორციელდება, რომელთა საცხოვრებელი ადგილი სამინისტროში/სააგენტოში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდეა რეგისტრირებული (დამისამართებული). დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის თანახმად კი, ჯ. ლ-ა, 2016 წლის 2 დეკემბრამდე, რეგისტრირებული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხოლო ქ. თბილისში დარეგისტრირდა 2016 წლის 2 დეკემბერს. ამდენად, ვინაიდან, მოსარჩელე ქ. თბილისში რეგისტრირებულია 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს არ აქვს კანონიერი საფუძველი, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, განიხილოს მოსარჩელის ქ. თბილისში გრძელვადიანი განსახლების საკითხი, იმ დევნილ ოჯახებთან ერთად, რომლებიც ქ. თბილისში რეგისტრირებულნი არიან 2013 წლის 1 ივნისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ჯ. ლ-ა და მისი შვილები: ე. ლ-ა, ლ. ლ-ა, ლი. ლ-ა არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, მათზე გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები.

2019 წლის 16 ივლისს ჯ. ლ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე №100617 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თბილისში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ჯ. ლ-ამ განაცხადი წარადგინა მეუღლესთან - მ. მ-ითან და შვილებთან - ე. ლ-ასთან, ლ. ლ-ასა და ლი. ლ-ასთან ერთად.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის №04/47447 გადაწყვეტილებით ჯ. ლ-ას უარი ეთქვა მისი ოჯახის ქალაქ თბილისში საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ ქალაქ თბილისში რეგისტრირებული იყო 2013 წლის პირველი ივნისის შემდეგ. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 თებერვლის №03/2764 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ. ლ-ას 2019 წლის 13 სექტემბრის №126760 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის №04/47447 გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ჯ. ლ-ამ სასამართლო წესით გაასაჩივრა.

2021 წლის 28 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/1895-20 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ჯ. ლ-ას, მ. მ-ის, ე. ლ-ას, ლ. ლ-ას და ლი. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 თებერვლის №03/2764 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის №3/1895-20 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა იმსჯელა ჯ. ლ-ას ოჯახის 2013 წლის 1 ივნისამდე ქალაქ თბილისში რეგისტრაციის ფაქტის აღიარების საკითხზე და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 26 დეკემბრის NIDP 7 22 00697260 გადაწყვეტილებით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილების განხორციელება და ჯ. ლ-ას 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ პირად მითითება. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ კანონით განსაზღვრული შეზღუდვის შესაბამისად, ქალაქ თბილისში ვერ განსახლდება ოჯახი, რომელიც 2013 წლის 1 ივნისამდე არ არის რეგისტრირებული ქალაქ თბილისში, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ჯ. ლ-ას ქალაქ თბილისში რეგისტრაცია მოხდა 2016 წელს.

საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 17.11.2022 წ. NIDP 22 00548503 გადაწყვეტილება, საიდანაც ირკვევა, რომ სააგენტოში, განხილულ იქნა ჯ. ლ-ას 15.11.2022 წ. N540988 განცხადება და წარდგენილი განაცხადი შეფასდა 6.5 ქულით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის ოჯახის წევრები (სამი წევრი) - 2 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 3 ქულა. სადავო აქტში მითითებულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანების მე-6 მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში, ხოლო დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის თანახმად, ჯ. ლ-ა რეგისტრირებული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქ. თბილისში კი დარეგისტრირდა 2016 წლის 2 დეკემბერს. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის ოჯახის ქ. თბილისში გრძელვადიანი განსახლების საკითხის განხილვის საფუძველი, იმ დევნილ ოჯახებთან ერთად, რომლებიც ქ. თბილისში რეგისტრირებულნი არიან 2013 წლის 1 ივნისამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. ლ-ას ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი დარჩა განუხილველი და შეფასდა 0 ქულით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე (მუხლი 13. ოჯახის ერთიანობის პატივისცემისა და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებები), რომლის თანახმად, 1. ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. 2. იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. 3. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. 4. თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, მითითებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯ. ლ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. მოსარჩელის ოჯახისთვის ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით ჯ. ლ-ა ქ. თბილისში დარეგისტრირდა მხოლოდ 2016 წლის 2 დეკემბერს, ხოლო იქამდე დამისამართებული იყო ქ. ზუგდიდში. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, ვინაიდან, ოჯახი ქ. თბილისში 2013 წლის პირველ ივნისის შემდეგ დარეგისტრირდა, სააგენტოს არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი, განეხილა მოსარჩელის ოჯახის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის №ბს-479-459(კ-10) განჩინება).

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, სახეზეა საკითხისადმი მკაცრად ფორმალური მიდგომა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია საკითხისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, 2021 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/1895-20 გადაწყვეტილებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზეც არსებითად იდენტური დასაბუთებით უთხრა მოსარჩელეებს უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ პირობებში, როცა მოსარჩელეებმა არაერთი მტკიცებულება წარმოადგინეს 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ივლისის №04/40414 წერილზე რომლის თანახმად, 2006 წლის 12 ივნისიდან ჯ. ლ-ას ოჯახი (რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ჯ. ლ-ა), რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ...ს გამზირი №... (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლით - ლა. ლ-ა (ჯ. ლ-ას დედა)).

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჯ. ლ-ას ოჯახის თბილისში ცხოვრების ფაქტი არ წარმოადგენს სადავო გარემოებას. ჯ. ლ-ას დედას - ლა. ბ-ას (ლ-ას) ოჯახთან ერთად (ჯ. ლ-ას გამოკლებით), გადაეცა ქ. თბილისში, მდებარე საცხოვრებელი ფართი. ამასთან, 2003 წელს, ოჯახის თბილისში გადმოსვლის დროს, ჯ. ლ-ა იყო არასრულწლოვანი და ზუგდიდში მარტო ვერ იცხოვრებდა. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 დეკემბრისა და 2010 წლის 20 მაისის განაჩენებში ჯ. ლ-ას მისამართად დაფიქსირებულია ქ. თბილისი, ...ს №.... აღნიშნულ მისამართზე ჯ. ლ-ას 2003 წლიდან ცხოვრების ფაქტს, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, ასევე ადასტურებენ გ. ბ-ი, გი. ბ-ი და მ. ხ-ი. მათი განმარტებით, ჯ. ლ-ა 2003 წლიდან 2013 წლის აგვისტომდე ნამდვილად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს გამზირი №..., ბინა №101.

საქმეში ასევე წარმოდგენილია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 24 ივლისის საინფორმაციო ბარათი, სადაც მითითებულია, რომ 2006 წლის 3 იანვარს ჯ. ლ-ას რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენდა გალი, სოფელი .... 2010 წლის 15 ივნისიდან 2013 წლის 2 აგვისტომდე იგი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, მისამართის გარეშე, ხოლო 2013 წლის 2 აგვისტოდან 2016 წლის 21 სექტემბრამდე - მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №....

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ უტყუარად დასტურდება ჯ. ლ-ას ოჯახის ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე ცხოვრების ფაქტს. ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია მოსარჩელეთა ოჯახის შეფასების, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის დადგენილი კრიტერიუმების განსაზღვრისა და მონიტორინგის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება, დასახელებული გარემოებები კი ერთობლიობაში, ქმნიდა ჯ. ლ-ას თბილისში რეგისტრირებულ პირად მიჩნევის, შესაბამისად, გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის №ბს-199(კ-20) განჩინება).

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

გ. მაკარიძე