დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #ბს-106(კ-25) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ. მ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 27 ივნისს თ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის დევნილი აფხაზეთიდან. თ. მ-ა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც იძულებით მოუწია მუდმივი საცხოვრებლის დატოვება დროებით გადმოვიდა თბილისში ოჯახთან ერთად, სადავ შეიცვალა რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ხოლო 2004 წელს შეიძინა ბინა ქ. თბილისში, ...ში და მას შემდეგ ცხოვრობს იქ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მისულს ზეპირსიტყვიერად განუმარტეს, რომ მას 2006 წელს ჰქონდა ფულადი კომპენსაცია მიღებული აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მდებარე სანატორიუმში არსებული საცხოვრებელი ოთახის სანაცვლოდ, შესაბამისად დევნილთა ბაზაში ის იყო მონიშნული, როგორც კომპენსირებული პირი. თ. მ-ა აღნიშნავს, რომ 2023 წლის 24 მარტს მან მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და განუმარტა, რომ მას არასდროს უცხოვრია აჭარაში, შესაბამისად არ ჰქონდა არანაირი საცხოვრებელი სანატორიუმ ჰორიზონტში, ამიტომ შეუძლებელია მას, როგორც ...ს მაცხოვრებელს მიეღო ფულადი კომპენსაცია.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 მარტის #IDP 6 23 00320472 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის #IDP 9 23 00652224 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის, სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში, მოსარჩელე თ. მ-ას კომპენსირებულ პირად მონიშვნის გაუქმების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, თ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 მარტის #IDP 6 23 00320472 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის #IDP 9 23 00652224 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში მოსარჩელე თ. მ-ას კომპენსირებულ პირად მონიშვნის გაუქმება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წელის 22 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. მ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი-დევნილი, რაც დასტურდება იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის #A164249 მოწმობით, სადაც დევნილის სარეგისტრაციო ნომრად მითითებულია #005-07762, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია ქ. თბილისი, ..., ...ს მე-..., კორპუსი #..., ბინა #...; 2019 წლის 19 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, გლდანში, ...ს მე-...-ში, #... კორპუსში მდებარე ბინა #... – ის (ს/კ ...) მესაკუთრეა თ. მ-ა. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად კი მითითებულია 2004 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება. 2003 წლის 14 თებერვლის იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტის თანახმად, თ. ა.-ს ძე ო-ა, თ. ტ.-ს ასული მ-ა, მ. თ.-ს ასული ო-ა და მა. თ.-ს ასული ო-ა რეგისტრირებულნი იყვნენ ერთ ოჯახად (#6439), ამავე დოკუმენტში საცხოვრებელი რაიონის გრაფაში მითითებულია - ნაძალადევი. 2006 წლის 21 ნოემბრით დათარიღებული იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტის თანახმად ერთ ოჯახად (#005-07762) რეგისტრირებულნი იყვნენ თ. ა.-ს ძე ო-ა, თ. ტ.-ს ასული მ-ა, მათ საცხოვრებელი რაიონს კი ... წარმოადგენდა. 2007 წლის 10 აგვისტოს იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილი ანკეტის თანახმად, დევნილის - თ. ტ.-ს ასული მ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ..., ...ს მე-..., კორპუსი #..., ბინა #...; 2013 წლის 27 ნოემბრის იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილი ანკეტის თანახმად, თ. ტ.-ს ასული მ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ..., ...ს მე-..., კორპუსი #..., ბინა #...;
სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2023 წლის 16 მარტს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებით მიმართა თ. მ-ას წარმომადგენელმა ლ. ა-ამ და მოითხოვა თ. მ-ას, როგორც კომპენსირებული პირის მონიშვნის გაუქმება, ვინაიდან, თ. მ-ას არასდროს უცხოვრია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, ის არასდროს ყოფილა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დამისამართებული. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 მარტის #IDP 6 23 00320472 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით თ. მ-ას წარმომადგენელს ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით თ. მ-ა ითვლებოდა საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირად, რაც დასტურდებოდა დევნილის საკომპენსაციო თანხის თ. მ-აზე გაცემით. 2023 წლის 29 მარტს, თ. მ-ას წარმომადგენელმა ლ. ა-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 მარტის #IDP 6 23 00320472 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მონაცემთა ბაზაში ცვლილების განხორციელება - თ. მ-ას საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილი პირის მონიშვნის გაუქმებასთან დაკავშირებით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის #IDP 9 23 00652224 გადაწყვეტილებით თ. მ-ას 30.03.2023 წლის #IDP 3 23 00338074 ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ა. ლ-ასთან მიმართებით დადგენილ ფაქტებს; კერძოდ, განსახილველ საქმეში დაცულია 2004 წლის 21 აპრილის იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტა, რომლის თანახმად ერთ ოჯახად(#0385) რეგისტრირებული იყვნენ ა. ი.-ს ასული ლ-ა, ლ. ი.-ს ასული ო-ა, მ. ს.-ს ასული ნ-ა (ქორწინების შემდგომი გვარი-ო-ა), ხოლო საცხოვრებელი რაიონის გრაფაში მითითებულია-ქობულეთი. 2006 წლის 23 იანვრის გულრიფშის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის ცნობის თანახმად, ა. ი.-ს ასული ლ-ა იყო იძულებით გადაადგილებული პირი - მარტოხელა, პენსიონერი, რომელიც დროებით ცხოვრობდა ქობულეთში; 2006 წლის 9 მაისის პროფკავშირთა კურორტების საზოგადოება „პ...ს“ დირექტორის ა. ი-ის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ა. ი.-ს ასული ლ-ა ნამდვილად ცხოვრობდა ქობულეთის პ...ში‘’ 2006 წლის 5 მაისამდე (ამოწერამდე); საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობით დგინდება, რომ ა. ლ-ა რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მისი ოჯახი შედგებოდა 1 წევრისგან, მისამართად კი დაფიქსირებული იყო ქობულეთი, ...ს #..., ბინა #...; იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტის თანახმად, რომელიც დათარიღებულია 2006 წლის 27 ოქტომბრით, დასტურდება, რომ ერთ ოჯახად (#4598) რეგისტრირებული იყო ა. ი.-ს ასული ლ-ა, ხოლო საცხოვრებელი რაიონის გრაფაში მითითებული იყო ნაძალადევი.
სასამართლომ მიუთითა 2006 წლის 11 ოქტომბერის ა. ლ-ას განცხადებაზე, რომლითაც მან მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და მოითხოვა იმჟამად დროებით ქობულეთის სასტუმრო ...დან ქ. თბილისში, ...ს მე-...-ში №... კორპუსის ბინა #...-ში გადამისამართება; ა. ი.-ს ასული ლ-ა (დაბ.: .... წელს) იყო იძულებით გადაადგილებული პირი და მის სახელზე გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი მოწმობა (მოწმობის გაცემის თარიღი 10.09.07 წელი). დევნილის პირად ნომრად მითითებულია – ..., ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად-ნაძალადევი, ....ის ქ. #...; 2023 წლის 16 ივნისის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს #01/492 წერილის თანახმად დგინდება, რომ ა. ი.-ს ასული ლ-ა (დაბ.: .... წელს ...ში) არის თ. ა.-ს ძე ო-ას მამის დეიდა;
სააპელაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღბას მიაპყრობს საქმის მასალებში დაცულ 2006 წლის 14 მარტის #1-1510 მინდობილობაზე, რომლის თანახმად, დასტურდება, რომ ა. ლ-ამ, შემდგომში წოდებული როგორც „მიმნდობი“, უფლებამოსილება გადასცა თ. მ-ას, შემდგომში წოდებული როგორც „მინდობილი პირი“, რათა მისი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის სახელით, მოაწეროს ხელი დროებით მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების თაობაზე წერილობით შეთანხმებას და მიიღოს საკომპენსაციო თანხა, წარმოადგინოს მიმნდობი საბანკო დაწესებულებაში, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან. აღნიშნული მინდობილობა გაცემულ იქნა სამი თვის ვადით. ამასთან, „ბ...ს“ ბათუმის ფილიალის მიერ გაცემული დევნილების საკომპენსაციო ძირითადი თანხების, ... (რეესტრის #1-ის) თანახმად თ. მ-ას 2006 წლის 22 მარტს ჩაერიცხა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული კომპაქტური განსახლების ობიექტების პრივატიზაციის დროს გამოყოფილი ფინანსური კომპენსაცია 12 792, 50 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასახილველ საქმეში დაცული მასალებით პირველი ინსტანციის კოლეგიამ მართებულად მიიჩნია დადასტურებულად, რომ თ. მ-ასა და ა. ლ-ას ოჯახებს ერთ ოჯახად მუდმივი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის სანაცვლოდ სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფამდე და არც კომპენსაციის გაცემის მომენტში არ უცხოვრიათ. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის განმარტება, იმის თაობაზე რომ წინამდებარე დავაში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თ. მ-ასთვის დროებით მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების ფაქტი (მის პირად ანგარიშზე ჩარიცხვა, აღნიშნულს არც მოსარჩელე მხარე ხდის სადავოდ); თუმცა. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გამომდინარეობდა ა. ლ-ას მიმართ სახელმწიფოს მიერ შესრულებული ვალდებულებიდან (საცხოვრებლის სანაცვლოდ გადაეცა სახელმწიფო კომპენსაცია), რაც ნამდვილად არ გულისხმობდა იმ მოცემულობას, რომ ა. ლ-ას მიმართ შესრულებული ვალდებულება, ასევე უნდა ჩაითვალოს თ. მ-ას, როგორც დევნილის მიმართ შესრულებულ ვალდებულებად. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ თ. მ-ასა და ა. ლ-ას ერთ ოჯახად კომპენსაციის გაცემამდე ან გაცემის მომენტში არასდროს უცხოვრიათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას ეფუძნება და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პროცესზე დაფიქსირებული განმარტება თ. მ-ასა და ა. ლ-ას სხვადასხვა ოჯახად რეგისტრაციისა და ფაქტობრივად ერთ ოჯახად ცხოვრების შესახებ პალატის მიერ სათანადოდ არ შეფასებულა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც დევნილი ოჯახი, რომელიც უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ამასთან, სააგეტო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მოიხმობს მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის #01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი #1) პირველი მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვითაც თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალედებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
კასატორის განმარტებით, წინადებარე დავაში საკომპენასაციო თანხა გაიცა დევნილი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე, კერძოდ მოსარჩელეზე. შესაბამისად, სააგენტო მიიჩნევს, რომ თ. მ-ას საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფილ პირად მონიშვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 მარტის #IDP 6 23 00320472 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის #IDP 9 23 00652224 გადაწყვეტილებისისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის, სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში, მოსარჩელე თ. მ-ას კომპენსირებულ პირად მონიშვნის გაუქმების დავალების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის #01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში;
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 მარტის #IDP 6 23 00320472 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ. მ-ას ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით იგი ითვლებოდა საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირად, რაც დასტურდებოდა დევნილის საკომპენსაციო თანხის მასზე გაცემით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტება, რომელიც არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი. კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა რომლებიც დაადასტურებდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემას.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საკომპენასაციო თანხა თ. მ-ას გადაეცა, როგორც დევნილი ოჯახის ერთ-ერთ წევრს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ ადმინიტრაციულ ორგანოთა მიერ გაცემული ცნობებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მოსარჩელესა და ა. ლ-ას ერთ ოჯახად მუდმივი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის სანაცვლოდ სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფამდე და არც კომპენსაციის გაცემის მომენტში არ უცხოვრიათ. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2006 წლის 14 მარტის #1-1510 მინდობილობაზე, რომლის მიხედვითაც ა. ლ-ამ, როგორც „მიმნდობმა“, უფლებამოსილება მიანიჭა თ. მ-ას, როგორც „მინდობილი პირს“, მისი როგორც იძულებით გადაადგილებული პირის სახელით მოაწეროს ხელი დროებით მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების თაობაზე წერილობით შეთანხმებას და მიიღოს საკომპენსაციო თანხა, წარმოადგინოს მიმნდობი საბანკო დაწესებულებაში, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან. ამასთან, „ბ...ს“ ბათუმის ფილიალის მიერ გაცემული დევნილების საკომპენსაციო ძირითადი თანხების, (...) რეესტრის #1-ის თანახმად თ. მ-ას 2006 წლის 22 მარტს ჩაერიცხა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული კომპაქტური განსახლების ობიექტების პრივატიზაციის დროს გამოყოფილი ფინანსური კომპენსაცია 12 792, 50 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე თ. მ-ამ ნამდვილად მიიღო კომპენსაცია დროებით მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა ზემოაღნიშნული ფაქტი განაპირობა ა. ლ-ას მიერ თ. მ-აზე გადაცემულმა წარმომადგენლობითმა უფლებამოსილებამ და განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ სახელმწიფოს ქმედება (საცხოვრებლის სანაცვლოდ სახელმწიფო კომპენსაციის გადაცემა) გულისხმობს არა თ. მ-ას, არამედ ა. ლ-ას, როგორც დევნილის მიმართ შესრულებულ ვალდებულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა