დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 25.03.2025
საქმის ნომერი
ბს-1147(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1147(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ტ. ო-ე

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 5 მარტს ტ. ო-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნად განისაზღვრა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც მის მიმართ გაიცემოდა კუთვნილი სახელმწიფო პენსია 2200 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ტ. ო-ეის წარმომადგენლის ლ. დ-ის შუამდგომლობა და შეჩერდა №3/1202-21 ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოება (მოსარჩელე ტ. ო-ე, მოპასუხე -სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი, დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც გაიცემა კუთვნილი სახელმწიფო პენსია 2200 ლარის ოდენობით) №3/8332-20 ადმინისტრაციულ საქმეზე (მოსარჩელე სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი, მოპასუხე ტ. ო-ე, დავის საგანი - უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურება 440 ლარის ოდენობით) მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით,განახლდა №3/1202-21 ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2022 წლის 12 ივლისის განცხადებით, ტ. ო-ემ დააზუსტა სარჩელი, ხოლო 2022 წლის 29 სექტემბერს, დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ძველი თბილისი) მიმართ. საქმეზე საბოლოო სასარჩელო მოთხოვნებად განისაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ძველი თბილისი) 2022 წლის 28 მარტის №N04-00-ძ/6002 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის MOH 4 22 00023933 გადაწყვეტილებების გამოცემის დღიდან ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისთვის (ძველი თბილისი) ტ. ო-ეის სასარგებლოდ 2020 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე უკანონოდ შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის გაცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, ტ. ო-ე 2020 წლის მაისამდე იღებდა სახელმწიფო პენსიას, ხოლო 2020 წლის 3 თებერვლიდან მუშაობა დაიწყო სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოში ...ის პოზიციაზე. მის ფუნქციას წარმოადგენდა სკოლისგარეშე აღმზრდელობითი საქმიანობა (ფიზიკური აღზრდა). მისივე განმარტებით, აღზრდა მოიცავდა მრავალკომპონენტიან სისტემას, მათ შორის, ფიზიკურ აღზრდას, კერძოდ, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის უსასყიდლოდ სწავლებას და წვრთნას მძლეოსნობაში, რასაც იგი ახორციელებდა.

მოსარჩელის მითითებით, მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო 2020 წლის 1 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა. სახელმწიფო პენსიის აღდგენასთან დაკავშირებით სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომაც მიმართა სსიპ საპენსიო მომსახურების სააგენტოს. აღნიშნული წერილით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე საქმიანობას ახორციელებდა საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, რის გამოც სააგენტოში დასაქმებულ პენსიონერს უფლება ჰქონდა მუშაობასთან ერთად ესარგებლა კუთვნილი სახელმწიფო პენსიით. მით უფრო, რომ სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დებულების შესაბამისად სააგენტოს მიზნები და ამოცანები მოიცავს შემოქმედებითი მიმართულებით სანახაობითი, საგამომცემლო, კულტურული, შემოქმედებითი, ლიტერატურულ-მხატვრული, საგანმანათლებლო და სასპორტო მიმართულებით განვითარებასა და საქმიანობას. ამასთან, მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოში დავის დასრულებამდე 2022 წლის 1 მაისიდან ხელახლა დაენიშნა ასაკის გამო სახელმწიფო პენსია, შესაბამისად, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს ასევე უნდა დავალებოდა ქმედების განხორციელება, კერძოდ, 2020 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე უკანონოდ შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ო-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ო-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ტ. ო-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ტ. ო-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ძველი თბილისი) 2022 წლის 28 მარტის №04-00-ძ/6002 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის MOH 4 22 00023933 გადაწყვეტილება; მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ძველი თბილისი) ტ. ო-ეის სასარგებლოდ დაევალა მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება, 2020 წლის პირველი მაისიდან 2022 წლის პირველ მაისამდე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის ტერიტორიულმა ერთეულმა 2020 წლის 28 აპრილს მიიღო №2020/1 გადაწყვეტილება საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო 2020 წლის პირველი მაისიდან ტ. ო-ეისათვის ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე. 2022 წლის 2 მარტს ტ. ო-ემ განცხადებებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და 2020 წლის პირველი მაისიდან განცხადების წარდგენის დრომდე, მიუღებელი პენსიის ანაზღაურება მოითხოვა, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 28 მარტის №04-00-ძ/6002 გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მიზეზით, რომ სსიპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო არ განეკუთვნებოდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა საგამონაკლისო კატეგორიას, შესაბამისად, ტ. ო-ეის მუშაობა სააგენტოში ზღუდავდა სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის MOH 4 22 00023933 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ტ. ო-ეის ადმინისტრაციული საჩივარი. უცვლელად დარჩა ცენტრის 2022 წლის 28 მარტის №04-00-ძ/6002 გადაწყვეტილება. სახელმწიფო პენსიის ხელახლა დანიშვნის მიზნით, ტ. ო-ემ 2022 წლის 13 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. შედეგად, 2022 წლის მაისიდან ტ. ო-ეს ხელახლა დაენიშნა სახელმწიფო პენსია.

სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა მისთვის, როგორც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტისათვის, 2020 წლის პირველი მაისიდან 2022 წლის პირველ მაისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება, ხოლო მოპასუხე მხარე შეუძლებლად მიიჩნევდა მითითებული პერიოდის გათვალისწინებით მოსარჩელისათვის საპენსიო თანხის ანაზღაურების უზრუნველყოფას, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს საჯარო სამსახურში საქმიანობის გამო შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა და კანონიერ ძალაში იყო შესული პენსიის შეწყვეტის შესახებ მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება (მოსარჩელეს შესაბამისი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია). ამასთან, პალატის მითითებით, მოპასუხის მოსაზრება გაზიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ტ. ო-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კერძოდ, სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია.

სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით არ დასტურდებოდა პენსიის შეწყვეტის შესახებ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოსარჩელისათვის ჩაბარება. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე და 58-ე მუხლებზე, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით უდავოდ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარების, მისი გასაჩივრების შესაძლებლობა მოსარჩელეს არ მისცემია, რამდენადაც, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების დაინტერესებული პირისათვის ჩაბარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე საშუალებით, შესაბამისად, არ დასტურდებოდა მისი ძალაში შესვლაც. პალატის განმარტებით, სახელმწიფო პენსიის გაცემისაგან თავის შეკავება წინ უსწრებდა პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლას. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა ნორმატიულად დადგენილი წესების უგულებელყოფის გამო, შესაბამისად, მას არ უნდა მოჰყოლოდა რაიმე სამართლებრივი შედეგი. ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეეწყვიტა მოსარჩელისათვის პენსიის ჩარიცხვა, რომელიც კანონიერ ძალაში არ იყო შესული, ხოლო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე ადრესატის ინფორმირებამდე სააგენტო შებოჭილი იყო მის მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც დაადასტურა მოსარჩელის სასარგებლოდ პენსიის გაცემის ვალდებულების არსებობა.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 28 მარტის №04-00-ძ/6002 გადაწყვეტილება, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის MOH 4 22 00023933 გადაწყვეტილება და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში არარელევანტური იყო დასახელებულ გადაწყვეტილებებში არსებული მითითებები „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პენსიის მიღების უფლების შეწყვეტის საფუძვლის - პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების ნამდვილობის საკითხის შეფასება, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა და მისი შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტსა და მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №44 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დებულების“ მეორე მუხლის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დაწესებულების ფუნქციას წარმოადგენს ოლიმპიური თამაშებისათვის, საქართველოს, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებზე და პირველობებზე მოზარდების, კადეტთა და ახალგაზრდული ნაკრებებისათვის კანდიდატების მომზადება და სკოლისგარეშე ფიზიკური აღზრდა, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, ასევე სკოლისგარეშე ინდივიდუალური და ჯგუფური სასწავლო-საწვრთნო-სააღმზრდელო და თეორიული მეცადინეობების, სასწავლო სამწვრთნელო შეკრებების ორგანიზება, მონაწილეობა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებებში, სამატჩო შეხვედრებში, პროფილაქტიკურ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში, აღნიშნული სააგენტო არ წარმოადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რომელიმე საგამონაკლისო დაწესებულებას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ დასახელებულ ნორმაში აქცენტი კეთდება საჯარო საქმიანობის დაწესებულებების სტატუსზე და არა დებულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებაზე, რაც შესაძლებელია ემსახურებოდეს, მათ შორის, სასწავლო-საწვრთნო-სააღმზრდელო დაკავშირებული ფუნქციების შესრულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ტ. ო-ეისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოში მუშაობის პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ტ. ო-ეს საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული პენსიის გაცემა შეუწყდა 2020 წლის 1 მაისიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, რის შესახებაც მას ეცნობა 2020 წლის 29 აპრილის წერილით. ხოლო, პარალელურად, 2020 წლის 29 აპრილს წერილი გაიგზავნა მოსარჩელის დამსაქმებელ ორგანიზაციაში, რომლის 2020 წლის 6 ივნისის წერილით გაირკვა ტ. ო-ეის მუშაობის დაწყების თარიღი, რის საფუძველზეც მას დაედო ვალი 440 ლარის ოდენობით (01.03.2020 წლიდან 01.05.2020 წლამდე), რის შესახებაც ტ. ო-ეს ასევე ეცნობა ცენტრის 2020 წლის 19 აგვისტოს წერილით. კასატორის მითითებით, ვინაიდან ტ. ო-ეის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არ იქნა დაბრუნებული საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ზედმეტად მიღებული თანხა, სასამართლოში დაიწყო სამართალწარმოება, რომელიც შემდგომ შეწყდა, ვინაიდან კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მოხდა ზედმეტად დარიცხული საპენსიო თანხების ლეგალიზაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ძველი თბილისი) 2022 წლის 28 მარტის №N04-00-ძ/6002 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის MOH 4 22 00023933 გადაწყვეტილებების კანონიერება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისთვის (ძველი თბილისი) მოსარჩელე ტ. ო-ეის სასარგებლოდ 2020 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის გაცემის დავალების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამასთან, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად კი განსაზღვრულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის უფლება ექცევა ადამიანის სოციალურ უფლებებში და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მისი ვალდებულების აღიარებას ხანდაზმულ მოქალაქეთა მიმართ. აღნიშნული უფლებების სრულყოფილი რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან როგორც პენსიის დანიშვნა/გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული უფლების შეზღუდვისგან თავის შეკავება და შეზღუდვის დაშვება მხოლოდ კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როდესაც გამოყენებული საშუალება წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანს წარმოადგენს აქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს (1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი). დასახელებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლად განსაზღვრავს საპენსიო ასაკის, კერძოდ 65 წლის მიღწევას. ამასთან, დაკონკრეტებულია, რომ პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. აღსანიშნავია, რომ დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამასთან, კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი პენსიის შეწყვეტის (მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდს.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონის მიზნებისთვის საჯარო საქმიანობის ცნებას და იგი განმარტებულია, როგორც საჯარო საქმიანობა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ტ. ო-ეს შორის 2020 წლის 3 თებერვალს გაფორმდა შრომითი ურთიერთობის შესახებ №14 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოში დასაქმებული პირი - ტ. ო-ე ახორციელებდა ...ის ფუნქციას მძლეოსნობაში და შესრულებული სამუშაოს საფასური უნაზღაურდებოდა ხელფასის სახით, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის ცნობის თანახმად, 2020 წლის 3 თებერვლიდან 2021 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, ტ. ო-ე მუშაობდა სსიპ ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოში“ ...ის პოზიციაზე, ხოლო სააგენტოს 2022 წლის 21 თებერვლის ცნობის თანახმად, 2022 წლის პირველი იანვრიდან ტ. ო-ე აღარ იყო დასაქმებული სააგენტოში.

დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 28 აპრილის №2020/1 გადაწყვეტილების მიხედვით, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო ტ. ო-ეს 2020 წლის პირველი მაისიდან შეუწყდა ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსია. პენსიის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 29 აპრილის №04-00-ძ/11105 წერილის მიხედვით, ტ. ო-ეს ეცნობა 2020 წლის 28 აპრილის №2020/1 გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით არ დასტურდება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ტ. ო-ეისათვის ჩაბარება ან კანონით დადგენილი წესით აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება და კანონიერ ძალაში შესვლა.

ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 2 მარტს ტ. ო-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და 2020 წლის პირველი მაისიდან განცხადების წარდგენის დრომდე, მისთვის განაცდური პენსიის ჩარიცხვა მოითხოვა. აღნიშნული განცხადების პასუხად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 28 მარტის №04-00-ძ/6002 წერილით ტ. ო-ეს განემარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სსიპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიზნები და ამოცანები მოიცავდა კულტურულ, საგანმანათლებლო და სასპორტო საქმიანობას, იგი არ მიეკუთვნებოდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა საგამონაკლისო კატეგორიას, შესაბამისად, ტ. ო-ეის სააგენტოში მუშაობა ზღუდავდა სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას. დადგენილია, რომ ტ. ო-ემ 2022 წლის 15 აპრილს №41833 საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 28 მარტის №04-00-ძ/6002 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის MOH 4 22 00023933 გადაწყვეტილებით ტ. ო-ეს უარი ეთქვა 2022 წლის 15 აპრილის №41833 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 3 მაისის №04-00-ძ/10104 წერილის თანახმად, ტ. ო-ემ 2022 წლის 13 აპრილს №18938 განცხადებით მოითხოვა საპენსიო ასაკის მიღწევის საფუძვლით პენსიის დანიშვნა და წარადგინა ცნობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, მას დაენიშნა სახელმწიფო პენსია 2022 წლის მაისიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ხოლო, დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია. აღნიშნული მუხლი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთს აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია საქმეს ერთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 29 აპრილის №04 00-ძ/11105 წერილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, 2020 წლის პირველი მაისიდან სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვის შეწყვეტის შესახებ ტ. ო-ეის ინფორმირების თაობაზე, თუმცა საქმეში არსებული მასალები და განმარტებები არ ადასტურებს ტ. ო-ეის მიმართ პენსიის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოსარჩელისათვის ჩაბარების და შესაბამისად, მისთვის აღნიშნული აქტის გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემის ფაქტს, რაც სზაკ-ის დანაწესების შესაბამისად, გამორიცხავს აღნიშნული აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის №ბს-770-762(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „...ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება, ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას, თუმცა გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“(სუსგ №ბს-770-762(კ-15), 06.10.2016წ.).

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ ინფორმირება სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის საკმარისი აქტის ოფიციალური გაცნობის ფაქტის დადასტურებისათვის, რადგან აქტის გაცნობა გულისხმობს მისი მთლიანი ოფიციალური ვერსიის გაცნობას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხარისათვის გაცნობილად ჩაითვალოს, მხარეს გადაცემული უნდა ჰქონდეს საკუთრივ აქტი და არა კონკრეტული ფაქტის/რეკვიზიტების ამსახველი სხვა რომელიმე დოკუმენტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, შეფასებას არ ექვემდებარება „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პენსიის მიღების უფლების შეწყვეტის საფუძვლის - პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების ნამდვილობის საკითხი, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში დადგენილი წესით, მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას და პენსიის ფაქტობრივ შეწყვეტას არ ჰქონდა შესაბამისი საფუძველი. ამდენად, დასტურდება სადავო აქტების ბათილად ცნობის და მოსარჩელისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა