დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-534-813-04 ას-534-813-04 4 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. კობახიძე
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „რ-ის“ კრედიტორთა დროებითი კომიტეტის წევრ, დ. შ-ის წარმომადგენლის _ კ. შ-ის სარჩელი მოპასუხეების _ სს „რ-ის“ რეაბილიტაციის მმართველის _ ვ. კ-ის, შპს „რ. ა. მ-ის“ და იტალიური კომპანია „ა-ის“ მიმართ. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც განხორციელდა შპს „რ. ა. მ-ის“ რეგისტრაცია და დადგინდა, რომ სს „რ-ის“ მიერ შპს „რ. ა. მ-ის“ 168 643 360 ლარით განსაზღვრულ საწესდებო კაპიტალში განხორციელებული შენატანი, რომელიც წარმოადგენდა სს „რ-ის“ რუსთავის ფილიალ „მ-ის“ ბალანსზე რიცხულ სს „რ-ის” კუთვნილ ქონებას, დაუბრუნდეს საკუთრებაში სს „რ-ს“. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შპს „რ. მ-სა“ (შემდგომში შპს „რ. ა. მ-ი“) და იტალიური კომპანია „ა-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება შპს „რ. მ-ში“ წილის დათმობის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იტალიური კომპანიის „ა-ის“ წარმომადგენელ, ა. კ-ას რწმუნებულმა რ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ იტალიური კომპანია სასამართლოში საქმეს აწარმოებდა თავისი წარმომადგენლის _ რ. გ-ის მეშვეობით, რომელიც იმავდროულად არის „რ. ა. მ-ის“ თანამშრომელი. რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა იტალიურ კომბინატს და ჩაბარდა რ. გ-ს სამუშაო ადგილის მიხედვით. სასამართლომ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება რ. გ-ს ჩაბარდა 2004წ. 12 თებერვალს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილია 2004წ. 6 აპრილს, ანუ კანონით დადგენილ ერთთვიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულის გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 30 აპრილის განჩინებით იტალიური კომპანია „ა-ის“ წარმომადგენელ, ა. კ-ას რწმუნებულის _ რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი. სასამართლომ სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სსკ-ის 71-ე, 73-ე და 369-ე მუხლები.
ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა იტალიური კომპანიის წარმომადგენლებმა რ. გ-მა და ა. კ-მა, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაბრუნებას.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია მხარეს _ იტალიურ კომპანიას და არც მის წარმომადგენელს. შესაბამისად, კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის ათვლა არც დაწყებულა. სასამართლო შეეცადა სარჩელი და თანდართული მასალები გადაეგზავნა იტალიური კომპანიისათვის, რისთვისაც დოკუმენტები იტალიაში გასაგზავნად გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მაგრამ სამინისტრომ უარი განაცხადა სასამართლო დავალების შესრულებაზე იმ საფუძვლით, რომ მას დოკუმენტების თარგმანისა და სათანადოდ დამოწმების საშუალება არ გააჩნია. ასეთი პასუხის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების იტალიაში გადაგზავნის თხოვნით აღარ მიუმართავს სამინისტროსათვის და აღარ უცდია გადაწყვეტილება მოპასუხისათვის გადაეგზავნა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არც მხარეს და არც მის წარმომადგენელს ჩაბარებია. საქმის მასალებში არ მოიპოვება გზავნილი რ. გ-ის სახელზე. იტალიური კომპანიის სახელზე გზავნილი გაეგზავნა „რ-ს“. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. მათი მოსაზრებით, ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მას შემდეგ, როცა იგი გადაწყვეტილებას მიიღებს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 19 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე სს „რ-ის“ კრედიტორთა დროებითი კომიტეტის წევრის, დ. შ-ის, წარმომადგენელმა კ. შ-ემ ცნო კერძო საჩივრის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის, ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გადაგზავნის დრო.
სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით განმტკიცებულია პრინციპი, რომლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენელი ეს არის პირი, რომელიც მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ასრულებს სასამართლოში ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით (სსსკ-ის 98 მუხლი).
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ იტალიური კომპანია „ა-ი“ საქმეს აწარმოებდა სასამართლოში წარმომადგენლის _ რ. გ-ის მეშვეობით, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა მარწმუნებლის სახელით ყველა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. ასევე დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა რ. გ-ს სამუშაო ადგილის მიხედვით 2004წ. 12 თებერვალს. რ. გ-მა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2004წ. 6 აპრილს, ანუ სსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილა ზეპირ სხდომაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ, სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად განიხილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიტანა სწორი დასკვნა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს სხდომაზე სს „რ-ის“ კრედიტორთა დროებითი კომიტეტის წევრ, დ. შ-ის წარმომადგენლის _ კ. შ-ის განცხადებას კერძო საჩივრის ცნობის თაობაზე, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა განჩინების (გადაწყვეტილების) გაუქმების ასეთ საფუძველს არ იცნობს. გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ სამართლის ნორმების დარღვევა (სსკ-ის 393-394 მუხლები)და არა კერძო საჩივრის ან საკასაციო საჩივრის ცნობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კომპანია “ა-ის” (კომპანია „A-L“) წარმომადგენლების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 30 აპრილის განჩინება.
უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.