დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-545-1211-03 7 ნოემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 14 მარტს შპს “ჯ. და ე. ე. კ.” ჭიათურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ. განცხადების ავტორმა მოითხოვა განცხადების წარმოებაში მიღება, გაკოტრების საქმის წარმოება სს “ჭ.” მიმართ და იძულებით აღსრულების ღონისძიებათა შეჩერება. 2001წ. 29 მარტის განჩინებით განცხადება გაკოტრების საქმის წარმოებით გახსნის შესახებ მიიღეს წარმოებაში. აღნიშნული განჩინება სს “ჭ.” კერძო საჩივრით გაასაჩივრა. 2001წ. 13 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება უცვლელად დატოვა ჯერ ქუთაისის საოლქო სასამართლომ, შემდგომ კი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
2001წ. 16 ნოემბერს ჭიათურის რაიონულ სასამართლოს სს “ჭ.” მიმართა განცხადებით და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადება 2003წ. 17 თებერვლამდე. სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა განცხადება კრედიტორების შპს “ჯ. და ე. ე. კ.” და სხვათა გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ. 2001წ. 19 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჭიათურმანგანუმის მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების თაობაზე და მიეცა მას ვადა (ექვსი კვირა) სასამართლოში რეაბილიტაციის გეგმის წარსადგენად. 2001წ. 14 დეკემბერს ჭიათურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა სს “ჭ.” გენერალურმა დირექტორმა რ. გ-ემ და მოითხოვა სასამართლო წარმოებაში არსებული განცხადებების ერთ წარმოებად გაერთიანება.
2001წ. 14 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შპს “ჯ. და ე. ე. კ.”, გ. მ-ისა და ჭიათურის საგადასახადო ინსპექციის განცხადებები, მოპასუხე სს “ჭ.” მიმართ, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ, ერთ წარმოებად გაერთიანდა.
2001წ. 25 დეკემბერს ჭიათურის სასამართლოს განცხადებით მიმართა სს “ჭ.” გენერალურმა დირექტორმა და ითხოვა რეაბილიტაციის 10 წლიანი გეგმის, რეაბილიტაციის მმართველისა და კრედიტორთა კომიტეტის დამტკიცება.
2001წ. 28 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს “ჭ.” მოთხოვნა რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე. სს “ჭ.” რეაბილიტაციის მმართველად დამტკიცდა კრედიტორთა კრების მიერ არჩეული გ. ლ-ა და კრედიტორთა კრების მიერ არჩეული კრედიტორთა კომიტეტის შემადგენლობა.
2003წ. 5 მარტს გაკოტრების სასამართლოს განცხადებით მიმართეს: კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯ-ემ, კრედიტორთა კომიტეტის წევრებმა _ ზ-ემ, კ-ემ და მოითხოვეს სს “ჭ.” კრედიტორთა კრების მოწვევა.
2003წ. 7 მარტის განჩინებით განმცხადებელთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დადგინდა სს “ჭ.” კრედიტორთა კრების მოწვევა. 18 მარტს სს “ჭ.” კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით დამტკიცდა რეაბილიტაციის ახალი გეგმა 2002-2017 წლებისათვის და დავალიანების გადახდევინებაზე იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გატარების აკრძალვა.
გაკოტრების სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით სს “ჭ.” რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული პირველი კრედიტორულიწ. რეაბილიტაციის გეგმის შესრულება ჩაითვალა არადამაკმაყოფილებლად.
2001წ. 28 დეკემბრის განჩინებით დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმაში შეიტანეს ცვლილებები და დამტკიცდა ახალი 2002-2017 წლების რეაბილიტაციის გეგმა, აიკრძალა იძულებითი აღსრულების ღონისძიებათა გატარება.
აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს კრედიტორებმა: სს “ს. ს. დ.”, ე. ბ-ემ, გ. გ-მა და სხვებმა.
სს “ს. ს. დ.” წარმომადგენელს რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 მარტის განჩინება კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნდა იძულებით აღსრულების ღონისძიებათა დაუშვებლობის ნაწილში და მოითხოვა მისი გაუქმება.
2003წ. 18 მარტის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა კრედიტორმა ე. ბ-ემაც. მისი განმარტებით, აღნიშნული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, კრედიტორმა მოითხოვა: რეაბილიტაციის გეგმა დაიყვანონ 5 წლამდე, ვალების დაფარვის გრაფიკი მიიღონ და დამტკიცდეს სააპელაციო საჩივარში ბპის მიერ შედგენილი წარმოდგენილი სქემის მიხედვით, შეიცვალოს კრედიტორთა კომიტეტის სრული შემადგენლობა.
2001წ. 28 დეკემბრის განჩინების თანახმად, სს “ჭ.” 2002წ. 26 დეკემბრამდე უნდა დაეფარა საერთო დავალიანების 6,9%, რაც არ შეუსრულებია. აქედან გამომდინარე, სს “ჭ.” არ შეასრულა 28 დეკემბრის განჩინება. რაც შეეხება კრედიტორთა კომიტეტს, იგი სს-ის სასურველი კადრებით არის დაკომპლექტებული და რასაკვირველია, ყოველთვის დაიცავს მათ ინტერესებს. “ჭ.” კრედიტორების უდიდესი ნაწილი სახელმწიფო დაქვემდებარების ორგანიზაციებია, ამიტომ დაიფარება თუ არ ვალი “ჭ.” მხრიდან და როდის მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან იქ მომუშავეებს ხელფასი გარანტირებული აქვთ. 18 მარტის კრებამ დაარღვია კრედიტორის პიროვნული უფლებები, რადგან არ განიხილეს მისი განცხადება, როგორც დაგვიანებით წარდგენილი, ხოლო რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანა საერთოდ არ იყო მისთვის ცნობილი. გარდა ამისა, გაუგებარია “ჭ.” 2001წ. 28 დეკემბრის განჩინებით დამტკიცებული მის მიერვე შედგენილი და მოწონებული ე.წ. რეაბილიტაციის გეგმა რა მოტივით უარყო და რატომ დაამატა წლების გარკვეული რაოდენობა. თუ “ჭ.” მისთვის სასურველ ნებისმიერ მომენტში გააგრძელებს დავალიანების დაფარვის გრაფიკს, მაშინ ე.წ. “რეაბილიტაციის გეგმა” განუხორციელებელი დარჩება. იგი მოითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და 5 წლიანი რეაბილიტაციის გეგმის მიღებას მის მიერ წარმოდგენილი სქემის მიხედვით.
2003წ. 18 მარტის განჩინება უკანონოდ მიიჩნიეს და იგი კერძო საჩივრით გაასაჩივრეს კრედიტორებმა _ გ-მა და სხვებმა. მათი განმარტებით, სასამართლომ კრედიტორთა კუთვნილი თანხის ანაზღაურების ვადა მათივე ნების საწინააღმდეგოდ გაზარდა 2017 წლამდე. ისინი მოითხოვდნენ: განჩინების გაუქმებას, რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანას იმგვარად, რომ კრედიტორული დავალიანების დაფარვა მოხდეს 2006 წლამდე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 16 ივნისის განჩინებით სს “ს. ს. დ.”, ე. ბ-ის, გ-ისა და სხვათა კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატა მიუთითებს, რომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით დროებით შეჩერდა მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება, ხოლო იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებების განხორციელება არ დაიშვება. როგორც ირკვევა კრედიტორთა ის კატეგორია, რომლებსაც კერძო საჩივრის ავტორები (ბ-ე, გ-ი და სხვები) მიეკუთვნებიან, საწარმოს გაკოტრების წინააღმდეგნი იყვნენ და მხარს უჭერდნენ საწარმოს რეაბილიტაციას. სწორედ, მოვალისა და კრედიტორთა დიდი ნაწილის ნების გათვალისწინებით მოხდა გაკოტრების საქმის წარმოების გადავადება და დადგინდა საწარმოს რეაბილიტაცია. თავდაპირველად რეაბილიტაციის გეგმა 10 წლიან პერიოდს მოიცავდა 2002 წლიდან 2006 წლამდე. ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 მარტის განჩინებით კი შევიდა ცვლილება რეაბილიტაციის გეგმაში და მისი ინტერვალი 2003 წლიდან 2017 წლამდე განისაზღვრება. განჩინებაში ასახული ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე კრედიტორთა კრებამ სათანადო წესით დაადასტურა და ამგვარ პროექტს მხარი დაუჭირა სს “ჭ.” საერთო კრედიტორული დავალიანების 50%-ზე მეტმა კრედიტორმა, რაც გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკმარისია რეაბილიტაციის გეგმის დასამტკიცებლად. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აღნიშნული სახის ცვლილება რეაბილიტაციის გეგმაში განაპირობა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 26 ¹154 ბრძანებულების იმ პუნქტის შეუსრულებლობამ, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციას. 2003წ. 11 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტთან ჩატარებული სხდომის ოქმის შესაბამისად, 12 მარტს სს “ჭ.” გენერალურმა დირექტორმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა _ რეაბილიტაციის პროგრამაში შესაბამისი ცვლილების შეტანა და დამტკიცება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გეგმა შემუშავებულია ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, ფინანსთა და ქონების მართვის სამინისტროთა მონაწილეობით.
პალატა მიუთითებს, რომ კანონის 25ა მუხლი ადგენს, რომ რეაბილიტაციის გეგმაში აღნიშნული უნდა იყოს მოვალის ლიკვიდურობის აღდგენისათვის საჭირო კონკრეტული ღონისძიებანი, აგრეთვე, ვალების დაფარვის ვადები. კოლეგიის აზრით, წარმოდგენილი რეაბილიზაციის გეგმა სწორედ იმ ეკონომიკურ, ფინანსურ და სხვა ღონისძიებათა სქემას წარმოადგენს, რომლებიც შესაძლებელს გახდის საწარმოს ფინანსურ სიძნელეთა დაძლევას და მისი ლიკვიდაციის თავიდან აცილებას.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის, ე. ბ-ის, მოთხოვნას, კრედიტორთა კომიტეტის შეცვლის შესახებ, მის მიერ გასაჩივრებული განჩინებით აღნიშნულზე არანაირი დადგენილება, გადაწყვეტილება არაა მიღებული, რის გამოც ამ მოთხოვნის კანონშესაბამისობა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
პალატა მიუთითებს, რომ როგორც წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმიდან ჩანს, მოსახლეობის ზარალის კომპენსაციის გასტუმრება, გადახდა გათვალისწინებული და გათვლილია 2010 წლამდე, თანამშრომელთა ხელფასის დავალიანების დაფარვა 2007 წლამდე, ანუ წარმოდგენილი გეგმა სხვა კრედიტორებთან შედარებით აშკარად, პრიორიტეტულად დაზარალებული მოსახლეობისა და ხელფასმიუღებელი თანამშრომლების ინტერესს თვლის.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ბ-ემ. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს: რეაბილიტაციის გეგმაში ვალების დაფარვის გრაფიკი დაიფაროს 5 წლის განმავლობაში და პროცენტული შემადგენლობა განაწილდეს ასე: 19.6%, 20,1%, 20,1%, 20,1%, 20,1%, შესრულდეს საქართველოს პრეზიდენტის ¹124 განკარგულება და დაკომპლექტდეს სს “ჭ.” ახალი კვალიფიციური კადრებით, შეიცვალოს კრედიტორთა კომიტეტი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კრედიტორთა დიდი ნაწილის ნების გათვალისწინებით მოხდა გაკოტრების საქმის წარმოების გადავადება და დადგინდა საწარმოს რეაბილიტაცია. თავდაპირველად რეაბილიტაციის გეგმა ათწლიან პერიოდს მოიცავდა 2002 წლიდან 2012 წლამდე. ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 მარტის განჩინებით კი შევიდა ცვლილება რეაბილიტაციის გეგმაში და მისი ინტერვალი 2003 წლიდან 2017 წლამდე განისაზღვრა.
აღნიშნული სახის ცვლილება რეაბილიტაციის გეგმაში განაპირობა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 20 აპრილის ¹154 ბრძანებულების იმ პუნქტის შეუსრულებლობამ, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციას. 2003წ. 11 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტთან ჩატარებული სხდომის ოქმის შესაბამისად, სს “ჭ.” დირექტორმა მიმართა სასამართლოს. დადგენილია, რომ აღნიშნული გეგმა შემუშავებულია ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, ფინანსთა და ქონების სამინისტროების მონაწილეობით.
“გაკოტრების საქმეთა წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის 251-ე მუხლის შესაბამისად, რეაბილიტაცია წარმოადგენს ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევას, მის საწარმოს ლიკვიდურობის აღდგენასა და ლიკვიდაციის თავიდან აცილებას. 252-ე მუხლის თანახმად, რეაბილიტაცია ხორციელდება მხოლოდ იმ მოვალე იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად. 253-ე მუხლის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმაში აღნიშნული უნდა იყოს მოვალის ლიკვიდურობის აღდგენისათვის საჭირო კონკრეტული ღონისძიებები, აგრეთვე, ვალების დაფარვის ვადები. რეაბილიტაციის გეგმაში ნებისმიერი ცვლილება შეტანილ უნდა იქნეს კრედიტორთა კრების ან კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით. რეაბილიტაციის გეგმა შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ფინანსურ-ეკონომიკურ და რეორგანიზაციულ ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და რეაბილიტაციის მიზანს.
რეაბილიტაციის მიზანია მოვალე საწარმოს ლიკვიდურობის აღდგენა და ლიკვიდაციის თავიდან აცილება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კერძო საჩივრის მოთხოვნა 5 წლიანი რეაბილიტაციის გეგმისა და ვალების დაფარვის გრაფიკის შესახებ, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. მასში საუბარი არ არის იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომელიც გაკოტრების შესახებ კანონის თანახმად, ჯერ გაკოტრების სასამართლოს, შემდგომში კი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება გამხდარიყო. დადგენილია, რომ პროგრამაში დაწვრილებითაა მიმოხილული სს “ჭ.” დღევანდელი მდგომარეობა, მისი სტრუქტურა, მანგანუმის მადნის მარაგები, საწარმო ბაზის მდგომარეობა, პროდუქციის გასაღების ადგილობრივი და საექსპერტო ბაზრები, ფინანსური დესტაბილიზაციის დაძლევისა და მისი გაჯანსაღების ღონისძიებები, საწარმოო ხარჯები, შემოსავლები პროგრამის რეალიზაციის წლებში, ფინანსების მოძრაობა, საინვესტიციო პროგრამა, დავალიანების დაფარვის გრაფიკი.
ასევე მნიშვნელოვანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოება, რომ რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით მოსახლეობის ზარალის კომპენსაციის გასტუმრება, გადახდა, გათვალისწინებული და გათვლილია 2010 წლამდე, ხოლო თანამშრომელთა ხელფასის დავალიანების დაფარვა 2007 წლამდე, ანუ წარმოდგენილი გეგმა სხვა კრედიტორებთან შედარებით პრიორიტეტულად დასახელებული მოსახლეობის ინტერესებსა და ხელფასმიუღებელი თანამშრომლების ინტერესებს თვლის.
კერძო საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს იმ ტექნიკურ, ფინანსურ-ეკონომიკურ და რეორგანიზაციულ ღონისძიებებზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს მისი მოსაზრებების გაზიარებას.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის, ე. ბ-ის, მოთხოვნას, კრედიტორთა კომიტეტის შეცვლის შესახებ, მის მიერ გასაჩივრებული ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 მარტის განჩინებით აღნიშნულზე არანაირი დადგენილება არაა მიღებული, განჩინება ამ საკითხებს არ შეხებია და შესაბამისად, ამ მოთხოვნის კანონშესაბამისობაზე სააპელაციო და საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებენ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 16 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.