დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.05.2025
საქმის ნომერი
ბს-386(2კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-386(2კ-24) 15 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა (მოპასუხე) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ. გ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 29 აგვისტოს ბ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 დეკემბრის №5/62731 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 24 სექტემბრის №1-1/458 ბრძანების ბათილად ცნობა; ასევე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამ დადგენილების შესაბამისად ბ. გ-ეისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის უზრუნველყოფის დავალება, ამ უკანასკნელის მიერ ...ის საერთო საცხოვრებელში დაკავებული ფართის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, ბ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 დეკემბრის №5/62731 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 24 სექტემბრის №1-1/458 ბრძანება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა შეასრულოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება და ამ დადგენილების შესაბამისად ბ. გ-ეს საკუთრებაში გადასცეს საცხოვრებელი ფართი ამ უკანასკნელის მიერ ...ის საერთო საცხოვრებელში დაკავებული ფართის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე მხარეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება სადავოა იმ თვალსაზრისით, რომ როგორც მოსარჩელე განმარტავს, 1981-1991 წწ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი განაწილებით მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...ში. სამუშაოს განაწილების პირობებში ...ის მიერ აღებული იყო ვალდებულება, რომ ერთი წლის შემდეგ უზრუნველყოფილი იქნებოდა საცხოვრებელი ბინით, რის საფუძველზეც მიიღო ბინა კურორტ ...ში, მთა ...ზე. 1992 წელს დაწყებული პრივატიზების პროცესის შედეგად ...ის თანამშრომლების მიერ მოხდა მათზე განკუთვნილი საცხოვრებელი ფართების პრივატიზება, მაგრამ მთა ...ზე არსებული ბინები დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში და ვერ შეძლო მასზე განკუთვნილი ფართის პრივატიზება. მას შემდეგ, რაც 2008 წელს უსასყიდლოდ უზუფრუქტის ხელშეკრულებით საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მიერ მთა ...ზე არსებული ბინები გადაეცა სსიპ „ი...ს“, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ბ. გ-ეს მოთხოვა ბინის დაცლა და იგი 2010 წლის აგვისტოში გამოასახლეს ბინიდან.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...ის საბინაო ფონდის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილების შინაარსზე, მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-61 პუნქტებზე და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, როგორც სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ პირს, ...ის ტერიტორიაზე (...ის მთა) მდებარე ყოფილი საბინაო ფონდის ბინების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლასთან ერთად გადაეცა მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილების აღსრულების ვალდებულება, ...ის ტერიტორიაზე (...ის მთა) მდებარე ყოფილი საბინაო ფონდის ბინის მფლობელის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე, ამ დადგენილებით საბინაო ფონდის ბინებს მიენიჭა რა საერთო საცხოვრებლის სტატუსი, ბინების ხანგრძლივი დროით მფლობელებს, რომლებსაც გააჩნდათ ბინის უფლება შესაბამის პერიოდში მოქმედი საბინაო კოდექსიდან გამომდინარე, არ შეეზღუდათ აღნიშნული უფლება, არამედ, მათ მიერ დაკავებულ ბინაზე უფლების მიმღებ დაწესებულებას განესაზღვრა ვალდებულება, მიღებული უფლების სანაცვლოდ ბინის მფლობელი დაეკმაყოფილებინა ალტერნატიული ბინით. ხსენებული დადგენილების მიხედვით, ყოფილი საბინაო ფონდის ბინის მფლობელის უფლება ალტერნატიულ ბინაზე გამომდინარეობდა ორი პირობიდან: ბინის ხანგრძლივი დროით ფლობა - მუდმივი ჩაწერით და ...ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, როგორც მფლობელობის სავალდებულო შეწყვეტის საფუძველი. სააპელაციო პალატის მითითებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობისათვის მისი სამომავლოდ დადგომის აუცილებლობა მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებიდან არ გამომდინარეობს, არამედ ალტერნატიული ბინით დაკმაყოფილების უფლება დაკავშირებული იყო ყოფილი საბინაო ფონდის ბინათსარგებლობის და ფლობის უფლებასთან. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებიდან გამომდინარე, ბ. გ-ე წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, ...ის ტერიტორიაზე (...ის მთა) მდებარე ყოფილი საბინაო ფონდის ბინის სანაცვლოდ მიიღოს ალტერნატიული ბინა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კი ვალდებულია, დააკმაყოფილოს იგი შესაბამისი ბინით. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...ის საბინაო ფონდის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ ბ. გ-ე 1991 წლიდან აღარ ირიცხებოდა ...ის თანამშრომელთა სიაში, ხოლო მითითებული დადგენილება მიღებულია 1994 წელს და აწესრიგებს მისი მიღების შემდგომ წარმოშობილ სამართალურთიერთობებს. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ ბ. გ-ე არ წარმოადგენს პირს, რომელზეც უნდა გავრცელდეს აღნიშნული დადგენილების მოქმედება.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...ის საბინაო ფონდის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, ბ. გ-ემ ...ში მუშაობა შეწყვიტა 1991 წლის 11 მარტს. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ მითითებული დადგენილებით ...ის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრული ვალდებულება პირთა გარკვეული წრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, შეუძლებელია გავრცელდეს იმ პირზე, რომელთან მიმართებაში საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის პირობა დადგა 1991 წელს, დადგენილების მიღებამდე. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ დადგენილებაში არ არის განსაზღვრული მისი მოქმედების გავრცელება დადგენილების გამოცემამდე პერიოდზე. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ მითითებული დადგენილებით გავრცელებული პირობები ბ. გ-ეზე ვერ გავრცელდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...ის საბინაო ფონდის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...ის ტერიტორიაზე (...ის მთა) მდებარე საბინაო ფონდს მიენიჭა საერთო საცხოვრებლის სტატუსი და აიკრძალა მისი პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (პირველი პუნქტი). აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...ის ადმინისტრაციას დაევალა ...ისა და ...ის ... სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული ბინების, ოთახებისა და საწოლ-ადგილების გადანაწილება მეცნიერ-თანამშრომლებსა და მომსახურე პერსონალზე მათი ოჯახების სულადობის მხედველობაში მიღებით და მათთან ...აში მუშაობის ვადით ხელშეკრულებების გაფორმება. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ მოქალაქეები, რომელთაც ამ ფონდში დროებით მიეცათ ან მიეცემოდათ საცხოვრებელი ფართობი, ვალდებულები იყვნენ ...ასთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, ერთი თვის ვადაში გამოეთავისუფლებინათ დაკავებული ბინები სხვა საცხოვრებელი ფართის მიცემის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც წლების მანძილზე მუდმივი ჩაწერით ცხოვრობდნენ ამ საბინაო ფონდში და სხვა ადგილას სხვა საცხოვრებელი ფართობი არ გააჩნდათ. ...ასთან საქმიანი ურთიერთობის (მუშაობის) შეწყვეტის შემდეგ ...ის ადმინისტრაციას ეკისრებოდა ვალდებულება უზრუნველეყო ისინი საცხოვრებელი ფართობით სხვა დასახლებულ პუნქტებში, მათი შერჩევისა და სურვილის მხედველობაში მიღებით. ამავე დადგენილების მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს მომავალი წლების საპროგნოზო დავალებებში შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გაეთვალისწინებინა საბინაო მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის კაპიტალურ დაბანდებათა ლიმიტების გამოყოფა იმ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც წლების მანძილზე მუდმივი ჩაწერით ცხოვრობენ აბასთუმნის ...ის ტერიტორიაზე მდებარე საბინაო ფონდში, გაწყვიტეს შრომითი საქმიანობა ...ასთან, არსად არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართობი და ვალდებული არიან გამოათავისუფლონ დაკავებული ფართობი. ...ის ადმინისტრაციას ამ მიზნით 1996-2000 წლებში საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთვის უნდა წარედგინა განაცხადი წლიურად 4-5 სამოთახიანი ბინის მშენებლობისათვის კაპიტალურ დაბანდებათა ლიმიტების გამოყოფაზე.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის №213 დადგენილებით, რეორგანიზაციის შედეგად, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ...ა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2008 წლის 16 მაისს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, მთა ...ზე მდებარე ბინები სარგებლობაში გადაეცა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

2016 წლის 7 ოქტომბერს ბ. გ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილების საფუძველზე საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. ბ. გ-ეის განმარტებით, ის აკმაყოფილებდა მითითებული დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, 1981-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...ში; წლების მანძილზე, გამოსახლებამდე (2010 წლის აგვისტო) ცხოვრობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...ის ტერიტორიაზე (...ის მთა) მდებარე საბინაო ფონდის ბინაში და არც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილების გამოცემის დროისთვის და არც მას შემდეგ მას საკუთრებაში არ ჰქონია საცხოვრებელი ფართი.

მითითებული გარემოებების დასადასტურებლად ბ. გ-ემ განცხადებას თან დაურთო: შრომის წიგნაკის ასლი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 2009 წლის 23 ივნისის საარქივო ცნობა, რომლითაც დგინდებოდა ბ. გ-ეის მიერ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...ში 1981 წლის 12 ნოემბრიდან 1991 წლის 11 მარტამდე მუშაობის ფაქტი; ასევე, 2001 წლის 6 აგვისტოს განცხადება-ანკეტა და სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 15 ოქტომბრის საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდებოდა 2004 წლის 16 ნოემბრამდე ბ. გ-ეის მიერ მისამართზე: ადიგენის რაიონი, ...ი, მთა ...ის დასახლება, რეგისტრაციის ფაქტი (ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 30 იანვრის წერილის თანახმად, ბ. გ-ე აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული იყო 1982 წლის 7 დეკემბრიდან 2004 წლის 16 ნოემბრამდე); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 ოქტომბრის №262439 წერილი, რომლის თანახმად, ბ. გ-ეის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ანალოგიურ მითითებას შეიცავს საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ივნისის N... წერილი) და ... უნივერსიტეტის 2009-2010წწ. წერილები, ბ. გ-ეის მიერ ...ში, მთა ...ზე მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დაკავებული ოროთახიანი ბინის გამოთავისუფლების თაობაზე.

დადგენილია, რომ 2016 წლის 3 ნოემბერს ბ. გ-ემ კვლავ მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილების საფუძველზე საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 დეკემბრის №5/62731 წერილით ბ. გ-ეს განემარტა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილება აწესრიგებდა 1994 წლის 28 ივლისის შემდგომ წარმოშობილ ურთიერთობებს. ამდენად, ვინაიდან ბ. გ-ე 1991 წლიდან აღარ ირიცხებოდა ...ის თანამშრომელთა სიაში, აღნიშნული დადგენილება მასზე ვერ გავრცელდებოდა.

მითითებული წერილი გასაჩივრდა ბ. გ-ეის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. სამინისტროს 2016 წლის 19 დეკემბრის №1-1/680 ბრძანებით, ბ. გ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, თუმცა ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 17 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით), ბ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა განეხილა ბ. გ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი და საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 10 ივნისის №1-1/270 ბრძანებით, წარმოებაში იქნა მიღებული ბ. გ-ეის 2016 წლის 28 ნოემბრის №15267/21 ადმინისტრაციული საჩივარი და მისი განხილვის ვადად განისაზღვრა 2 თვე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 24 სექტემბრის №1-1/458 ბრძანებით, ბ. გ-ეის 2016 წლის 28 ნოემბრის №15267/21 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ბ. გ-ე 1982 წლის 7 დეკემბრიდან 2004 წლის 16 ნოემბრამდე რეგისტრირებული (ჩაწერილი) იყო ადიგენის რაიონში, ...ში, მთა ...ის დასახლებაში, თუმცა საქმეში არსებული დოკუმენტაციით ხსენებულ მისამართზე მისი ცხოვრების ფაქტი ვერ დადგინდა. ასევე, არ იქნა მიჩნეული უტყუარად დადასტურებულად, რომ ბ. გ-ეს არ გააჩნდა სხვა საცხოვრებელი ფართი. ამასთან, ბრძანებაში აღინიშნა, რომ ბ. გ-ემ ...ში მუშაობა შეწყვიტა 1991 წლის 11 მარტს. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით ...ის ადმინისტრაციისათვის განსაზღვრული ვალდებულება პირთა გარკვეული წრის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის თაობაზე ვერ გავრცელდებოდა იმ პირზე, რომელთან მიმართებაში საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის პირობა დადგა 1991 წელს, დადგენილების მიღებამდე, ვინაიდან ზემოაღნიშნული ვალდებულება საერთოდ არ არსებობდა ბ. გ-ეის მიერ ...აში მუშაობის შეწყვეტის დროს. გარდა ამისა, ბრძანებაში მიეთითა, რომ ...ის ადმინისტრაცია ვალდებული იყო 1996-2000 წლებში სამინისტროსთვის წარედგინა განაცხადი წლიურად 4-5 სამოთახიანი ბინის მშენებლობისათვის კაპიტალურ დაბანდებათა ლიმიტების გამოყოფაზე, თუმცა სამინისტროს მიერ მოძიებული და საქმეში არსებული დოკუმენტაციით, არ დადასტურდა არც აბასთუმნის ...ის მიერ სამინისტროსათვის შესაბამისი განაცხადით მომართვის და არც სამინისტროს მიერ მომავალი წლების საპროგნოზო დავალებებში კაპიტალურ დაბანდებათა ლიმიტების გამოყოფის გარემოება. ამასთან, აღინიშნა, რომ ზემოაღნიშნული დანაწესი სამინისტროს მიერ დადგენილებით განსაზღვრულ გამონაკლის პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველსაყოფად შესაბამისი ლიმიტების გამოყოფას მომავალი წლების საპროგნოზო დავალებებში ითვალისწინებს შესაძლებლობის ფარგლებში და არა იმპერატიული სახით.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 დეკემბრის №5/62731 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 24 სექტემბრის №1-1/458 ბრძანების კანონიერებას. ასევე, მათ თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამ დადგენილების შესაბამისად ბ. გ-ეისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის უზრუნველყოფის დავალება, ამ უკანასკნელის მიერ ...ის საერთო საცხოვრებელში დაკავებული ფართის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, ბ. გ-ეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილების საფუძველზე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა არსებითად იმ გარემოებებზე მითითებით, რომ იგი დადგენილების მიღებამდე, 1991 წლის 11 მარტიდან უკვე აღარ ირიცხებოდა ...ის თანამშრომელთა სიაში და მასზე ვერ გავრცელდებოდა აღნიშნული დადგენილების მოქმედება. ამასთან, მიუხედავად მისამართზე რეგისტრაციისა, არ დასტურდებოდა მის მიერ ადიგენის რაიონში, ...ში, მთა ...ის დასახლებაში ცხოვრებისა და სხვა საცხოვრებელი ფართის არქონის ფაქტი. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული იქნა ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად ...ის ადმინისტრაციის მიერ 1996-2000 წლებში სამინისტროსთვის წლიურად 4-5 სამოთახიანი ბინის მშენებლობისათვის კაპიტალურ დაბანდებათა ლიმიტების გამოყოფის შესახებ განცხადების წარუდგენლობისა და სამინისტროს მიერ მომავალი წლების საპროგნოზო დავალებებში კაპიტალურ დაბანდებათა ლიმიტების შესაძლებლობის ფარგლებში გამოყოფის გარემოების არარსებობის თაობაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, განცხადება-ანკეტით, საინფორმაციო ბარათით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილებით, ასევე, ... უნივერსიტეტის 2009-2010წწ. წერილებით დასტურდება, რომ ბ. გ-ე ...ში, მთა ...ის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ ფართს ფლობდა გამოსახლებამდე და მას სხვა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-61 პუნქტებიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, როგორც სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ პირს, ...ის ტერიტორიაზე (...ის მთა) მდებარე ყოფილი საბინაო ფონდის ბინების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლასთან ერთად გადაეცა მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილების აღსრულების ვალდებულება, ...ის ტერიტორიაზე (...ის მთა) მდებარე ყოფილი საბინაო ფონდის ბინის მფლობელის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე, ამ დადგენილებით საბინაო ფონდის ბინებს მიენიჭათ საერთო საცხოვრებლის სტატუსი და ბინების ხანგრძლივი დროით მფლობელებს, რომლებსაც გააჩნდათ ბინის უფლება შესაბამის პერიოდში მოქმედი საბინაო კოდექსიდან გამომდინარე, არ შეეზღუდათ აღნიშნული უფლება, არამედ, მათ მიერ დაკავებულ ბინაზე უფლების მიმღებ დაწესებულებას განესაზღვრა ვალდებულება, მიღებული უფლების სანაცვლოდ ბინის მფლობელი დაეკმაყოფილებინა ალტერნატიული ბინით. მითითებული დადგენილების შესაბამისად, ყოფილი საბინაო ფონდის ბინის მფლობელის უფლება ალტერნატიულ ბინაზე გამომდინარეობდა შემდეგი პირობებიდან: ბინის ხანგრძლივი დროით ფლობა - მუდმივი ჩაწერით, სხვა საცხოვრებელი ფართის არარსებობა და ...ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, როგორც მფლობელობის სავალდებულო შეწყვეტის საფუძველი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობისათვის მისი სამომავლოდ დადგომის აუცილებლობა მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებიდან არ გამომდინარეობს, არამედ ალტერნატიული ბინით დაკმაყოფილების უფლება დაკავშირებული იყო ყოფილი საბინაო ფონდის ბინათსარგებლობის და ფლობის უფლებასთან. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ...ის ადმინისტრაციას 1996-2000 წლებში სამინისტროსთვის წლიურად 4-5 სამოთახიანი ბინის მშენებლობისათვის კაპიტალურ დაბანდებათა ლიმიტების გამოყოფის შესახებ განცხადება არ წარუდგენია და არც სამინისტროს მიერ მომავალი წლების საპროგნოზო დავალებებში კაპიტალურ დაბანდებათა ლიმიტების შესაძლებლობის ფარგლებში გამოყოფა არ განხორციელებულა, აღნიშნული ვერ გახდება მოსარჩელის უფლების შეზღუდვის საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებიდან გამომდინარე, ბ. გ-ე წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, ...ის ტერიტორიაზე (...ის მთა) მდებარე ყოფილი საბინაო ფონდის ბინის სანაცვლოდ მიიღოს ალტერნატიული ბინა. შესაბამისად, არსებობდა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი