დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.05.2025
საქმის ნომერი
ბს-1309(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1309(კ-24) 19 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე,საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. მ-ე

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 19 ივნისს ზ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ ზ. მ-ეისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის № SSA 4 23 00443473 გადაწყვეტილებისა და ზ. მ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის № SSA 32300551132 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, 1 თვის ვადაში ზ. მ-ეის სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის გაცემის აღდგენის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ზ. მ-ეის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის - სახელმწიფო პენსიის და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის, 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებით ზ. მ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება ზ. მ-ეისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 52300551132 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. მ-ეისთვის პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის გაცემის აღდგენის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა ზ. მ-ეის სასარგებლოდ იძულებით განაცდური სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურება 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზ. მ-ეის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ-ე (დაბადებული - ... წლის ...ს) იყო საპენსიო ასაკს მიღწეული პირი. იგი დასაქმებული იყო სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში შრომითი ხელშეკრულებით, ...ს პოზიციაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის SSA 3 23 00443773 შეტყობინებით ზ. მ-ეს ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეუწყდა სახელმწიფო პენსია 2023 წლის 01 მაისიდან, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი არ წარმოადგენდა საჯარო სამსახურს და არც მასში დასაქმებული პირები წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს, რის გამოც, ზ. მ-ე არ მიიჩნეოდა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად. შესაბამისად, არ არსებობდა მისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის (ასაკობრივი) შეწყვეტის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე სწორად იქნა ბათილად ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის № SSA 32300551132 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

ზ. მ-ეისთვის სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის გაცემის აღდგენისა და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, რადგან დადგინდა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და მოქალაქისთვის მიყენებულ ზიანს შორის, იგი უნდა ანაზღაურებულიყო სახელმწიფოს მიერ. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს 2023 წლის 01 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელის ჩარიცხვა. ამდენად, სახელმწიფო ვალდებული იყო აენაზღაურებინა ზიანი, მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, რომ არა სახელმწიფო ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უკანონო ქმედება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

კასატორები აღნიშნავენ, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების სპეციალურ კანონს და ეს კანონი პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე ყველა იმ პირის მიმართ, ვინც (გარდა გამონაკლისებისა) სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, სსიპ-ში ეწევა ანაზღაურებად შრომით საქმიანობას. ამდენად, კასატორები საფუძვლიანად მიიჩნევენ მოსარჩელისათვის დანიშნული პენსიის შეწყვეტას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 4 23 00443473 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ზ. მ-ეს შეუწყდა დანიშნული სახელმწიფო პენსია. სხვა სადავო საკითხები დაკავშირებულია მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან, რამდენადაც, მოსარჩელე ითხოვდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე აქტის ბათილად ცნობას, უსაფუძვლოდ შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენასა და პენსიის უკანონოდ შეწყვეტის შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურებას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ზ. მ-ე (დაბადებული - ... წლის ...ს) იყო საპენსიო ასაკს მიღწეული პირი. ზ. მ-ე დასაქმებული იყო სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში შრომითი ხელშეკრულებით - ...ს პოზიციაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის SSA 3 23 00443773 შეტყობინებით ზ. მ-ეს ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად შეუწყდა სახელმწიფო პენსია 2023 წლის 01 მაისიდან, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.

სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ზ. მ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სოციალური სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. დასახელებული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პენსიის მიღებაზე კანონისმიერ შეზღუდვას პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მოცემული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საჯარო საქმიანობის ცნებას. მოცემული მუხლის თანახმად, საჯარო საქმიანობაა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

მითითებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონმდებელმა დაადგინა საგამონაკლისო დაწესებულებები, რომელში მუშაობაც არ ჩაითვალა საჯარო საქმიანობის განხორციელებად და მასში მომუშავე პირებს მიეცათ სახელმწიფო გასაცემელის დამატებით მიღების შესაძლებლობა. ასეთ ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს მუზეუმში მუშაობა („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 4.გ).

საკასაციო სასამართლო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის ფორმის, პროფილის, ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრისთვის, მიუთითებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის № 05/05 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს.

მითითებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ერთ-ერთი მუზეუმ-ნაკრძალია ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ხოლო მე-9 მუხლი განსაზღვრავს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითად ამოცანებს, რომელთა შორისაა: მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება და ა. შ.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „მუზეუმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. ამდენად, მართალია, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს მხოლოდ მუზეუმს, თუმცა სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალი სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია, რომლის საქმიანობის მიმართულებით, მიზნებით, ფუნქციებითა და ამოცანებით, უდავოდ დგინდება, რომ იგი წარმოადგენს მუზეუმს და მასზე ვრცელდება კანონით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და იქ დასაქმებული პირი არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას.

ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობას. სადავო აქტების უკანონობის პირობებში კი, მოპასუხეს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართებულად დაევალა ზ. მ-ეისთვის სახელმწიფო პენსიის აღდგენა და მიყენებული ზიანის სახით სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურება 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ №ბს-973(კ-24) 15.01.2025 წ.).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. შონია

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. აბუსერიძე