დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-763(3კ-24) 21 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბადრი შონია, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რ. ჯ-ე, მესამე პირი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ. ჯ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და მესამე პირების - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 მარტის №გ-21.14210631 განკარგულება; ბ) დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 249 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რ. ჯ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 მარტის №გ-21.14210631 განკარგულება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), რ. ჯ-ეის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ში მდებარე, 249 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
4.1 კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი 249 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ არის სახელმწიფო საკუთრება, არამედ, 249 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი - 230 კვ.მ (ს/კ ...) საჯარო რეესტრში აღრიცხულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ხოლო 19 კვ.მ (ს/კ ...) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენს. ამასთან, მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ვერ დგინდება. სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის №14 საოქმო გადაწყვეტილებით რ. ჯ-ეს ქ. ბათუმში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გადაცემაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს. როგორც კომისია განმარტავდა, ადგილზე დათვალიერების შედეგად კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო კაპიტალური საზღვრების შიგნით, რომელიც კაპიტალური ღობით შემოღობილი იქნა კანონის ამოქმედების შემდეგ, ხოლო ღობე, რომელიც შემოვლებულია, არის ახალი აშენებული. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე გაზრდილ ფართობს ითხოვს და დამატებით არ გამოკვლეულა გაზრდილი ფართობის (აჭარის ა/რ საკუთრებასთან ზედდების ნაწილი) თვითნებურად დაკავება, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს მტკიცების ტვირთს და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას ადმინისტრაციული წარმოების თავიდან ჩატარების პერიოდში გამოსაკვლევ საკითხად ტოვებს. სასამართლოს შეეძლო თავად ეკვლია აღიარების დამაბრკოლებელი სხვა გარემოებები (გასაჩივრებულ აქტში შესაბამისი გარემოების არარსებობის მიუხედავად), პროცესის ეკონომიურობისა და ოპერატიულობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აქვე აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 თებერვლის №22 საოქმო გადაწყვეტილება და 2017 წლის 9 მარტის №151 განკარგულება, რომლითაც რ. ჯ-ეს ქ. ბათუმში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გადაცემაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ რ. ჯ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწას, ძალაშია და ამ საკითხზე კომისიას აქვს შესაბამისი მსჯელობა.
კასატორის განმარტებით, წინა სასამართლო დავების დროს მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის (კანონის ამოქმედებამდე) ფაქტი არ დადგენილა. წინამდებარე საქმეშიც მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, არ დასტურდება მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილის მოსარჩელის მიერ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად სარგებლობის ფაქტი. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშულ დავებში სადავო მიწის ნაკვეთის ფართობი იყო 200 კვ.მ, ხოლო მიმდინარე ეტაპზე მოთხოვნილია 249 კვ.მ (რომელიც მოიცავს 2013 წელს მოთხოვნილ 200 კვ.მ-ს) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. სწორედ გაზრდილი ფართობი ექცევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) ზედდებაში. აღნიშნული გარემოება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდებაში მყოფი სადავო ქონების ნაწილი 2007 წლამდე მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დაკავებული. სადავო ტერიტორიაზე გადის წყლის არხი, რომელიც რ. ჯ-ეს მოქცეული აქვს საზღვრებში, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს მოქმედ კანონმდებლობას.
4.2 კასატორი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მიერ კომისიას წარედგინა რ. ჯ-ეის განცხადება ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 249 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ჯ-ეის მოთხოვნა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოთხოვნილი - 249 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და ფიქსირდებოდა ზედდება, კერძოდ, 249 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 230 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ხოლო 19 კვ.მ (ს/კ. ...) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
როგორც საქმის მასალების დგინდება და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, მოსარჩელესა და მოპასუხე მხარეთა შორის სადავო მიწის ნაკვეთზე 2015 წლიდან მიმდინარეობს დავა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი სარჩელით (საქმე №3-195/15) მოსარჩელე დავობდა ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღიარებაზე. აღნიშნული დავა დასრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განჩინებით, რომლის საფუძველზეც კომისიას დაევალა ხელმეორედ განეხილა მოსარჩელის განცხადება მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე. კომისიის 2017 წლის 21 თებერვლის №22 საოქმო გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის მიერ 2017 წლის 9 მარტს გამოცემული №151 განკარგულებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღაირებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწას, რაც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ამასთან, 2008 წლიდან მიწის ნაკვეთი საჯარო რესტრში რეგისტრირებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტზე საკუთრების უფლებით, რის გამოც ის განიხილება სახელმწიფოს მიერ განკარგულად და ამდენად, რ. ჯ-ეის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
მოსარჩელემ კომისიის ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვა ს. ...ში მდებარე 11632 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 17 აპრილის 2/2-16/174 მიმართვის და საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 18 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა რ. ჯ-ეის სარგებლობაში არსებული 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 17 აპრილის 2/2-16/174 მიმართვა რ. ჯ-ეის სარგებლობაში არსებული 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში, კერძოდ, აღიარების კომისიის 2017 წლის 21 თებერვლის №22 საოქმო გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის მიერ 2017 წლის 9 მარტს გამოცემული №151 განკარგულების ნაწილში, უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, კომისიის აღნიშნული აქტები დარჩა ძალაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გააასაჩივრეს ბათუმის აღიარების კომისიამ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა კომისიის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია და იგი შევიდა კანონიერ ძალაში.
ზემოაღნიშნულის გამო, რადგან არ არსებობდა ახალი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ კომისიას კვლავ დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე, მოსარჩელემ შემდეგ გზას მიმართა: 2020 წლის 5 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 249 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. მითითებული 249 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქ. ბათუშში, ...ში მდებარე იმ მიწის ნაკვეთის ნაწილს, რომელზეც მიმდინარეობდა ორი სასამართლო დავა (2015 წლიდან 2020 წლის ჩათვლით). მოსარჩელემ ხელოვნურად გაზარდა ასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი, რომ კომისიის მიერ ხელახლა დაწყებულიყო ადმინისტრაციული წარმოება და იმისთვის, რომ კომისიას განუხილველად არ დაეტოვებინა დაინტერესებული პირის (მოსარჩელის) განცხადება. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობდა რ. ჯ-ეის მიმართ შეცვლილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძვლები და ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), კომისიას განუხილველი უნდა დაეტოვებინა მოსარჩელის განცხადება 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, თუმცა, რადგან მოთხოვნილი იყო 249 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების წესით უარი უთხრა მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის აღიარებაზე შემდეგ გარემობებზე მითითებით: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, განსახილველი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...). ამასთან, 249 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება (ს/კ ...).
კომისია სააპელაციო საჩივარში უთითებდა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა შორის არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, ვინაიდან იმავე მხარეებს შორის და იმავე დავის საგანზე, თითქმის იმავე საფუძვლით უკვე არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინებები, მათ შორის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვილის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. ჯ-ეის სარჩელი და კომისიის აქტებთან ერთად კანონიერად იქნა ცნობილი ის უფლების დამდგენი დოკუმენტები, რომელიც საფუძვლად დაედო ასაღიარებლად მოთხოვნილ 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდებაში მყოფ მიწის ნაკვეთს. სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორი შეფასება მიეცა აღნიშნულ საკითხს, ვინაიდან სადავო განკარგულება და ადმინისტრაციული წარმოებაც განხორციელდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული მთავრობის დადგენილების შესაბამისად და არა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის საფუძველზე. ამასთან, საკითხი განიხილა აღიარების კომისიამ და არა ხსენებული კანონის საფუძველზე უფლებამოსილმა კომისიამ. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი კორესპოდენცია მოსარჩელის საკითხის განხილვის თაობაზე იყო აღიარების კომისიის მიმართ და არა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით უფლებამოსილი კომისიის მიმართ.
კასატორის განმარტებით, აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და არა მუნიციპალიტეტის ან/და ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. შესაბამისად, კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვერ გასცდებოდა კანონიერების პრინციპს და კანონის საწინააღმდეგოდ ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას.
კასატორის მოსაზრებით, ყოველი მუნიციპალიტეტი თავის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (მიუხედვად ამ ქონების ადგილმდებარეობისა), არის დამოუკიდებელი და არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება ჩაერიოს ამ მუნიციპალიტეტის ფუნდამენტურ უფლებაში (ქონება წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) შექმნის, არსებობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძველს), მათ შორის, მუნიციპალიტეტის სტრუქტურაში შემავალ აღიარების კომისიებს. მხოლოდ იმ ქონების მესაკუთრე მუნიციპალიტეტია უფლებამოსილი განახორციელოს ქონებრივი უფლებები მუნიციპალიტეტის სახელით, რომელი მუნიციპალიტეტის ქონებასაც განეკუთვნება სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი. შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისიას არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა ემსჯელა და მით უმეტეს, ეღიარებინა სხვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. მეტიც, იმ შემთხვევაში თუ კომისია განახოციელებდა მსგავს ქმედებას და უღიარებდა სხვა მუნიციპალიტეტის საკუთრებას, მის მიერ გამოცემული აქტი იქნებოდა არარა და არ წარმოშობდა არანაირ იურიდიულ შედეგებს, როგორც არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წარმოადგენს ავტონომიურ ერთეულს, რომელსაც გააჩნია თავისი ქონება, კონსტიტუციური სტატუსი, თავისი ორგანოები, კონსტიტუცია და ბიუჯეტი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მიმართ, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების სტატუსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრივატიზების განსხვავებული წესი, სამართლებრივი რეჟიმი და ამდენად, ის ვერ დაექვემდებარება სახელმწიფო ქონების განკარგვის (პრივატიზების) რეჟიმს, რომელიც გამომდინარეობს მიწის აღიარების კანონმდებლობიდან. ვერც სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკა გამოდგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრების უფლებით აღიარების საფუძვლად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია კანონთა იერარქიაში უფრო მაღლა დგას აღიარების კანონთან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა თავისი ქონების განკარგვის ნაწილში არის დამოუკიდებლელი და იგი ამ უფლებამოსილებას ახორციელებს თავისი კანონმდებლობის საფუძველზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (უცვლელად დარჩა ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების შემდეგ) რ. ჯ-ეის სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის №14 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას რ. ჯ-ეზე ქ. ბათუმში, ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხის დავალდებულებას, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 200 (ორასი) კვ.მ. მიწის ნაკვეთის რ. ჯ-ეის საკუთრებაში აღიარების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის №14 საოქმო გადაწყვეტილება, რ. ჯ-ეზე ქ. ბათუმში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და კომისიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა, რ. ჯ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით. დასახელებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება სადავო აქტის კანონიერების თაობაზე და აღნიშნა, რომ მარტოოდენ მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტი, რომელიც შედგა 2014 წლის 20 ნოემბერს, ვერ იქნებოდა მიჩნეული იმის უტყუარ მტკიცებულებად, რომ კომისიის მიერ საკითხი სრულყოფილად იქნა გამოკვლეული, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კაპიტალური ღობის აგების დროსა და პერიოდს. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ რ. ჯ-ე 1998 წლიდან ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ...ს ... შეს. №18-ში და ამავე პერიოდიდან სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით. სასამართლოს აღნიშვნით, ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და წყალსაწრეტ არხს შორის არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო აქტი გამოიცა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი დადგენილი ფაქტების უტყუარად მიჩნევისათვის, რათა სასამართლოს მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება სარჩელთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკითხი, ხელახლა არსებითად გამოსაკვლევად და განსახილველად დაუბრუნდა ადმინისტრაციულ ორგანოს (ტ.1, ს.ფ 67-78); ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განმეორებით განიხილა რ. ჯ-ეის მოთხოვნა და 2017 წლის 21 თებერვლის №22 საოქმო გადაწყვეტილებით კვლავ უარი უთხრა რ. ჯ-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე, შემდეგი ორი საფუძვლით: 1) რ. ჯ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწას, რაც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას და ამასთან, 2) 2008 წლიდან მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტზე საკუთრების უფლებით, რის გამოც ის განიხილება სახელმწიფოს მიერ განკარგულად და ამდენად, რ. ჯ-ეის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (ტ.1, ს.ფ 81-85); გ) რ. ჯ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: სოფელ ...ში მდებარე 11632 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისადმი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 17 აპრილის №2/2-16/174 მიმართვის ბათილად ცნობა, რ. ჯ-ეის დაკვეთით შედგენილი საკადასტრო ნახაზის მიხედვით სადავო 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 18 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რ. ჯ-ეის სარგებლობაში არსებული 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 თებერვლის №22 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2017 წლის 9 მარტის №151 განკარგულების ბათილად ცნობა, რ. ჯ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და კომისიის დავალდებულება საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე, რ. ჯ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებულ 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 17 აპრილის №2/2-16/174 მიმართვა საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისადმი, სოფელ ...ში მდებარე 11632 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ, რ. ჯ-ეის დაკვეთით შედგენილი საკადასტრო ნახაზის მიხედვით, სადავო 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №..., სოფელ ...ში მდებარე 11 632 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სადავო 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, რ. ჯ-ეის დაკვეთით შედგენილი საკადასტრო ნახაზის მიხედვით. რ. ჯ-ეის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მსჯელობა ეფუძნება იმ დადგენილ გარემოებებს, რომ თავისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, 200 კვ.მ მიწის ნაკვეთს რ. ჯ-ე ფლობდა ფაქტობრივი დაუფლებით და სარგებლობდა მისით. ასევე, დადასტურებულ იქნა, რომ მოსარჩელე რ. ჯ-ეის საკუთრებაში რიცხული დამხმარე შენობა-ნაგებობის ნაწილი, დაახლოებით 6 კვ.მ მდებარეობდა მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთში. ამასთან, მოპასუხე მხარეს სადვოდ არ გაუხდია მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ რ. ჯ-ეის საკუთრების მომიჯნავე, წყალსაწრეტი არხის გასწვრივ, დაჭაობებული ტერიტორია ამოავსო და მოზვინა მოსარჩელემ ქვა-ღორღითა და მიწით, შემოაკავა ის და შემოღობა. 2000 წლიდან მოყოლებული ნაკვეთით უწყვეტად სარგებლობდა მოსარჩელე და არა სხვა პირი. დაჭაობებული ადგილის მოზვინვის გარეშე შეუძლებელი იყო ზღვასთან პირდაპირი დამაკავშირებელი გზის გაყვანა, ხოლო ზღვაზე გასასვლელი გზა მისთვის არის აუცილებელი. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებული იყო გამოეკვლია, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დასარეგისტრირებელ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული გარემოებები, რაც კერძო სამართლის სუბიექტების, მათ შორის, მოსარჩელე რ. ჯ-ეის სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ სარგებლობის ფაქტს შეეხებოდა და იმ შემთხვევაში მოეთხოვა მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუ მიწის ნაკვეთი თავისუფალი იქნებოდა. რაც შეეხება, რ. ჯ-ეის სარჩელის იმ ნაწილს, რომლითაც ის ითხოვდა კომისიის 2017 წლის 21 თებერვლის №22 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2017 წლის 9 მარტის №151 განკარგულების ბათილად ცნობას რ. ჯ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ...ში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, უფლებაასაღიარებელი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი განხილულ იქნა სახელმწიფოს მიერ განკარგულად და ამდენად, კომისია არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება, ამგვარ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. სასამართლოს მითითებით, კომისიამ სწორად შეაფასა საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ რ. ჯ-ეის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რადგანაც მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს (ტ.1, ს.ფ 88-106); დ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ჯ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე მსჯელობა, მხოლოდ სააპელაციო საჩივრების ფარგლებში შეეძლო, ვინაიდან მოსარჩელეს ის არ ჰქონდა გასაჩივრებული, აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 17 აპრილის №212-16/174 მიმართვით დამდგარი შედეგის გამო ვერ შეძლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზება, მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც ამ აქტის საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 29 აპრილის №...-06 გადაწყვეტილებით, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11632 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღირიცხა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი 22.09.01.849), რამაც მოიცვა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული, 200 კვ.მ ნაკვეთი, რის გამოც მას მიადგა ზიანი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, სადავო მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებად აღრიცხვა დაინტერესებული პირისათვის არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, შესაბამისი კანონმდებლობით დაგენილი წესით მოითხოვოს საკუთრების უფლების აღიარება. აქედან გამომდინარე, საქმის არსებითად განხილვით - სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისას, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სრული და ყოველმხრივი განხილვა-გამოკვლევით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის კანონიერი უფლების ან/და ინტერესის დარღვევის ფაქტი, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის უარყოფის საფუძველი იყო (ტ.1, ს.ფ 107-126); ე) მოსარჩელე რ. ჯ-ეს საკუთრებაში აქვს ქ. ბათუმში, ...ში მდებარე, 1803 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთი გაყოფილია ორ ნაწილად, შემდეგი მონაცემებით: 1. 1 064.00 კვ.მ ნაკვეთი, №1 შენობა-ნაგებობით, საერთო ფართი 487 კვ.მ და №2 შენობა-ნაგებობა 818,28 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...); 2. 739 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...), 46,15 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობით (ტ.1, ს.ფ 16-17); ვ) რ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ში მდებარე, თავის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, 249 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რ. ჯ-ეის განცხადება თანდართულ მასალასთან ერთად გადაეგზავნა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 მარტის №გ-21.14210631 განკარგულებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით განსაზღვრულ წესებს. კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოთხოვნილი 249 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ არის სახელმწიფო საკუთრებაში, არამედ, 249 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი, საჯარო რეესტრში აღრიცხულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (ს.კ. ...), ხოლო ნაწილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენს (ს.კ. ...) (ტ.1, ს.ფ 167, 22);
საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ რ. ჯ-ეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინება გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.
მოცემულ შემთხვევაში მთავარი სადავო საკითხია ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 249 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რ. ჯ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი განიმარტება, როგორც სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების ასაღიარებლად სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი. ამასთან, სახეზე უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: თვითნებურად დაკავებულ მიწაზე განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 249 კვ.მ ფართობის მქონე სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს რ. ჯ-ეის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. რ. ჯ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოთხოვნილი 249 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ იყო სახელმწიფო საკუთრებაში, არამედ, მიწის ნაკვეთის ნაწილი საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ნაწილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის №ბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, დადგენილია, რომ მიუხედავად ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხისა, სახელმწიფო ქონების მათთვის გადაცემის შედეგად, შესაბამისი უფლების მოპოვება არ უთანაბრდება სახელმწიფო ქონების განკარგვას, ამა თუ იმ ქონების სახელმწიფოს საკუთრებიდან გამოცალკევებას და არ გამორიცხავს აღნიშნულ ქონებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ხოლო ნაწილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში არ გამორიცხავდა მასზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, რ. ჯ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო არ არის ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებობის ფაქტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი თავდაპირველად შედიოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში და წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, არ ცვლის იმ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთი მიმდინარე ეტაპზე მოქცეულია ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების აღიარება, სწორედ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კომპეტენციაა.
რაც შეეხება კასატორების შედავებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწას, საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სანიტარიული და დაცვითი ზონები.
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. მითითებული კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, (1) წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქმიანობის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით; (2) ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე, თუ ეს მიწის ნაკვეთი ან მის ნაწილი დადგენილი წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტზე „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, (1) წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის ნაკვეთების საკუთრებაში და სარგებლობაში გადაცემისა და ტყითსარგებლობის წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა; (2) წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით; (3) „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ფიზიკური და იურიუდიული პირების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე, თუ ეს მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი დადგენილი წყალდაცვითი ზოლის ფარგლებშია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არც სადავო აქტით და არც ადმინისტრაციული ორგანოების განმარტებებით არ არის განსაზღვრული, რა კონკრეტული კრიტერიუმების და მახასიათებლების გამო მიიჩნევა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი იმ კატეგორიის ნაკვეთად, რომელზეც საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარება და რის საფუძველზე ჩაითვალა მიწის ნაკვეთი თუნდაც წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად, რომელი კონკრეტული უწყების მიერ არის მიჩნეული და აღრიცხული წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად ეს ტერიტორია, რომელი კომპეტენტური ორგანოსაგან მიიღო ასეთი ინფორმაცია ან შესაბამისი დოკუმენტი საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია არხის დანიშნულება, სადავო მიწის ნაკვეთის წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად მიჩნევა, მიუთითებს, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ შეუსწავლის საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე არ მიუღია. საკითხის ხელახალი განხილვის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მხედველობაში მიიღოს ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებობა არ აბრკოლებს სათანადო პირობების დადასტურების შემთხვევაში მასზე რ. ჯ-ეის საკუთრების უფლების აღიარებას, გამოიკვლიოს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი გარემოების არსებობა/არარსებობის საკითხი, სრულად შეისწავლოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, ვინაიდან იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით მიღებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არსებითად შეცვლილი იყო სამართლებრივი მდგომარეობა, ცვლილებები განხორციელდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში, მათ შორის, ახალებურად ჩამოყალიბდა თვითნებურად დაკავებული მიწის ცნება. შესაბამისად, რ. ჯ-ე უფლებამოსილი იყო მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელსაც არსებითად უნდა ემსჯელა სადავო საკითხზე და კანონის მოთხოვნათა დაცვით სრულყოფილად ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მართალია, არსებითად განიხილა საკითხი, თუმცა მის მიერ სრულყოფილად არ გამოკვლეულა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საგულისხმოა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების შინაარსი, რომლითაც მართალია, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობა, არამედ ის ფაქტი, რომ სადავო აქტები მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების აღრიცხვის თაობაზე, რომელთაც მოსარჩელე ასაჩივრებდა, არ აყენებდა მის უფლებებს ზიანს. სასამართლოს განმარტებით მხარეს არ ერთმეოდა უფლება საკუთრების უფლების აღიარება მოეთხოვა აღნიშნულ ქონებაზე. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ბ. შონია
თ. ოქროპირიძე