დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 06.11.2006
საქმის ნომერი
ას-708-1081-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.11.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-708-1081-06 6 ნოემბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

მოსამართლე თ. თოდრია

დავის საგანი: სავალდებულო წილის მიღება (სარჩელში); ანდერძის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. მ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ტ. მ-ძის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ მისი ბაბუა ლ. მ-ძე ცხოვრობდა ბოლნისის რაიონის სოფ. ... თავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში. ლ. მ-ძეს ჰყავდა ოთხი შვილი, მათგან ორი შვილი გარდაცვლილია. ტ. მ-ძემ 1959წ. 23 აგვისტოს ე.წ. საშინაო აქტით მიიღო ბაბუის ლ. მ-ძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი სახლისა და საოჯახო ქონების ნახევარი, რომელიც მისი მშობლების სიცოცხლეშივე _ 1988წ. 25 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა მეუღლეს _ მ. მ-ძეს ისე, რომ არ მოუხდენია სადავო ქონების საკუთრებაში მიღების რეგისტრაცია ხელშეკრულების წერილობითი ფორმით. საცხოვრებელი სახლის მეორე ნახევარი ანდერძის საფუძველზე მიიღო ზ. მ-ძემ, სადაც ცხოვრობს დღემდე მშობლებთან ერთად. ანდერძით მიღებული ქონება მოპასუხეებს არასოდეს გაუხდიათ სადავოდ. 2004 წელს ანდერძი წარუდგინა ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს და მის სახელზე გაფორმდა საცხოვრებელი სახლის მეორე ნახევარი, მაგრამ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა სარეგისტრაციო ჩანაწერი იმ მიზეზით, რომ მას არ მიუმართავს სანოტარო ორგამოსათვის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ. მოანდერძის გარდაცვალებიდან გასულია 17 წელი, ამ ხნის განმავლობაში ფლობს და განკარგავს სამკვიდრო ქონებას, რაც სადავოდ არავის არ გაუხდია. ზ. მ-ძემ სარჩელით მოითხოვა გაუგრძელდეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა.

ტ. მ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 1975წ. 10 ნოემბერს ლ. მ-ძის მიერ შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ზ. მ-ძეს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ ხანდაზმულობის გამო; ზ. მ-ძის მიერ მიღებულად ჩაითვალა სამკვიდრო ბოლნისის რაიონის სოფ. ... მდებარე 1/2-ზე მისი ხანგრძლივი ფაქტობრივი მფლობელობის გამო მამის ა. მ-ძის კუთვნილი სავალდებულო 1/4-ის გათვალისწინებით; უარი ეთქვა ტ. მ-ძეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ლ. მ-ძის ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ; მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ა. მ-ძეს გამოეყო სავალდებულო წილი მამის _ ლ. მ-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ¼1/4-ზე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006წ. 22 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ტ. მ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 ივლისის განჩინებით ტ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნებს, აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი და არ გადახადა სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ტ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ მიიღო განსახილველად დაუშვებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივრი შეიტანა ტ. მ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება იმ საფუძვლით, რომ მას განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ არ ჩაბარებია, რასაც ადასტურებს ბოლნისის საფოსტო განყოფილების უფროსის მიერ გაცემული ცნობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ტ. მ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან კიდევ, ამ განჩინების მხარისათვის გადაგზავნით სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 ივლისის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა ტ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი, საქმეში მითითებულ მისამართზე ტ. მ-ძეს გაეგზავნა 2006წ. 11 აგვისტოს. განჩინების ასლი ტ. მ-ძეს პირადად ჩაბარდა 2006წ. 18 აგვისტოს; აღნიშნულიდან გამომდინარე, ტ. მ-ძეს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 30 სექტემბრის ჩათვლით. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კერძო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2006წ. 31 სექტემბერს, ანუ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დარღვევით.

სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12-დღიანი ვადა და ტ. მ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ტ. მ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.