დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 21.05.2025
საქმის ნომერი
ბს-351(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-351(კ-25) 21 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა.ქ-ი, ჰ.ქ-ი, რ.ქ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ქ-იმ, ჰ.ქ-იმ და რ.ქ-იმ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილება ,,ა.ქ-ის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე’’; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილება ,,ჰ.ქ-ის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე’’; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილება ,,რ.ქ-ის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე’’; დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეებისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: ა.ქ-ის, ჰ.ქ-ის და რ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილება ა.ქ-ის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილება ჰ.ქ-ის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილება რ.ქ-ის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა.ქ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე. დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჰ.ქ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე. დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ.ქ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს 2023 წლის 16 მარტის №..., 2023 წლის 16 მარტის №... და 2023 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა კანონიერების პრინციპის განხორციელების გზით, კონკრეტულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სააგენტომ 2022 წლის 30 დეკემბერს №..., №... და №... წერილებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს იმის გასარკვევად, არსებობდა თუ არა ა.ქ-ის, ჰ.ქ-ის და რ.ქ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის SSG... 2023 წლის 6 მარტის SSG... და 2023 წლის 6 მარტის SSG... წერილებით სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს №..., №... და №... საქმეში მითითებული პირებისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია. შესაბამისად, განმცხადებლებს თანამემამულის სტატუსის მიღებაზე კომპეტენტური, ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ეთქვა უარი, რაც კანონმდებლობის საფუძველზე სააგენტოს მხრიდანაც უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.ქ-იმა (დაბ:... ... ... წელს) 2022 წლის 27 დეკემბერს განცხადებითა და თანდართული მასალებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სადაც აღნიშნა, რომ 18 წელია არის ფერეიდნელი ქართველების სიძე, აქვს ქართული ოჯახი, საქართველოსადმი აქვს დიდი სიყვარული და პატივისცემა. სურს, რომ მის შვილებს მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ საქართველოსთან, ქართულ კულტურასთან და ოჯახთან ერთად იცხოვროს მუდმივად საქართველოში. აღნიშნულ მოტივებზე დაყრდნობით, მოითხოვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭება. სამოტივაციო წერილში მიუთითა, რომ მის მეუღლეს აქვს თანამემამულის სტატუსი (ს.ფ 51-57); ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 30 დეკემბერს №... წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა ა.ქ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის SSG... წერილის თანახმად, დეპარტამენტმა მოსარჩელე ა.ქ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიიჩნია (ს.ფ 80-81); გ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 30 დეკემბრის №... წერილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა ა.ქ-ისთვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2023 წლის 10 თებერვლის №01/4505 წერილის თანახმად, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ა.ქ-ი აკმაყოფილებდა ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს (ს.ფ 76, 77-79); დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილებით, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ა.ქ-ის უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე (ს.ფ 21); ე) ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ-მა (დაბ: ... ... ... წელს) 2022 წლის 27 დეკემბერს განცხადებითა და თანდართული მასალებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სადაც აღნიშნა, რომ არის დედით ქართველი და ძალიან დიდი სიყვარული გააჩნია საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. სურს, რომ იცხოვროს საქართველოში და გაიუმჯობესოს საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ურთიერთობა. აღნიშნულ მოტივებზე დაყრდნობით, მოითხოვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭება. სამოტივაციო წერილში მიუთითა, რომ მის დედას აქვს თანამემამულის საბუთი და სურს იცხოვრონ საქართველოში (ს.ფ 84-89); ვ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 30 დეკემბერს №... წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა ჰ.ქ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის SSG... წერილის თანახმად, დეპარტამენტმა მოსარჩელე ჰ.ქ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიიჩნია (ს.ფ 112-113); ზ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 30 დეკემბრის №... წერილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა ჰ.ქ-ისთვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2023 წლის 10 თებერვლის №01/4505 წერილის თანახმად, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჰ.ქ-ი აკმაყოფილებდა ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს (ს.ფ 108, 109-111); თ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილებით, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჰ.ქ-ს უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე (ს.ფ 22); ი) ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ.ქ-მა (დაბ: ... ... ... წელს) 2022 წლის 27 დეკემბერს განცხადებითა და თანდართული მასალებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სადაც აღნიშნა, რომ არის დედით ქართველი და ძალიან დიდი სიყვარული გააჩნია საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. სურს, რომ იცხოვროს და ისწავლოს საქართველოში. აღნიშნულ მოტივებზე დაყრდნობით, მოითხოვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭება. სამოტივაციო წერილში მიუთითა, რომ მის დედას აქვს თანამემამულის საბუთი და სურთ იცხოვრონ საქართველოში (ს.ფ 115-120); კ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 30 დეკემბერს №... წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა რ.ქ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის SSG... წერილის თანახმად, დეპარტამენტმა მოსარჩელე რ.ქ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიიჩნია (ს.ფ 145-146); ლ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 30 დეკემბრის №... წერილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა რ.ქ-ისთვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2023 წლის 10 თებერვლის №01/4505 წერილის თანახმად, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რ.ქ-ი აკმაყოფილებდა ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს (ს.ფ 138, 109-111); მ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილებით, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რ.ქ-ს უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე (ს.ფ 23).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ა.ქ-ისთვის, ჰ.ქ-ისთვის და რ.ქ-ისთვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები და ჩამოაყალიბოს ამ პოლიტიკის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი (1-ლი მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ- კავკასიურ ენებს.

მითითებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, (1) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ამ კანონის შესაბამისად შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში; ბ) არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს; (2) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობა ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილება დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სათანადო დასკვნით (მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოდ განისაზღვრულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო). შესაბამისი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების დადასტურების მიზნით გამოიყენოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას, ასევე აღნიშნული პირის მიერ წარმოდგენილ იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ან/და იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებულია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებული საკითხებით; (3) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი არასრულწლოვან პირს მიენიჭება ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე.

მითითებული კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი განცხადებას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს. უცხოეთში მყოფ პირს შეუძლია განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც განცხადებას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გადაუგზავნის სააგენტოს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და პირის ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის.

ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, (1) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ქმედების განხორციელების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე; ბ) პირის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენა; გ) ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობების დაუკმაყოფილებლობა ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნის თანახმად, მოსარჩელეები აკმაყოფილებდნენ „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველი გახდა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე.

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას.

საკასაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 8 აპრილის №ბს-351(კ-25) მიმართვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელეთათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლად მიჩნევას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების (სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის) გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ ქმნიდა მოპასუხის მიერ სადავო აქტების გამოცემის საფუძველს, ამ საფუძვლით არ არსებობდა მოსარჩელეთათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის წინაპირობა (დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელეების მიმართ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნის თანახმად, მოსარჩელეები აკმაყოფილებენ „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელეებისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეების მიმართ მოპასუხის მიერ ჩატარებულია დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოებები და გამოცემულია სამი სხვადასხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მოსარჩელეებთან მიმართებით დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი უნდა განისაზღვროს არაქონებრივ დავაზე თითოეული მოსარჩელის ნაწილში დამოუკიდებლად და შეადგენს ჯამში 900 (300X3) ლარს, რომლის 70% - 630 ლარი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო უნდა დაბრუნებოდა კასატორს, ხოლო 270 ლარი უნდა ჩათვლილიყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე გადახდილია წინასწარ მხოლოდ 300 ლარის ოდენობით, საიდანაც 270 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 30 ლარი უნდა დაუბრუნდეს კასატორს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.01.2025წ. №01261 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან 30 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია