დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-620(კ-25) 22 ივლისი, 2025 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა. ბ. ი. ა-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ბ. ი. ა-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 9 იანვრის N03/00016755/2023-03 გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 30 იანვრის №01-35 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ბ. ი. ა-ას სასარგებლოდ სასწავლო ვიზის გაცემის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ბ. ი. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ბ. ი. ა-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ა. ბ. ი. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ. ი. ა-ამ.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად განიმარტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს. კასატორის განმარტებით, იგი არის პალესტინის მოქალაქე. საქართველოში შემოვიდა 2023 წლის 14 ოქტომბერს განათლების მიღების მიზნით, სწავლობს ... უნივერსიტეტში ... ფაკულტეტზე. მას გადახდილი აქვს მიმდინარე აკადემიური წლის საფასური ... აშშ დოლარი. პროგრამა არის 5 წლიანი, მოსარჩელე ამ ეტაპზე არის პირველ კურსზე. მას საქართველოში სჭირდება სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რისთვისაც საჭირო არის ვიზის მიღება, რაზედაც მან მიმართა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს 2023 წლის 22 დეკემბერს. სამწუხაროდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა სავიზო განაცხადის დაკმაყოფილებაზე და საქართველოში ვიზის გაცემაზე.
კასატორს სურს დაასრულოს საბაკალავრო პროგრამა, რომელზეც ახლახან ჩაირიცხა. მას აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს საშუალებით აღიდგენს საკუთარ უფლებას და მიიღებს ვიზას, რადგან იგი არ წარმოადგენს _ საქართველოსთვის საშიშ პიროვნებას, არ არღვევს კანონს, არ იძებნება და არ მიმდინარეობს მის მიმართ სისხლისსამრთლებრივი დევნა, მათ შორის, არც პალესტინის რესპუბლიკაში. ვიზის გაცემის საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს (საკონსულო დეპარტამენტის) დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, უწყებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის მიუხედავად უფლება ჰქონდა მიენიჭებინა _ მოსარჩელისთვის ვიზა, რადგან როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელისთვის ვიზის გაცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იგი არის სტუდენტი, მის სწავლაში მისმა ოჯახმა განახორციელა ფინანსური ინვესტიცია, ცხოვრობს ქირით, აქვს უამრავი ყოველდღიური ხარჯი და ამ ყველაფერში მას ოჯახი ეხმარება, რათა მიიღოს განათლება საქართველოში. კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაში უარის თქმის მიზეზად მითითებული არის ის გარემოება, თითქოს მოსარჩელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას, სხვა პირთა ჯანმრთელობას, უფლებებს და ა. შ. რაც არის აბსტრაქტული საფუძველი და ყოვლად დაუსაბუთებელი, კასატორს არ აქვს ჩადენილი დანაშაული არც საქართველოში და არც სხვა ქვეყანაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ბ. ი. ა-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ. ი. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივ წესრიგის, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 6 დეკემბრის N1000920426 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2023 წლის 4 დეკემბრის N1000920426 განცხადება ა. ბ. ი. ა-ას საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2024 წლის 11 თებერვლამდე.
2023 წლის 22 დეკემბერს ა. ბ. ი. ა-ამ სავიზო განაცხადი წარადგინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში და საქართველოს ვიზის გაცემა მოითხოვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 8 იანვრის SSG 7 24 00001274 წერილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ა. ბ. ი. ა-ას მიმართ, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ვიზის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 9 იანვრის N03/00016755/2023-03 გადაწყვეტილებით ა. ბ. ი. ა-ას უარი ეთქვა საქართველოს ვიზის გაცემაზე, ვინაიდან საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. 2024 წლის 16 იანვარს ა. ბ. ი. ა-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ,,საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 9 იანვრის N03/00016755/2023-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 30 იანვრის №01-35 ბრძანებით, ა. ბ. ი. ა-ას 2024 წლის 16 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ,,საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 9 იანვრის N03/00016755/2023-03 გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. უცხოელის საქართველოში კანონიერად შემოსვლის/ყოფნის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ვიზის მიღებაა, რომელსაც დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. ამასთან, კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, ვიზა არის დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია. ვინაიდან ვიზის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ამავე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის“ 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სამინისტრო ან/და ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. ამავე წესის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ვიზის გაცემაზე უარი უნდა ეთქვას, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. წესის 26-ე მუხლის 31 პუნქტის მიხედვით, ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია გამოითხოვება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევები, წესი და პირობები განისაზღვრება სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ვიზის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელისათვის საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 09 ივნისის მიმართვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არის დასაბუთებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები ქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ მოსარჩელე საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, რის გამოც გასაჩივრებული აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის სახელზე ვიზის გაცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ. ი. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
3. შპს „...“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს ა. ბ. ი. ა-ას საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 10 აპრილს №26760754650 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე