გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-825-1101-05 19 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „რ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა ა. კ-ისათვის მის სასარგებლოდ 12000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 აპრილის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად მიეცა ვადა _ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე.
განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა 2005წ. 28 აპრილს.
2005წ. 6 მაისს აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში შეიტანა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ სასამართლოს წარუდგინა გადაწყვეტილების ასლი და ბაჟის ნაწილობრივ გადახდის ქვითარი. ამასთან, სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადავადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 10 მაისის განჩინებით შპს „რ-ის“ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ, სსკ-ის 368-ე, 374-ე მუხლების შესაბამისად, საჩივარი დაუშვებელია ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
შპს „რ-ის“ დირექტორმა ა. გ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მაისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ბაჟის დარჩენილი თანხის გადავადება იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადით მან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით და ითხოვა დარჩენილი ნაწილის გადავადება.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 3 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 18 აპრილის განჩინებით შპს „რ-ს“ მიეცა ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად ვადა _ 7 დღე. დადგენილ საპროცესო ვადაში მოსარჩელემ სასამართლოში შეიტანა განცხადება, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და ითხოვა გადაუხდელი ბაჟის ნაწილის გადავადება. სასამართლომ ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და იშუამდგომლა გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადავადების თაობაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა მოსარჩელის განცხადება და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადავადების შემთხვევაში თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა საპროცესო ვადა. სსკ-ის 368-ე მუხლით დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მექანიზმი გულისხმობს ვითარებას, როცა ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ნათელია, რომ მხარემ არ შეავსო და არც აპირებს ხარვეზის შევსებას. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი უარს კი არ ამბობს სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე, არამედ მოითხოვს მისი ნაწილის გადავადებას. შუამდგომლობის არგაზიარების გამო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში კი მას ერთმევა საშუალება განახორციელოს ხარვეზის შევსება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის განცხადების საფუძველზე, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გაუგრძელოს აპელანტს საპროცესო ვადა და ამ ვადის გასვლის შემდეგ იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე.
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 284-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „რ-ის“ დირექტორ ა. გ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მაისისა და 3 ივნისის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.