დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1344(კ-24) 15 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე - თ. შ-ი
მესამე პირი - მ. ც-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 30 აპრილს თ. შ-მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2014 წლიდან მუშაობდა ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...ი) თანამდებობაზე. 2019 წელს იგი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მას მძიმე ოჯახური პირობების გამო მოუწია სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა. საქართველოში დაბრუნებისას შეიტყო ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამოცხადებული კონკურსის შესახებ და მიიღო მონაწილეობა. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, 2020 წლის 7 თებერვალს მიიღო მონაწილეობა ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ,,... რანგის ... სპეციალისტის“ თანამდებობაზე გამოცხადებულ გასაუბრებაში, მაგრამ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილების თანახმად, წარმატებით ვერ გაიარა აღნიშნული კონკურსი. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის გაუგებარია რა გახდა საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი. საკონკურსო კომისიის მიერ გამოგზავნილი წერილით დასტურდება, რომ საკონკურსო კომისიას არ შეუდგენია სათანადო ოქმი, არ უმსჯელია იმ ხარვეზებზე და ნაკლოვანებებზე, რომელიც გახდა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...) შესარჩევი კომისიის 2020 წლის 11 ივნისის N3 სხდომის ოქმის, ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...) შესარჩევი კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 11 ივნისის N MES 1 20 00459363 წარდგინების, ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მ. ც-ის დანიშვნის თაობაზე ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2020 წლის 18 ივნისის N01/კ-10 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - თ. შ-ის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...) თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება მ. ც-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით თ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...) შესარჩევი კომისიის 2020 წლის 11 ივნისის N3 სხდომის ოქმი; ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...) შესარჩევი კომისიის თავმჯდომარის, თ. მ-ას 2020 წლის 11 ივნისის N MES 1 20 00459363 წარდგინება; ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2020 წლის 18 ივნისის N01/კ-10 ბრძანება ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ...კატეგორიის ... სპეციალისტის თანამდებობაზე მ. ც-ის დანიშვნის თაობაზე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - ხელახალი გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, თ. შ-თან მიმართებაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინებით ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ დადგენილების სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს გამჭვირვალე, გამომდინარეობდეს და პასუხობდეს კანდიდატისთვის წინასწარ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. შეფასების მეთოდი შეიძლება იყოს როგორც ქულათა სისტემით, ასევე სხვაგვარი (დადებითი, უარყოფითი, საშუალო და ა.შ.), თუმცა აუცილებელია, რომ შერჩეული მეთოდი იძლეოდეს იმის აღქმის შესაძლებლობას, კონკრეტულ კრიტერიუმთან მიმართებით კომისიამ რა შეფასება მისცა კანდიდატს. კონკურსანტისთვის მინიჭებული შეფასება უნდა იძლეოდეს კონტროლის შესაძლებლობას, ერთი მხრივ, თუ რა კრიტერიუმებით იქნა შეფასებული და რა კომპონენტებში მოიპოვა ან/და ვერ მოიპოვა კანდიდატმა ქულა, ხოლო, მეორე მხრივ, მინიჭებული ქულები უნდა იყოს დასაბუთებული, თითოეულ ქულას უნდა გააჩნდეს შესაბამისი საფუძველი, რაც იქნება აღქმადი დაინტერესებული პირისთვის. სააპელაციო პალატის განმარტებით, კონკურსის პრინციპების დაცულობის შეფასებისათვის, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს კონკურსის მიმდინარეობის პროცესის შემოწმების შესაძლებლობა. იმ პირობებში, როდესაც არც სხდომის ოქმი და არც გასაუბრების მიმდინარეობის რაიმე ტიპის ჩანაწერი (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) არ არსებობს, გამოირიცხება შემოწმების შესაძლებლობა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში კონკურსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი - გამჭვირვალობა, დარღვეულია. საკონკურსო კომისიის მიერ გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი არაა ასახული შესაბამის კონკრეტულ დოკუმენტში და არ განხორციელებულა კანდიდატთა ინდივიდუალური შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეიმუშაოს შეფასების დეტალური მეთოდოლოგია, ცხადი უნდა იყოს თუ რომელ კომპონენტში (კვალიფიკაცია, პროფესიული დონე, ცოდნა, პიროვნული თვისებები, მოტივაცია, უნარ-ჩვევები) რა ქულით (ან შეფასების სხვაგვარი ფორმით) იქნა შეფასებული კონკურსანტი და რატომ, კონკურსანტისათვის მინიჭებული თითოეული ქულა უნდა ექვემდებარებოდეს დასაბუთებას, ახსნას. გასაუბრების ქულათა სისტემით შეფასების პირობებში უნდა დადგინდეს ქულათა ზღვრული ბარიერი, რომლის დაძლევის შემთხვევაში, კონკურსის ეტაპი ჩაითვლება წარმატებით დაძლეულად. გასაუბრება უნდა წარიმართოს წინასწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. საკონკურსო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი. ამასთან, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციული ორგანო - საკონკურსო კომისია ვალდებულია გასაუბრების ეტაპის ამსახველი რაიმე დოკუმენტი (სხდომის ოქმი ან გასაუბრების მიმდინარეობის რაიმე ტიპის ჩანაწერი -სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) შეადგინოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებული მსჯელობა წარმოადგენს უხეშ ჩარევას ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებაში და აწესებს იმგვარ ნორმატიულ სტანდარტს, რომელიც არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებით დამტკიცებული ”საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის" მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო არაა ვალდებული გამოიყენოს ქულათა სისტემა, გადაწყვეტილების მიღება, პირის წარდგენა/არ წარდგენაზე შეიძლება მიღებულ იქნეს კენჭისყრის შედეგად. კომისიამ მოცემულ შემთხვევაში სწორედ ზემოთ მოყვანილი მეთოდი გამოიყენა და კვორუმით მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი კანდიდატის წარდგენის შესახებ. სასამართლოს მსჯელობით გამჭვირვალობის პრინციპი მოითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსაგან ქულათა სისტემის ან მასთან მიმსგავსებული სხვა მეთოდის გამოყენებას. ეს უკანასკნელი არ შეესაბამება საკანონმდებლო ლოგიკას, რადგან ზოგადი პრინციპები კონკრეტიზდება კერძო დებულებებში. კანონმდებელმა ჩათვალა, რომ პროცესის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის დაცვა შესაძლებელი იქნებოდა უბრალო კენჭისყრის გამოყენების დროსაც. კანონმდებელმა ადმინისტრაციულ ორგანოს დაუტოვა დისკრეციული უფლებამოსილება და მის განსჯას მიანდო გამოიყენებდა ქულათა სისტემის თუ კენჭისყრის მეთოდს. პროცესის გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობა შეიძლება დაირღვეს ქულათა სისტემის არსებობის შემთხვევაშიც. ვერც ერთი მეთოდი ვერ იქნება ცალკე აღებული ობიექტურობის გარანტი. მიკერძოებულობა შეიძლება გამოვლინდეს ქულის დაწერისა და მისი დასაბუთების ეტაპზეც.
რაც შეეხება კრიტერიუმებს კასატორის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა, თითქოს კონკურსის ჩატარების პროცესში არ არსებობდა შესაბამისი კრიტერიუმები მცდარია. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს უნდა დაეკმაყოფილებინა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმები. კონკრეტული მონაცემის დაკმაყოფილება, რაზეც აპელირებს სასამართლო, განიხილება საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან პირის შესაბამისობისა და განცხადებათა გადარჩევის ეტაპზე, ხოლო გასაუბრების (კონკურსის მე-2) ეტაპი, ემსახურება იმის შეფასებას - თუ რამდენად შეესაბამება პირი კონკრეტული თანამდებობის სპეციფიკას. ასეთი კრიტერიუმებია კანდიდატის "ცოდნა, გამოცდილება და მოტივაცია". ამ სამი მოცემულობის შეფასებისას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს კომისიის წევრი საკუთარ პოზიციას ხმის მიცემით დააფიქსირებს თუ კონკრეტული ქულის დაწერით. ამ კრიტერიუმების მეტად დავიწროება თუ წინასწარ გაწერილი კითხვების დონეზე დაყვანა არაეფექტურია, რადგან გასაუბრების პროცესში ფასდება პირის მისწრაფებები, მოტივაცია, გამოცდილება და რიგი პერსონალური უნარ-ჩვევა, რომლებიც ინდივიდუალურია. წინასწარ კითხვების გამზადება, იქნებოდა უბრალო ფორმალობა. სასამართლო ასევე აპელირებს სხდომის სტენოგრამის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის არ არსებობაზე და ზემოთ განვითარებული მსჯელობის მსგავსად ასევე იჭრება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში. მსგავსი მსჯელობით სასამართლო ერთგვარად ირგებს პოზიტიური კანონმდებლის როლს და ავალდებულებს ორგანოს გამოიყენოს ჩაწერის რომელიმე ხერხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...) შესარჩევი კომისიის 2020 წლის 11 ივნისის N3 სხდომის ოქმის, ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...) შესარჩევი კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 11 ივნისის N MES 1 20 00459363 წარდგინების, ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მ. ც-ის დანიშვნის თაობაზე ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2020 წლის 18 ივნისის N01/კ-10 ბრძანების კანონიერების შემოწმება და თ. შ-ის ... რანგის ... კატეგორიის უმცროსი ... (...) თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურად ითვლება სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ზემოაღნიშნული კანონის V თავი აწესრიგებს მოხელის თანამდებობაზე მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 39-ე მუხლის თანახმად კი, კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) კანდიდატის შეფასება; გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება. თავის მხრივ, დასახელებული კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავს, რომ კონკურსის (ღია კონკურსი, დახურული კონკურსი ან შიდა კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე-42-ე მუხლები უკავშირდება კონკურსის ფარგლებში უშუალოდ კანდიდატის შეფასებისა და კონკურსის შედეგების საკითხს. კერძოდ, 41-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკონკურსო კომისია აფასებს კანდიდატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანამიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი შერჩევისა და სამსახურში მიღების პროცესის ყველა ეტაპზე. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილების, მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის და მისი პროფესიული ცოდნის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ სამუშაო აღწერილობასთან, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებსა და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას. ამავე მუხლის მე-5-მე-6 პუნქტების თანახმად კი, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარედგინება მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს. დასახელებული კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისია მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ კონკურსი ჩაშლილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არც ერთი განაცხადი ან თუ საკონკურსო კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია, დახურული, შიდა და გამარტივებული საჯარო კონკურსების (შემდგომში − კონკურსი) ჩატარების წესსა და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიების (შემდგომში − კომისია) საქმიანობის დეტალურ წესსა და უფლებამოსილებებს განსაზღვრავს ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის #204 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი“. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკურსის სახეებია: ღია, დახურული, შიდა კონკურსი და გამარტივებული საჯარო კონკურსი. ამავე წესის მე-4 მუხლი განსაზღვრავს კონკურსის მიზანსა და ამოცანებს, რომლის თანახმად, კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა; ხოლო კონკურსის ამოცანებია: ა) საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტური თანამდებობებისათვის კანდიდატების შერჩევისა და საჯარო სამსახურში განწესების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) საუკეთესო კანდიდატების შერჩევა ვაკანტური პოზიციებისათვის განსაზღვრულ ძირითად, სპეციალურ და ასევე, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე. სწორედ აღნიშნულ მიზნებსა და ამოცანებზე მიუთითებს წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონკურსის პრინციპები, რომელიც ეფუძნება: კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობისა და ღიაობის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ სხვა პრინციპებს. კონკურსის ჩატარების ფორმები და პირობები გათვალისწინებულია მითითებული წესის მე-19 მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ღია და დახურული კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) კანდიდატის შეფასება; გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება. ამავე წესის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ღია და დახურული კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას, „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის“ 21-ე მუხლის შესაბამისად კი, ღია და დახურული კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და მისი პროფესიული ცოდნის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობასთან, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას. 3. კანდიდატის შეფასება ხდება: ა) წერითი ან/და ზეპირი დავალების მიცემით; ბ) გასაუბრებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, კი კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში: ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი) უფროსის 2019 წლის 18 ოქტომბრის N01/კ-58 ბრძანებით, ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტი, ...ი თ. შ-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2019 წლის 18 ოქტომბრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე.
ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 27.12.19 N02-36 ბრძანებით ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...) შერჩევის მიზნით, გამოცხადდა ღია კონკურსი; კონკურსის კომისიის თავმჯდომარედ განისაზღვრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ... სამმართველოს უფროსი, თ. მ-ა.
ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2019 წლის 31 დეკემბრის N02-38 ბრძანებით, განისაზღვრა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ხოლო 2019 წლის 31 დეკემბრის N02-37 ბრძანებით, დამტკიცდა კონკურსის ფარგლებში კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...) შესარჩევი კომისიის 2020 წლის 10 იანვრის N1 ოქმის თანახმად, კონკურსის შეფასების ფორმად დადგინდა გასაუბრება, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ფორმად - ღია კენჭისყრა.
ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2020 წლის 15 იანვრის N02-02 ბრძანებით განისაზღვრა კონკურსის მიზნებისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი. ასევე, ამავე ბრძანებაში მითითებულია, რომ კონკურსის შეფასების ფორმაა: განცხადებების გადარჩევა, გასაუბრება. კონკურსის ეტაპები: განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება.
ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...) შესარჩევი კომისიის 2020 წლის 30 იანვრის N2 ოქმის თანახმად, განისაზღვრა იმ კანდიდატთა ვინაობა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის I ეტაპი. დასახელებულ კანდიდატებს შორის იყვნენ: თ. შ-ი და მ. ც-ი. გასაუბრების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 7 თებერვალი.
დადგენილია, რომ 2020 წლის 7 თებერვლის გასაუბრების პროცესის ამსახველი რაიმე დოკუმენტი (წერილობითი ოქმი, ელექტრონული ვიდეო/აუდიო) კონკურსის ფარგლებში წარმოებული არ ყოფილა. გასაუბრების თაობაზე ზოგადი ინფორმაცია მითითებულია ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...ის) შესარჩევი კომისიის 2020 წლის 11 ივნისის N3 ოქმში. ოქმის თანახმად, ირკვევა, რომ კონკურსის II ეტაპი - გასაუბრება შედგა 2020 წლის 7 თებერვალს მხოლოდ 2 კანდიდატს, თ. შ-სა და მ. ც-ს შორის. გასაუბრება წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დასახელებული სხდომის ფარგლებში კომისია ვერ შეთანხმდა საბოლოო წარსადგენ კანდიდატურაზე, რის გამოც, საკითხის განხილვა გადაიდო დამატებითი სხვა სხდომისთვის. გასაუბრების თაობაზე სხვა ინფორმაციას ოქმი არ შეიცავს.
მოსარჩელემ პირად ელექტრონულ ფოსტაზე (...) მიიღო შეტყობინება ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან, სადაც აღნიშნულია, რომ მან ვერ გაიარა წარმატებით დასახელებული კონკურსის II ეტაპი - გასაუბრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან 2020 წლის 8 თებერვალს ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო დამატებითი შეტყობინება ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, სადაც განემარტა, რომ 2020 წლის 2 აპრილს შეტყობინება, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით, გაეგზავნა ტექნიკური შეცდომის საფუძველზე და ასევე ეცნობა, რომ კონკურსის ვადები, კომისიის მუშაობა შეჩერებული იყო „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-13 მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე.
ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...) შესარჩევი კომისიის 2020 წლის 11 ივნისის N3 ოქმში გასაუბრების შეფასებასთან მიმართებით აღნიშნულია შემდეგი: „კომისიის წევრებმა ჩატარებული გასაუბრების და წარმოდგენილი რეზიუმეების საფუძველზე, შეაჯამეს კანდიდატების შესაბამისობა პოზიციასთან, კერძოდ, კანდიდატების ცოდნა, გამოცდილება და მოტივაცია. კომისიის წევრებმა იმსჯელეს და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ღია კენჭისყრით, ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება...“. (დამატებით შეფასებით მსჯელობას კანდიდატებთან მიმართებით, ოქმი არ შეიცავს). ოქმის თანახმად, ვაკანტურ თანამდებობაზე ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს წარედგინა მ. ც-ის კანდიდატურა.
ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის .. სპეციალისტის (...) შესარჩევის კონკურსის კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 11 ივნისის NMES 1 20 00459363 წარდგინების საფუძველზე, ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 18.06.20წ N01/კ-10 ბრძანებით, ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... კატეგორიის ... სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნა მ. ც-ი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ბუნდოვანი და გაურკვეველია კომისიის წევრების მიერ თ. შ-ის შეფასების კრიტერიუმები, ვინაიდან კომისიის წევრების მხრიდან არ არის დასაბუთებული, თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ, შეფასების თითოეული კრიტერიუმი დამატებით საჭიროებდა დასაბუთებას, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაუბრების პროცესის აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა, ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და გასაუბრების სხდომის ოქმში არ არის ასახული გარემოებები (მათ შორის კითხვა-პასუხი), რომლითაც კასატორმა იხელმძღვანელა თ. შ-ისა და მ. ც-ის შეფასების დროს. საგულისხმოა, რომ ნორმატიული აქტით დეტალურად არ არის განსაზღვრული გასაუბრების ეტაპზე მოხელის შეფასების კრიტერიუმები. კასატორი ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მოხდა შეფასება, დაუდგენელია როგორ განსაზღვრა კომისიამ თ. შ-ის პროფესიული და პიროვნული მახასიათებლები. არ არის მითითებული და დასაბუთებული, თუ რა შინაარსის იყო გასაუბრება, რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭათ გასაუბრების დროს მოსარჩელესთან შედარებით უპირატესობა სხვა კანდიდატებს. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული გასაუბრების ოქმი მშრალი და არაინფორმატიული ხასიათისაა, რაც არ იძლევა გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ იმ პირობებში, როდესაც გასაუბრების ოქმი არაინფორმატიული ხასიათისაა და არ იძლევა გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას, გაურკვეველია კონკრეტულად რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე - თ. შ-ს ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... რანგის ... კატეგორიის ... სპეციალისტის (...) თანამდებობის დასაკავებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომ „გასაუბრების ეტაპი თავისი არსით წარმოადგენს ერთიან, განუყოფელ პროცესს, რომლის ფარგლებშიც გამსაუბრებელს ეძლევა შესაძლებლობა, შეაფასოს მოხელის კონკრეტულ თანამდებობაზე საქმიანობისათვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები თუ კვალიფიკაცია. ამასთან, გასაუბრების ფორმატი გამსაუბრებელს აძლევს არა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის მხედველობაში მიღების, არამედ, აგრეთვე, შედარების საშუალებასაც, კერძოდ, გამსაუბრებელს წარმოეშობა შესაძლებლობა მოხელისათვის კითხვების დასმის გზით შეამოწმოს მოხელესთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტების (მათ შორის, მოხელის ხელმძღვანელის წერილობითი დახასიათებისა და მოხელის ინფორმაციის) შინაარსის, ანუ მასში აღწერილი სუბიექტური ინფორმაციის ობიექტურ რეალობასთან შესაბამისობა. კერძოდ, გასაუბრების პროცესში მოხელის მიერ გაცემული პასუხები იძლევა მოხელის მიმართ არსებული დახასიათების სისწორის, მისი ობიექტურობისა და რეალურობის გადამოწმების შესაძლებლობას, აგრეთვე, გამსაუბრებელს ეხმარება გააანალიზოს და შეაფასოს ის, თუ რამდენად შეძლებდა გასაუბრების შედეგად გამოვლენილი კონკრეტული კვალიფიკაციითა თუ პროფესიული უნარ-ჩვევებით მოხელე საქმიანობის იმგვარად განხორციელებას, როგორც ეს ზემოაღნიშნულ დოკუმენტებშია აღწერილი.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის #ბს-997(კ-18) გადაწყვეტილება).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუშაკის სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება (სუსგ 23.07.2020წ. №ბს-1037(კ-18)).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნული ნორმების სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრების მითითების ასახვის ვალდებულებას, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ამგვარად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული უფლების მზღუდავი სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს იმგვარ დასაბუთებას, რომ მხარისათვის ნათელი და განჭვრეტადი იყოს, რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა მოსარჩელემ, რა მოტივით და რა საფუძვლით ეთქვა უარი ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე