დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-348(კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ა. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 11 აგვისტოს ა. ნ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2023 წლის 4 აგვისტოს მას ჩაბარდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება ა. ნ-ის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 22 ოქტომბრის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000686866 გადაწყვეტილებით ა. ნ-ის მიენიჭა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, ვინაიდან ის დაქორწინებული იყო საქართველოს მოქალაქეზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ მართალია ქორწინება შეწყდა, მაგრამ მან გააგრძელა საქართველოში კანონიერი ცხოვრება, მუშაობა და შემოქმედებითი საქმიანობა; ამასთან, ა. ნ-ი აღნიშნავს, რომ საქართველოში შეიძნა უძრავ-მოძრავი ქონება და აიღო სახელშეკრულებო ვალდებულებები. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ დასაქმებულია შპს ,,ე...ში’’ ...ის თანამდეობობაზე.
ამდენად, ა. ნ-იმ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 აგვისტოს №1000686866/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-იმ და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით ა. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგნილად მიიჩნია, რომ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 10.07.2019წ. მოხდა ქორწინების რეგისტრაცია, რომლის მიხედვით მოსარჩელე ა. ნ-ი და ლ. ს-ი დაოჯახდნენ. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 22.10.2019წ. №100686966 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 03.10.2019წ. განცხადება და მოსარჩელეს მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა. 2020 წლის 14 დეკემბრის განქორწინების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ 07.12.2020წ. მეუღლეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მეუღლეებს შორის შეწყდა ქორწინება.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 30.06.2023წ. №01/154619 წერილით აცნობა მოქალაქე ა. ნ-ის, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურისათვის გახდა ცნობილი, რომ შეწყდა ქორწინება, რომლის საფუძველზეც მის სახელზე გაიცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა; აღნიშნული კი ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს პირისათის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. ამავე განცხადებით სააგენტომ მოსარჩელეს აცნობა, რომ უფლება აქვს საქმის პროცესში ჩაერთოს როგორც დაინტერესებულ მხარეს, 2023 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 03.08.2023წ. №1000686966/5 გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოაცხადა სააგენტოს 22.10.2019წ. №1000686966 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ.
სააპელაციო პალატამ განსახილველ საქმეზე გაიზიარა რა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები მიუთითა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ა. ნ-ის აღარ ჰყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე და ასევე არ ჰყავს ქორწინებიდან შეძენილი საქართველოს მოქალაქე შვილი, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალაში დატოვების წინაპირობები არ არსებობდა. სასამართლოს მითითებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ ა. ნ-ი ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, და საკუთრებაში აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მუდმივი ცხოვრების ნებართვის შენარჩუნებისთვის. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განსახილველ შემთხვევაში დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა მართლზომიერად, ამასთან, სადავო საკითხის გადაწყვეტისას დაიცვა აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მინიჭებული აქვს აღნიშნული და ამიტომ სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი მოუთითებს, რომ ქორწინების შეწყვეტა ავტომატურად არ იწვევს მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადებას. მხარე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო იყო ვალდებული საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებისა და ინდივიდუალური გარემებების შესწავლის შედეგად მიეღო გადაწყვეტილება. ამასთან, კასატორი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს მოქალაქესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დასკვნა;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 აგვისტოს №1000686966/5 გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ზემოაღნიშნული კანონის 21-ე მუხლით დადგენილია პირობები თუ როდის შეიძლება შეუწყდეს უცხოელს საქართცველოში ყოფნის ვადა; ამავე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა.
დადგენილია, რომ სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 10 ივლისს დარეგისტრირდა ქორწინება, რომლის მიხედვით მოსარჩელე ა. ნ-ი და ლ. ს-ი დაოჯახდნენ. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №100686966 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2019 წლის 3 ოქტომბრის განცხადება და მოსარჩელეს მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა. 2020 წლის 14 დეკემბრის განქორწინების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ 2020 წლის 7 დეკემბერს მეუღლეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მეუღლეებს შორის შეწყდა ქორწინება, რის გამოც 2023 წლის 3 აგვისტოს №1000686966/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აღარ არსებობდა საფუძველი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის სახელზე გაიცა მუდმივი ცხოვრების ნებართვა, სააგენტომ კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის პირობებში მიიღო გადაწყვეტილება უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის შესახებ. საქმეში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული ნებართვის გაცემა უკავშირდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით გათვალიწინებულ პირობებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა; ხოლო ამავე კანონის 21-ე მუხლის ადგენს უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოწესრიგებული ურთიერთობა სრულად შეესაბამება წინამდებარე დავის ფარგლებში არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის არარსებობის პირობებში სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ძალადაკარგულად გამოეცხადებინა მოსარჩელის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რამდენადაც ზემოაღნიშნული ნებართვის მოპოვება მხარისათვის უკავშირდებოდა არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას, არამედ იმ ურთიერთობას, რომელიც მას გააჩნდა საქართველოს მოქალაქესთან და რომელიც იმ დროისთვის აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობებს.
საკასაციო სასამართლო განსახილველ საქმეზე იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ა. ნ-ის აღარ ჰყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე და ასევე არ ჰყავს ქორწინებიდან შეძენილი საქართველოს მოქალაქე შვილი, მისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალაში დატოვების წინაპირობები აღარ არსებობს, შესაბამისად მართლებულია ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მოსარჩელის მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის განმარტებას საქართველოში ცხოვრებისა და მუშაობის ფაქტის შესახებ; ასევე, ა. ნ-ი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ საქართველოში შეიძინა სხვადასხვა უძრავ-მოძრავი ქონება და აიღო გარკვეული სახელშეკრულებო ვალდებულებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის მიერ დასახელებული ზემოაღნიშნული არგუმენტები შესაძლოა გახდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მოპოვების წინაპირობა, და არა საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა. ნ-ის საკასაციო საჩივარზე გ. ე-ის (პ/ნ ...) 12/03/2025წ. №8351 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ე-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ა. ნ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება;
3. გ. ე-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ა. ნ-ის საკასაციო საჩივარზე 12/03/2025წ. №8351 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა