დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-723(კ-24) 10 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ს-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო/სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ოფისი; მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 26 სექტემბერს თ. ს-ემ სარჩელით, შემდგომ კი დაზუსტებული სარჩელით (07.11.2022 წელი) მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო/საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 ივლისის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 ივლისის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 22 აგვისტოს N... გადაწყვეტილება და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონულ ოფისს უძრავი ქონების თ. ს-ეის სახელზე დარეგისტრირება N... განაცხადზე წარდგენილი ნახაზის საფუძველზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2022 წლის 18 ივლისის N... გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2022 წლის 19 ივლისის N... გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 22 აგვისტოს N... გადაწყვეტილება. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო/სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ოფისის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს/სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 375 მუხლი, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-51 მუხლები, "საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო - სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის N968 ბრძანებულება და არ გაიზიარა ახალციხის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სარეკრეაციო ზონაში მდებარეობა და 2020 წლის 7 აპრილის N14 დადგენილება ...ის სამომავლო განაშენიანებისა და სივრცის დაგეგმარების წესების შესახებ არ გამორიცხავს 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარებას. სააპელაციო პალატამ ვერ მიიღო მხედველობაში ვერც თ. ს-ეის წარმომადგენლის ის არგუმენტი, რომ მოსარჩელე განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე ფლობდა და სარგებლობდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთით და სადავო გადაწყვეტილებები მას საკუთრების უფლებას უზღუდავს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება თვითნებურად დაკავებულ მიწას. სასამართლოს მსჯელობით, სახელმძღვანელო კანონმდებლობა მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მოთხოვნის შესაბამისობა სივრცითტერიტორიულ დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონაში ექცევა და ამასთან წარმოადგენს მდინარის წყალდაცვით ზოლს, რაც გამორიცხავს მასზე კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარებას.
სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება არა მიწის ნაკვეთით კანონიერ/მართლზომიერ სარგებლობას, არამედ სახეზეა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელიც განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში ექცევა. საკუთრების უფლების აღიარებამდე, როდესაც ჯერ კიდევ სადავოა მიწის ნაკვეთის უფლებრივი მდგომარეობა, დაინტერესებული პირის მიმართ ვერ გავრცელდება საკუთრების უფლების დაცვის იგივე სამართლებრივი რეჟიმი, რაც ვრცელდება კანონისმიერ/მართლზომიერ სარგებლობასა და მფლობელობაზე. პალატამ ვერ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის განმარტება, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს სათანადო შეფასება არ მიეცა და ჯეროვნად არ გამოკვლეულა ის გარემოებები თუ რამდენად იყო აღნიშნული ტერიტორია სარეკრეაციო არეალში. პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასახელებული გარემოებების გამოკვლევის შემთხვევაშიც, სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული ზონალური შეზღუდვა და წყალდაცვითი ზოლის არსებობა პალატის მსჯელობით, უკვე გამორიცხავს დასახელებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. ამრიგად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას - N... განცხადების შესაბამისად მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაციის დავალების თაობაზე, პალატამ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სადავოდ გამხდარი აქტები სააპელაციო პალატის მიერ მიჩნეულია კანონიერად, შესაბამისად არ არსებობს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ს-ეის მიერ.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ამ ფორმით ძალაში შესვლის შემთხვევაში, ძალაში შედის ის მსჯელობა, რომ თვითნებურად აშენებული შენობა - ნაგებობა მხოლოდ იმ საფუძვლით არ ექვემდებარება მის საკუთრებად აღიარებას, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წელს მიიღო დადგენილება ...ის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ და, რომ მას შესაბამისი ორგანოსათვის აღიარების მოთხოვნით მანამდე არ ჰქონდა მიმართული. აქვე, გასათვალისწინებლად მიიჩნევს, რომ მომიჯნავედ და მცირედით მიმდებარედ უამრავი მიწის ნაკვეთი არის საკუთრების უფლებით აღიარებული.
კასატორის განმარტებით, ... განაშენიანებულია მდინარის ორივე ნაპირზე და სრულად არის ათვისებული შენობა - ნაგებობებით. აკონკრეტებს, რომ მათი ტერიტორია არასოდეს ყოფილა რეკრეაციული. სიტუაციურ ნახაზზე აპელირებით განმარტავს, რომ დაცული ტერიტორიები და ტყის ფონდი იწყება მოშორებით. მისი მსჯელობით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ტერიტორია გენერალურ გეგმაში არის ყავისფრად აღნიშნული და პირობით აღნიშვნებშიც/გეგმაში მითითებულია როგორც არსებული შენობა - ნაგებობა. მომიჯნავე ტერიტორიას პირობითი აღნიშვნით მწვანე ფერით მინიჭებული აქვს სტატუსი - გამწვანებული ტერიტორია, ასევე ღია მწვანე ფერით მონიშნულს პირობით აღნიშვნებში მინიჭებული აქვს სტატუსი - ლანდშაფტური ტერიტორია. კასატორი მიიჩნევს, რომ თავად გენერალური გეგმიდან გამომდინარე, მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს სარეკრეაციო (ლანდშაფტურ ან/და გამწვანებულ) ტერიტორიას. რეგისტრაციამოთხოვნილი ტერიტორია არის შენობა - ნაგებობით დაკავებული ტერიტორია და კასატორის მსჯელობით ადმინისტრაციულმა ორგანოებმა თავიანთი შეხედულებისამებრ არასწორად მიაკუთვნეს ტერიტორიას რეკრეაციული სტატუსი.
კასატორის განმარტებით, გენერალური გეგმიდან გამომდინარე, მომავალი განვითარების ხელისშემშლელი სხვა გარემოება რეკრეაციული სტატუსის საფუძვლით სააპელაციო სასამართლომდე არ გამოვლენილა და შესაბამისად არც ადმინისტრაციულ ორგანოებს გაუჟღერებია მსგავსი პოზიცია საქმის პირველი ინსტანციის თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე. წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ თავად გაამახვილა ყურადღება წყალდაცვით ზოლთან დაკავშირებით და მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი სადაც მითითებულია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული - წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. კასატორის მსჯელობით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ნორმაში აღნიშნული ტერმინი - „გარდა“ და ისე შეუზღუდა საკუთრების უფლება მხარეს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ მისცა მითითება გამოეკვლიათ ხომ არ იყო შესაძლებელი უსასყიდლო პრივატიზაცია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მიუთითებს აღნიშნული კანონის მე-7, მე-20 მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N440 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მეორე მუხლზე და ცალსახად მიიჩნევს, რომ წყალდაცვით ზოლში საკუთრების უფლება აკრძალული არ არის. ასევე მიიჩნევს, რომ აკრძალული არ არის პრივატიზაცია და აღიარება, რომელიც წარმომადგენლის მოსაზრებით თავისი შინაარსით არის იგივე მიწის ნაკვეთის უსასყიდლო პრივატიზაცია. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ს-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: 2022 წლის 23 მაისს თ. ს-ემ N... განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ს ქ. N...-ის მიმდებარედ არსებულ 50 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების უძრავ ნივთზე (თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
დადგენილია, რომ სამცხე - ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2022 წლის 10 ივნისის №...-06 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ვინაიდან მოძიებული ვერ იქნა საკუთრების უფლების მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, უნდა ჩატარებულიყო ადგილზე დათვალიერება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის N16/32831 წერილით საჯარო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ადიგენის მუნიციპალიტეტის, ...ში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ თ. ს-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (50 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება, ვინაიდან ...ის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1)ში, სადაც დადგენილების თანახმად, ტერიტორიის საზღვარში სარეკრეაციო ზონაში დასაშვებია და მოიცავს მხოლოდ შემდეგ ინფრასტრუქტურულ განვითარებას: ბაღი, სკვერი, გაზონი, ბულვარი. სადაც დასაშვებია: განათების ბოძის, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდების, დეკორატიული გაფორმების ობიექტების, საველოსიპედო ბილიკების არსებობა.
სამცხე - ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2022 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და მიეთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ხვდებოდა რეკრეაციულ ზონაში, რომელიც არ ექვემდებარება აღიარებას, შესაბამისად დაინტერესებულ პირს დაევალა წარედგინა უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2022 წლის 13 ივლისს თ. ს-ეის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ ქონების ეროვნული სააგენტო დაეყრდნო გენერალური გეგმის და განაშენიანების გეგმების დამტკიცების თაობაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 07 აპრილის №14 დადგენილებას, სადაც არ არის მსჯელობა ...ისთვის რეკრეაციული სტატუსის მინიჭების შესახებ, პირიქით ამ დადგენილებით დამტკიცებულ დანართებშიც კი დატანილია ასაღიარებელი შენობა - ნაგებობა. შესაბამისად მარეგისტრირებელ ორგანოს ეთხოვა არ ეხელმძღვანელა აღნიშნული წერილით და მოეხდინა მიწის ნაკვეთის დაკანონება.
დადგენილია, რომ სამცხე - ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2022 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ხვდებოდა რეკრეაციულ ზონაში, რომელიც არ ექვემდებარებოდა აღიარებას, შესაბამისად საჭირო იყო უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
დადგენილია, რომ სამცხე - ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2022 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დადგენილია, რომ 2022 წლის 19 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა თ. ს-ეის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 ივლისის №... და 2022 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილებების გაუქმების თაობაზე, რაზეც 2022 წლის 22 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქმეში წარდგენილი საქართველოს ეროვნული არქივის N21/118672 წერილის შინაარსით ირკვევა, რომ ახალციხის რეგიონულ არქივში დაცული ადიგენის გამგეობის 1991-2000 წწ სხდომის ოქმებში და ...ის სადაბო საკრებულოს 1994-2006 წწ სესიის და სხდომის ოქმებში ...ში ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ მოქალაქე თ. ს.-ს ძე ს-ეის სახელზე რიცხული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა. აღნიშნული ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა 2021 წლის 26 ნოემბრის N21/118672 წერილით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 16 ნოემბრის №21-02-1/136863 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ასევე ეცნობა, რომ 2003 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში თ. ს-ე არ ფიქსირდება.
უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეფასების საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 ივლისის N... გადაწყვეტილების (წარმოების შეჩერება), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 ივლისის N... გადაწყვეტილების (წარმოების შეწყვეტა), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 22 აგვისტოს N... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) კანონიერება.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. ს-ემ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე ..., ...ს ქ. N...-ის მიმდებარედ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (50 კვ.მ) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ყურადსაღებია სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2022 წლის 17 ივნისს №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) შინაარსი, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ხვდებოდა რეკრეაციულ ზონაში, რომელიც არ ექვემდებარებოდა აღიარებას, დაინტერესებულ პირს უნდა წარედგინა უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კასატორი მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარეობას სადავოდ ხდის.
საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით. სააგენტო საკუთარ უფლებამოსილებას თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თვალსაზრისით ახორციელებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
აქვე, ყურადსაღებია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები; ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, პირველი პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა სისტემური რეგისტრაცია უნდა დაიწყოს ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე და დასრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე და მათ შორის არის ადიგენის მუნიციპალიტეტიც.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 375 მუხლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, არსებობს თუ არა მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არსებობს, სააგენტო განიხილავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას აღიარებს, თუ მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს ასევე, თვითნებურად დაკავებულ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა - ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენენ დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. ამ შემთხვევაში, ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) აღიარებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს.
ამავე ინსტრუქციის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე.ე"; "ე.ზ" და "ე.ჟ" ქვეპუნქტების თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არის ისეთი მიწა, რომელზე საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარება, კერძოდ: რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო - სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა; საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყეპარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია თუ სააგენტოში დაცული ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება.
რაც შეეხება "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლს, კანონმდებელმა ცალსახად მიუთითა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე - პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო - სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა. კანონის მე-51 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. ანალოგიური შინაარსისაა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნას მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება თვითნებურად დაკავებულ მიწას. როგორც უკვე განიმარტა, კანონმდებლობა მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრაციამოთხოვნილ (აღიარებამოთხოვნილ) მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონის (რზ-1) გავრცელების საკითხი დადგენილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც, კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის N16/32831 წერილი დართული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილ შესაგებელზე, თუმცა მითითებული წერილი არ გახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის N16/32831 წერილზე, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიზანშეუწონლად მიიჩნევს (წინააღმდეგია) ადიგენის მუნიციპალიტეტის, ...ში ...ს N...-ის მიმდებარედ თ. ს-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებას, იმ საფუძვლით, რომ ...ს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესისა და განაშენიანების გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1)-ში სადაც დადგენილების თანახმად, ტერიტორიის საზღვრებში სარეკრეაციო ზონაში დასაშვებია და მოიცავს მხოლოდ შემდეგ ინფრასტრუქტურულ განვითარებას: ბაღი, სკვერი, გაზონი, ბულვარი. სადაც დასაშვებია: განათების ბოძის, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების, ობიექტების, საველოსიპედო ბილიკების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმე ეხება არა მიწის ნაკვეთით კანონიერ/მართლზომიერ სარგებლობას, არამედ სახეზეა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა, რომელიც განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში ექცევა. საკუთრების უფლების აღიარებამდე, როდესაც ჯერ კიდევ სადავოა მიწის ნაკვეთის უფლებრივი მდგომარეობა, დაინტერესებული პირის მიმართ ვერ გავრცელდება საკუთრების უფლების დაცვის იგივე სამართლებრივი რეჟიმი, რაც ვრცელდება კანონისმიერ/მართლზომიერ სარგებლობასა და მფლობელობაზე. სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ სახელმწიფომ, 2020 წლის 7 აპრილის N14 დადგენილებით მიიღო და დაადგინა აბასთუმნის განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც სადავო ტერიტორია (რომელზეც არ არის რეგისტრირებული კერძო საკუთრება, ხოლო კერძო საკუთრების რეგისტრაციის გარეშე ქონება ითვლება სახელმწიფო ქონებად) მოაქცია სარეკრეაციო ზონაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების დასადასტურებლად სააგენტო ვალდებულია ყოველმხრივ შეისწავლოს საკითხი, მხედველობაში მიიღოს საქმის ინდივიდუალური გარემოებები. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს სათანადო შეფასება არ მიეცა და ჯეროვნად არ იქნა გამოკვლეული ის გარემოებები თუ რამდენად იყო აღნიშნული ტერიტორია სარეკრეაციო არეალში, აღნიშნულზე საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. დასახელებული გარემოებების გამოკვლევის შემთხვევაშიც, სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული ზონალური შეზღუდვა უკვე გამორიცხავს დასახელებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. შესაბამისად სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ შემოთავაზებულ იმ მსჯელობას, რომ ვინაიდან თ. ს-ეის მიერ რეგისტრაციამოთხოვნილი (აღიარებამოთხოვნილი) მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მდინარის წყალდაცვით ზოლს, აღნიშნული ცალსახად გამორიცხავს მასზე კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარებას, საკასაციო პალატა არ იზიარებს აღნიშნულ მსჯელობას, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საკუთრების უფლების აღიარების გამორიცხავი კანონისმიერი საფუძვლის - სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) არსებობის პირობებში თვლის, რომ საკასაციო საჩივარს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა, ხოლო მოცემულ საქმეს - არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თ. ს-ეის სასარჩელო მოთხოვნას არ გააჩნია სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია არგუმენტირებული და დასაბუთებულია. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, თ. ს-ეის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თ. ს-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ნ. ლ-ეის მიერ 2024 წლის 01 ივნისს (საგადახდო დავალება №22102362841) საკასაციო საჩივარზე სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ს-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება;
3. თ. ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. ლ-ეის მიერ 2024 წლის 01 ივნისს (საგადახდო დავალება №22102362841) საკასაციო საჩივარზე სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი