დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-721(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.ი-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2024 წლის 24 ივნისს ა.ი-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან 22.10.2022წ. განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. თბილისში, ...ის პირველ შესახვევ N...-ის მიმდებარედ 369 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, უფლებათა სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებით ირკვევა, რომ იგი თანახმა იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისი დოკუმენტაცია აღიარების კომისიისთვის გადაეგზავნა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 5.06.2024წ. N1773 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი სრულად მოქცეულია ისტორიული ნაწილის დამცავ ზონაში - ისტორიული ლანდშაფტი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ტერიტორია 2005 წლიდან მის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად ერთი კაპიტალური ღობის საზღვრებშია მოქცეული, დარგულია მრავალწლიანი ნარგავები და მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019წ. N39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, სადავო ტერიტორია შეყვანილია ისტორიული ნაწილის დამცავ ზონაში, რაც არასწორია, რადგან 2005 წელს მსგავსი სტატუსი იგივე მიწის ნაკვეთს მინიჭებული არ ჰქონია.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 5 ივნისის N1773 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება ა.ი-ის მიმართ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც აღიარებულ იქნება მოსარჩელის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის N...-ის მიმდებარე 369 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ა.ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 5 ივნისის N1773 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება ა.ი-ის (პ/ნ....) მოთხოვნა ქალაქ თბილისში, ...ის N...-ის მიმდებარე 369 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ორთოფოტოებით დადასტურებულად მიიჩნია, ა.ი-ის მტკიცება მასზედ, რომ სადავო აქტით განხილული 369 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ 2007 წლამდე შენობა-ნაგებობით თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს და იგი 2005 და 2010 წლების მდგომარეობით იგივე სახით იყო განაშენიანებული და ერთ ღობეში მოქცეული, ა.ი-ის კუთვნილ N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან ერთად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "გ“ და “ე” ქვეპუნქტებზე, 51-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "ნ“ ქვეპუნქტზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "ნ” ქვეპუნტზე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები ერთობლიობაში ქმნიდა სადავო მიწის ნაკვეთზე ა.ი-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების ურთიერთშეჯერებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წლების მანძილზე ფლობდა და სარგებლობდა უფლებაასაღიარებელი ტერიტორიითა და მასზე აშენებული შენობა-ნაგებობით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 11.03.2022წ. წერილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა რა, ა.ი-ის მოთხოვნით გათვალისწინებულ, ქალაქ თბილისში, ...ის ...ში N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 369 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას აცნობა, რომ შესაბამის ტერიტორიაზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა (სზ - 2). ამდენად, სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა დაფიქსირებული პოზიცია მასზედ, რომ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ისტორიული ლანდშაფტი. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისტორიული ლანდშაფტი მიჩნეულ იქნა დაინტერესებული პირის მოთხოვნის უარყოფის ერთადერთ საფუძვლად იმგვარად, რომ მხედველობაში არ ყოფილა მიღებული განსახილველი მიწის ნაკვეთის მახასიათებლები.
სააპელაციო სასამართლომ მოიხმო "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილების ტექსტური ნაწილის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაკვნის საფუძველზე, სადავო ტერიტორია აღარ ატარებს ისტორიულ ღირებულებას და წარმოადგენს საცხოვრებელ ზონას (სზ-2). შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ინტერესით, უნდა ჩაითვალოს დაუსაბუთებელ შეზღუდვად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: სანიტარული ან დაცვითი ზონები. კასატორი აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის (დანართი N1) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთი სრულად მოქცეულია ისტორიული ნაწილის დამცავ ზონაში - ისტორიული ლანდშაფტი, აღნიშნული გარემოება კი ა.ი-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 5 ივნისის N1773 განკარგულების კანონიერება და ა.ი-ის საკუთრების უფლების აღიარება ქ. თბილისში, ...ის N...-ის მიმდებარე 369 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა.ი-იმა 2021 წლის 22 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ...ში N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. ამავე განცხადების მიხედვით, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მის საკუთრებად უკვე რეგისტრირებული, N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 დეკემბრის წერილით ა.ი-ის განცხადება განსახილველად გადაეგზავნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას .
ა.ი-ის მოთხოვნაზე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართა.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა მითითებული მოთხოვნით გათვალისწინებულ, ქალაქ თბილისში, ...ის ...ში N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 369 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 11.03.2022წ. წერილით აცნობა, რომ შესაბამის ტერიტორიაზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა (სზ-2).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 23 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებითა (სხდომის ოქმი N35) და მის საფუძველზე 2024 წლის 5 ივნისის N1773 განკარგულებით ა.ი-ის ქალაქ თბილისში, ...ის ...ში N...-ში მდებარე, მისი კუთვნილი N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 369 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მითითებული ნაკვეთი მოქცეული იყო ისტორიული ნაწილის დამცავ ზონაში (ისტორიული ლანდშაფტი).
თბილისის ინტერაქტიული რუკის მონაცემებით - ორთოფოტოებით დასტურდება რომ სადავო აქტით განხილული 369 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ 2007 წლამდე შენობა-ნაგებობით თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
თბილისის ინტერაქტიული რუკის მონაცემების მიხედვით, ა.ი-ის კუთვნილი N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი და სადავო აქტით განხილული 369 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2005 და 2010 წლების მდგომარეობით იგივე სახით იყო განაშენიანებული და ღობეში მოქცეული, როგორც - არსებული მდგომარეობით (...).
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, ა.ი-ის კუთვნილ N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთსა და სადავო აქტებით განხილულ 369 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 2, ამასთან, სადავო აქტით განხილული 369 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოქცეულია ისტორიული ნაწილის დამცავ ზონაში (...).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დასაშვებია ორი საფუძვლით: 1. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობის შემთხვევაში; 2. საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე. ამასთან, არსებითი იყო ისიც, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ფართობი ნაკლები ყოფილიყო საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ფართობზე. თუმცა საკუთრების უფლების აღიარებისათვის ორივე შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაინტერესებული პირი უტყუარად ადასტურებდეს თავად უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 27 ივლისამდე) დაკავების ფაქტს.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთა კატეგორიას, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია. მითითებული მუხლის “ნ” ქვეპუნქტის მიხედვით საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სანიტარიული და დაცვითი ზონები. სწორედ ზემოაღნიშნული კატეგორიისადმი (დაცვითი ზონა) კუთვნილება გახდა სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლითაც განისაზღვრა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითადი პარამეტრები, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ტერიტორიულ-სტრუქტურული პირობები, საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცითი ასპექტები და განსახლების ტერიტორიული საკითხები. მითითებული გეგმის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ფუნციური ზონირება, ინტერესთა შეჯერების საფუძველზე განსაზღვრავს ქალაქის ტერიტორიების, პრიორიტეტულ ფუნქციებს და ადგენს მათი განვითარების მიმართულებებს. ამავე გეგმის 25.3 მუხლის მიხედვით ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონად განისაზღვრა ტერიტორია, სადაც გამოვლენილია ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა უძრავი ობიექტების დიდი კონცენტრაცია, ავთენტიკური სახით შენარჩუნებულია ქუჩათა ქსელი, განაშენიანება, გეგმარებითი სტრუქტურა და მორფოლოგია. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის საზღვრებში პრიორიტეტად განისაზღვრა ბუნებრივი ლანდშაფტების ისტორიულად შენარჩუნებული არეალების დაცვა. ტერიტორიები, რომლებიც მოცემული ზონის ფარგლებში შესაძლოა არ ან/და აღარ ატარებდეს ისტორიულ ან ლანდშაფტურ ღირებულებებს და რომელთა განვითარება/შენარჩუნების საკითხები უკვე განსაზღვრულია დეტალური ქალაქმშენებლობითი დოკუმენტებით ან/და გაცემული ნებართვებით განვითარდეს ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა და ასევე, შესაბამისი უფლებრივი ზონირების რუკის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი აწესებს საკუთრების უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს: საჯარო ინტერესებისთვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - საჯარო ინტერესებს, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს, ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს.
სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება.
ამასთან, საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, რომლის მიხედვით: „1. ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. არავის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საზოგადოებრივ ინტერესშია და ექვემდებარება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებს. 2. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს, რათა განახორციელოს საკუთრებით სარგებლობის კონტროლი საერთო ინტერესების შესაბამისად ან გადასახადების, სხვა კონტრიბუციებისა თუ ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების მიხედვით, აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ წესს, კერძოდ, საქმეში „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „პირველი წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, ზოგადი ხასიათისაა და აყალიბებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს. მეორე წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის მეორე წინადადებაშია მოცემული, ეხება მხოლოდ საკუთრების ჩამორთმევას და უქვემდებარებს მას კონკრეტულ პირობებს. მესამე წესი, რომელზეც მეორე პარაგრაფი მიუთითებს, აღიარებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები უფლებამოსილები არიან, inter alia, საჯარო ინტერესის შესაბამისად განახორციელონ საკუთრების გამოყენების კონტროლი“ (Sporrong and Lönnroth v. Sweden, №7151/75 და №7152/75, §61, 23.09.1982).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ; საჩივრის №7975/06). ,,საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება ,,არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა და ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და ,,კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, № 2527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
საკუთრების უფლება დაცულია საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამასთან, „საკუთრების“ კონტექსტი ლიმიტირებულია არა მხოლოდ „არსებული საკუთრებით“, არამედ შესაძლებელია, მოიცავდეს აქტივებს და მოთხოვნებს, რომელთა დაკავშირებითაც მომჩივანს შეუძლია იდავოს, რომ აქვს სულ ცოტა გონივრული და „ლეგიტიმური მოლოდინი“, რათა მოიპოვოს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის შესაძლებლობა (დიდი პალატის 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „ლიხტენშტეინის პრინცი ჰანს-ადამ II გერმანიის წინააღმდეგ“, საჩივარი №42527/98, §83). მოლოდინი კი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ლეგიტიმურია, თუკი ემყარება საკანონმდებლო დანაწესს ან სამართლებრივ აქტს, რომელიც ეხება სადავო საკუთრებით ინტერესს (2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე „საღინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №18768/05, §103).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელიც მდებარეობს მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების მომიჯნავედ. მოსარჩელის მოთხოვნის კანონისმიერი საფუძველია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2005 წლის და 2010 წლის ორთოფოტოებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთი და მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ერთ სასაზღვრო მიჯნაში ჰქონდა იგივე სახით ჰქონდა მოქცეული, როგორც დღევანდელი მდგომარეობით. მნიშვნელოვანია, რომ სადავო ტერიტორია ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მოექცა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით, რომლითაც დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. მოვლენათა ქრონოლოგიური ჯაჭვის გათვალისწინებით, მოსარჩელის საკუთრებად ს.კ N... უძრავი ქონების აღრიცხვა და მის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ნივთის ერთიან სასაზღვრო ღობეში მოქცევა წინ უსწრებს სადავო ტერიტორიაზე ისტორიული ნაწილის დაცვის სტატუსის მინიჭებით უფლებრივი შეზღუდვის შემოღებას. “ფიზიკური და კერძო სასამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი ფიზიკური პირებისთვის მათ დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის კონკრეტულ ვადას არ ადგენს, შესაბამისად, ა.ი-ის შეეძლო საკუთარი უფლების რეალიზაციის მიზნით, ნებისმიერ დროს მიემართა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსადმი. საგულისხმოა, რომ ა.ი-ი 2005 წლიდან დღემდე სადავო მიწის ნაკვეთს, როგორც საკუთარს, ისე ფლობდა და განკარგავდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება აუცდენელია, წარმოიშობა მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია, შეამოწმოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მიზნისა და ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალების, ასევე, საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის და დისკრეციის კანონმდებლობით განსაზღვრული ფარგლების დაცულობის საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო განკარგულებით დაცულია მხოლოდ საჯარო ინტერესები, გამოხატული დედაქალაქის ისტორიული ნაწილის შენარჩუნების და აღდგენის გზით, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო და კერძო ინტერესთა თანაფარდობის შეფასებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ა.ი-ის საკუთრების უფლების მოპოვების ლეგიტიმური მოლოდინი, საკუთრების უფლების აღიარების გზით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს ევალება აქტის როგორც კანონიერების, ასევე მიზანშეწონილობის ასპექტების გათვალისწინება, შესაბამისად, გადაწყვეტილება ინტერესთა თანაფარდობისა და შესაბამისი ბალანსის დაცვის შედეგად უნდა იქნეს მიღებული. ადმინისტრაციული წარმოების დროს საჭიროა ურთიერთსაპირისპირო ინტერესების ერთმანეთთან სწორი ურთიერთშეფარდება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური უფლებების [...] შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლებების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება №3/1/512 საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
თანაზომიერების ტესტის თანახმად, მზღუდავი რეგულაცია უნდა წარმოადგენდეს, მათ შორის, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას. კერძოდ, „არ უნდა არსებობდეს ამავე ლეგიტიმური მიზნის ნაკლებად მზღუდველი საშუალებით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. ნორმის მზღუდავი ეფექტის ლეგიტიმურ მიზნებთან თანაზომიერება მოითხოვს უფლებაში ჩარევის ინდივიდუალიზაციასა და საჭიროებებზე მაქსიმალურ მორგებას. ნორმა, რომელიც უპირობოდ და სრულად ზღუდავს უფლებას, რთულად თუ დააკმაყოფილებს კონსტიტუციურობის სტანდარტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-78).
საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ისტორიული ნაწილის დაცვის ზონით (ისტორიული ლანდშაფტი) გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელებით საფრთხე არ უნდა შეექმნას მოსარჩელის საკუთრების ლეგიტიმური მოლოდინის არსსა და შინაარს. ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საჯარო და კერძო ინტრესების შეპირისპირებისას მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხს.
კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირების კუთხით, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში „Megadat.com მოლდოვას წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ „ეროვნული სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საქმეში არსებულ კერძო ინტერესებსა და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის შემოწმების განუხორციელებლობა, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნება მოპასუხე სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ“ (Megadat.com SRL v. Moldova, №21151/04, §74, 08.04.2008).
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია და გაუმართლებელია მოსარჩელის უფლების შეზღუდვა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რამეთუ სადავო ტერიტორია 2005 წლიდან მოქცეული იყო მოსარჩელის კერძო საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებასთან ერთად ერთიან ღობეში და სადავო ტერიტორიაზე 2019 წლამდე არ ვრცელდებოდა ისტორიული ნაწილის დაცვის შეზღუდვა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე არ გაითვალისწინა სადავო მიწის ნაკვეთის საცხოვრებელ ზონა 2-ისადმი კუთვნილების ფაქტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო განკარგულების გამოცემის მიზნით გამართული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მხედველობაში არ მიუღია მთელი რიგი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები (სადავო მიწის ნაკვეთის მახასიათებლები), რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა სადავო საკითხის გადაწყვეტაზე და შეექმნა მოსარჩელის სასარგებლო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო განკარგულების გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საკითხზე. კერძოდ, მართალია, სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში (ისტ-1), თუმცა, პარალელურად მასზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2). ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, მხოლოდ ისტორიული განაშენიანების დაცვის სტატუსზე ზოგადი მითითება კი დაუსაბუთებლად ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების ლეგიტიმურ მოლოდინს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა