შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#294აპ.-14 ქ. თბილისი
ს-ე რ.-294ap.-14 6 მარტი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – რ. ს-ის, რ. ს-ისა და ს. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის განაჩენით რ. ს-ე, –ნასამართლობის არმქონე, – და რ. ს-ე, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. ამავე განაჩენით ს. ლ-ე, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა.
3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჭიათურის რაიონის სოფელ -- მცხოვრები რ. ს-ე ძმასთან – რ. ს-ესთან ერთად 2013 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 24 საათზე, ქ. ჭიათურაში, დეკანოზიშვილების ქუჩიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ზ. ჭ-ის კუთვნილ „ვაზ–21213“ მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით ---, რითიც დაზარალებულს მიადგა 5000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
4. ს. ლ-ისათვის ცნობილი გახდა რ. და რ. ს-ების მიერ აღნიშნული მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, არ აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის შესახებ.
5. აღნიშნული ქმედებისათვის რ. ს-ეს მიესაჯა 4 წლითა და 9 თვით, რ. ს-ეს – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ს. ლ-ეს – 4000 ლარი ჯარიმა, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2013 წლის 19 ოქტომბრიდან იმავე წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით), შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი. გაუქმდა ს. ლ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო; ყადაღა მოეხსნა თბილისში, მ. და გ. ს-ის თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, რომლის საკადასტრო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა – თბილისი --, სექტორი – საბურთალო --, კვარტალი – --, ნაკვეთი – ---, კოდი – ---, ნაკვეთის საკუთრების ტიპი – თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია – არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი – 10845 კვ.მეტრი, მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, მე--- მიკრორაიონი, მე-- კორპუსი, მე-2 სადარბაზო, 1-ლი სართული, ფართი – 47.26 კვ. მეტრი.
6. მსჯავრდებულებს – რ. ს-ესა და რ. ს-ეს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2013 წლის 19 ოქტომბრიდან.
7. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა. რ. ს-ე და ს. ლ-ე ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და გამართლებას, ხოლო რ. ს-ე – სასჯელის შემსუბუქებას.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. კასატორი – ადვოკატი თ. მ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა რ. ს-ისა და ს. ლ-ის მიერ დანაშაულის ჩადენა; წინასწარ გამოძიებაში მიცემული მათი ჩვენებები არის გამოძიების მხრიდან მათზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი თ. მ-ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განაჩენის გაუქმებას, რ. ს-ისა და ს. ლ-ის გამართლებას, ხოლო რ. ს-ისათვის – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ამორიცხვას და დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა - რ. ს-ემ, რ. ს-ემ და ს. ლ-ემ ნამდვილად ჩაიდინეს გასაჩივრებული განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები. მათი ბრალეულობა დადასტურებულია მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: ბრალდებულების - რ. ს-ის, რ. ს-ისა და ს. ლ-ის, დაზარალებულ ზ. ჭ-ის, მოწმე კ. ჩ-ის ჩვენებებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
3. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის საჩივარში მითითებულ პოზიციას, რომ თითქოს მათ მიერ მიცემული ჩვენებები არის გამოძიების მხრიდან მათზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი, ვინაიდან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია და არც საქმის მასალებში მოიპოვება.
4. ამასთან, საკასაციო პალატა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს რ. ს-ის, რ. ს-ისა და ს. ლ-ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, მათ წარსულ ცხოვრებას, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას - მათი ოჯახები დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მათთვის დანიშნული სასჯელების შემსუბუქება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულების – რ. ს-ის, რ. ს-ისა და ს. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. მსჯავრდებულ რ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2013 წლის 19 ოქტომბრიდან.
4. მსჯავრდებულ რ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2013 წლის 19 ოქტომბრიდან.
5. მსჯავრდებულ ს. ლ-ეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა – 3000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე