დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-998(კ-25) 17 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ.ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ა-იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 9 თებერვლის №1000928132 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ.ა-ის მიმართ გაიცემა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ა-იმ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით მ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ა-იმ.
კასატორის მითითებით, მართალია, სასამართლომ გამოიყენა ის კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, მე-6 და მე-7 მუხლები, თუმცა არასწორად განმარტა ისინი. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი სარეკომენდაციო წერილის არსებობის პირობებშიც კი, სააგენტო ვალდებულია, გამოიყენოს მასზე კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, გაეცნოს და შეაფასოს მიწოდებული უარყოფითი გადაწყვეტილების დასაბუთებულობა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლითაც კასატორს საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა, ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, ვინაიდან ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შეაფასა არა ნორმის შეფარდების კანონიერება, არამედ მისი გამოყენების მიზანშეწონილობა. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ საკითხზე, რომ სზაკ-ის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა მისაღებობა, ამ შემთხვევაში, გულისხმობს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას, თავად აირჩიოს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული რამდენიმე ღონისძიებიდან კონკრეტული ვითარებისათვის ყველაზე უფრო მისაღები სამართლებრივი შედეგი. დისკრეციული უფლებამოსილება მოიაზრება, როგორც სამართლებრივად „შებოჭილი თავისუფლება“ (Schoch/Schmidt-Aßmann/Pietzner, Verwaltungsgerichtsordnung, 22. Ergänzungslieferung 2011, VwGO 8 114 Nachprüfung von Ermessensentscheidungen, Rn 14; Elsner, Das Ermessen im Lichte der Reinen Rechtslehre, Berlin 2011, 56), ვინაიდან დისკრეციული უფლებამოსილება შეზღუდულია დისკრეციული უფლებამოსილების ნორმის მიზნითა და ფარგლებით (Schmidt-Aßmann, in: Maunz/Dürig, Grundgesetz-Kommentar, 64. Ergänzungslieferung 2012, GG Art. 19 Abs. 4, Rn 189-190). იმ პირობებში როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოითხოვა და შეისწავლა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სარეკომენდაციო ხასიათის წერილში მითითებული ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის სრული შესაძლებლობა და უფლებამოსილება გააჩნდა, სასამართლოს ამ შემთხვევაში სწორედ ნორმის გამოყენების მიზნებისა და ფარგლების შესახებ უნდა ემსჯელა და არა უბრალოდ ეთქვა, რომ მოსარჩელის მიმართებით ამ დასკვნით: „სრულად დაცულია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი“ და „... სააგენტომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზნით, რასაც განსაზღვრავს კანონი კონტრდაზვერვის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, მას შეეძლო მიეღო მოსარჩელისათვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 9 თებერვლის №1000928132 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი გამოცემის დავალების ინდივიდუალური სამართლებრივი საფუძველი.“
საკასაციო საჩივრის თანახმად, კასატორი 2014 წელს ჩამოვიდა საქართველოში და ოჯახის გაერთიანების საფუძვლით, მასზე ორჯერ გაიცა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, პირველად, 2015 წლის 24 ივნისს, ერთი წლის ვადით და მეორედ - 2016 წლის 27 აპრილს, ხუთი წლის ვადით. შემდგომ მოსარჩელემ საქართველოში შეიძინა უძრავი ქონებები (ს/კ ...; ...; ... ) და დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა (შპს „...“, ს/კ ...). 2024 წლის 12 იანვარს კასატორმა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუმცა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაუთვალისწინებლად, სააგენტომ 2024 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ა-ს დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე. როგორც ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან ირკვევა, აღნიშნული სამართლებრივი დასაბუთება ეფუძნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ „პასუხს“, თუმცა თვით ეს „პასუხი", რომელიც წარმოდგენილია საქმის მასალებში, მოკლებულია რეალურ, ფაქტობრივ საფუძვლებს, რადგანც მოსარჩელე არ ეწევა არანაირ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს. გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში უარის საფუძვლად მითითებული გარემოებები სიმართლესთან რაიმე კავშირში მაინც რომ ყოფილიყო, მოსარჩელე სულ მცირე დაკავებული უნდა იყოს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ისარგებლა იმით, რომ მის მიერ ჩატარებული წარმოების მასალები/მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი მხარისათვის და გასცა დაუსაბუთებელი პასუხი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის შესახებ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს და სწავლობს საქართველოში შესაბამისი აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტში.
კასატორის განმარტებით, „ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებთან მიმართებით ინდივიდების უფლებების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1977 წლის №77(31) რეზოლუცია მოიცავს იმ მნიშვნელოვან დებულებებს, რასაც უნდა ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული პროცედურები, მათ შორის არის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პირის უფლება იყოს მოსმენილი. განსახილველ შემთხვევაში კასატორისთვის ისიც კი არ არის ცნობილი, თუ რაში სდებენ ბრალს, კონკრეტულად, რომელი მისი ქმედება (თუ, რა თქმა უნდა, სუს-ის პასუხს საფუძვლად დაედო მოსარჩელის რომელიმე ქმედება) შეფასდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად და შესაბამისად, მას არ მიეცა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი მოსაზრება (ან მიეცა რელევანტური განმარტებები) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ვითომ გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით და განეხორციელებინა თავისი უფლებების ეფექტიანი დაცვა.
კასატორის მითითებით, ბინადრობის ნებართვის საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. დისკრეციული უფლებამოსილების შესახებ ევროსაბჭოს 1980 წლის №30(2) რეკომენდაციის თანახმად კი, დისკრეციული უფლებამოსილება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ შემადგენელ ელემენტებს: ა) მიზანი, რისთვისაც ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭა ეს უფლებამოსილება; ბ) მიუკერძოებლობა და ობიექტურობა; გ) კანონის წინაშე თანასწორობა; დ) დასაბუთებულობა, პროპორციულობა და მდგრადობა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საფუძვლად უდევს მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ფაქტობრივ საფუძვლებს მოკლებული, უსაფუძვლო წერილი. ამავე დროს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სხვა საფუძველი მოპასუხეს არ გამოუვლენია. გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, რატომ დააყენა მოწინააღმდეგე მხარემ საჯარო ინტერესი მოსარჩელის კერძო ინტერესზე მაღლა, რატომ უგულებელყო საქართველოს კანონმდებლობა/პრაქტიკა და ასევე არსებული საერთაშორისო პრაქტიკა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ უსაფრთხოების სამსახურის „უარყოფითი დასკვნა“ ავტომატურად წარმოშობს ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი ნორმების სწორი სამართლებრივი განმარტების პირობებში, სააგენტომ „უარყოფითი დასკვნა“ უნდა მიიღოს, როგორც საჯარო ინტერესის განმაპირობებელი საფუძველი და გადაწყვეტილებისას უნდა შეაფასოს მეორე მხარეს არსებული კერძო ინტერესები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მითითება, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა იძლეოდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას და შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება, ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული წარმოების დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პრინციპებს. ამავე ლოგიკით, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობაც და ამის უფლებას მას აძლევდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, რომლის თანახმადაც, „უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას“. აღნიშნული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, სიტყვა „შეიძლება“ გულისხმობს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა არ არის იმპერატიული (სარეკომენდაციო ხასიათისაა) და იგი ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს შესაძლებლობას, საჯარო და კერძო ინტერესების სწორი დაბალანსების გზით, მიიღოს არსებული სიტუაციისთვის ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში ნათლად მოწმობენ კასატორის კერძო ინტერესების უპირატესობას (აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს: მასზე ორჯერ გაიცა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, მას გააჩნდა 300 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება საკუთრებაში და ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას (შპს „...“ ს/კ ...), გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში და არ ეწეოდა ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს ინტერესებს), საჯარო ინტერესზე (არ არსებობდა დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა კასატორის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენას და უფრო მეტიც, საქმეში არსებობდა ოფიციალური ცნობები, რომ ის არ იყო ნასამართლევი არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ).
კასატორის განმარტებით, დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამის ორგანოს სრულ თავისუფლებას, არამედ აღნიშნული მუხლი უწესებს გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის ფარგლებს. იგი, ერთი მხრივ, შეზღუდულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნით და, მეორე მხრივ, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს აღნიშნული ინტერესების შეპირისპირება. ადმინისტრაციული სამართლის ჭრილში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი დამატებით გულისხმობს ისეთი პრინციპების არსებობას, როგორიცაა მმართველობის ორგანოების საქმიანობის განხორციელება თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. აღნიშნული გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები მოქმედებენ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულად. არსებობს დადგენილი სტანდარტი, რომლის თანახმადაც, მოქმედებს სიკეთეთა აწონ-დაწონვის მეთოდი, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, საჯარო და, მეორე მხრივ, კერძო ინტერესი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა მოხდეს კონკრეტული შემთხვევიდან კონკრეტული მხარის ინტერესების შეფასება კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, ყოველი დეტალი ზედმიწევნით უნდა შემოწმდეს, ვინაიდან არც ერთი მათგანი არ უნდა იქნეს უსაფუძვლოდ შეზღუდული. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შერჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ასპარეზის მინიჭება არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია სრულიად თავისუფლად, მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით იმოქმედოს. დისკრეციული უფლებამოსილება არ იძლევა უფლებაში ჩარევის ფორმისა და მოცულობის საკუთარი შინაგანი რწმენით განსაზღვრის უფლებას, არამედ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციას, განახორციელოს თუ არა კანონით ცალსახად მოწესრიგებული ჩარევის შესაძლებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში, რომლის თანახმად: „2017 და 2018 წლებში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის არგუმენტით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებების მეოთხედი თითოეულ წელს ბათილად იქნა ცნობილი და სააგენტოს განსახილველად ეგზავნება. აღნიშნულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე განმეორებით დაყრდნობით, საგულისხმოა ზემოთდასახელებული საფუძვლით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის პრობლემა, რაც ასევე საჭიროებს შესაბამის რეაგირებას“ (სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში, გვერდი 440, ბოლო აბზაცი).
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერსების პროპორციულობა, კონკრეტული საქმის გარემოებების იურიდიული თანასწორობა, თანაზომიერება, შესაბამისობა, რასაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, შედეგად მოყვეს სზაკ-ის ნორმების თვითნებური გამოყენება და განმარტება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არა კანონის მოთხოვნის შესაბამისი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მისაღები გადაწყვეტილების გამოტანა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მ.ა-ი (დაბადების თარიღი: ... ... ...წ.) არის სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე (ს.ფ. 58-68); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტს 2024 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, მ.ა-ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება (ს.ფ. 85); გ) მ.ა-ის საკუთრებაშია 2/4 წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ას ქუჩა №..., ბინა №..., უძრავი ქონების ს/კ... უძრავი ქონების შეფასების შესახებ დასკვნის თანახმად, 2023 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ას ქუჩა №..., ბინა №..., ს/კ ..., საბაზრო ღირებულება არის 1 330 500 ლარი, რაც შეადგენს 497 476 აშშ დოლარს. მ.ა-ის 2/4 წილის ღირებულება არის 248 738 აშშ დოლარი (ს.ფ. 69-73); დ) შპს ,,...ის’’ საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №..., ფართი (მშენებარე), სართული №..., ბინა №..., უძრავი ქონების ს/კ ... უძრავი ქონების შეფასების შესახებ დასკვნის თანახმად, 2023 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით ზემოაღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება არის 652 000 ლარი, რაც შეადგენს 243 784 აშშ დოლარს. მ.ა-ის კუთვნილი წილი (90% შპს ,,...ში’’) არის 219 406 აშშ დოლარი (ს.ფ.74-78); ე) მ.ა-მა 2024 წლის 12 იანვარს №1000928132 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა (ს.ფ. 55-57); ვ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2024 წლის 22 იანვარს №1000928132/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ მ.ა-ისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (ს.ფ. 130); ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 26 იანვრის №SSG 7 24 00017439 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „,ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მ.ა-ისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა (ს.ფ. 131); თ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 9 თებერვლის №1000928132 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ.ა-ის 2024 წლის 12 იანვრის №1000928132 განცხადება და მ.ა-ის უარი ეთქვა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 132).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 9 თებერვლის №1000928132 გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ.ა-ის მიმართ გაიცემა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაც „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი, უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 26 იანვრის №SSG 7 24 00017439 წერილი წარმოადგენს სწორედ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად და რასაც სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობისა და საბოლოო ჯამში, გაზიარების თვალსაზრისით, მისი შინაარსის გათვალისწინებით, გააჩნია არსებითი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა. საკაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 13 ოქტომბერს №ბს-998(კ-25) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეესაბამება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად და უპირატესობა მართებულად მიენიჭა საჯარო - სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზანს. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა მ.ა-ის საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება;
3. მ.ა-ის (M.K; დაბადების თარიღი: ... ... ... წელი; პასპორტის ნომერი:...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.09.2025წ. №1758112196 საგადსახადო დავალებით შ.რ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა