დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ა-557-ბ-30-06 3 ივლისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
აღწერილობითი ნაწილი:
სს „ბანკი ...“ 2004წ. სექტემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: შპს „...“, შპს ...“, მ. ს-შვილის და თ. ს-შვილის მიმართ და მოითხოვა, რომ მოპასუხეებს: შპს „...“ და მ. ს-შვილს, როგორც სოლიდარულ მოვალეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 145 000 აშშ დოლარის, ხოლო შპს „...“ _ 42 128,57 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელემ იქვე მიუთითა, რომ ამ თანხის გადახდა მიქცეული უნდა იქნეს შემდეგ ქონებაზე: შპს „... კუთვნილ ასპინძის რაიონის სოფელ ... მდებარე, ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობაზე, მასში არსებულ ჩამოსასხმელ საამქროსა და მასში მდებარე ტექნიკურ აღჭურვილობაზე; ქ. ... ღვინის ქარხნის შენობა-ნაგებობაზე; მ. ს-შვილის კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე, მდებარეს ქ. ახალციხეში, ... ქუჩაზე; ასევე, თ. ს-შვილის კუთვნილი სს „...“ ნავთობპროდუქტების 19300 ცალ აქციაზე.
ასპინძის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ შპს „...“ დაეკისრა სს „ბანკი ...“ სასარგებლოდ 164 228,57 აშშ დოლარი და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 4 105,79 აშშ დოლარი, სულ მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს 168 324,2 აშშ დოლარი. სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიაქცია შემდეგი ქონება: შპს „...“ კუთვნილი, ასპინძის რაიონის სოფ. ... მდებარე ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა, ჩამოსასხმელი საამქრო და მასში მდებარე ტექნიკური აღჭურვილობა, ასევე თ. ს-შვილის ბინა, მდებარე მდებარე ქ.თბილისი, ... ბ.33; და მისი კუთვნილი 19.300 ცალი აქცია სს „...“ ნავთობპროდუქტებში.
შპს „...“ წარმომადგენელმა რ. ს-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
სს „ბანკი ...“ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის განჩინებით აპელანტ შპს „...ს“ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო მიეცა ხარვეზის შესავსებად ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23მაისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული შპს „...“ სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.
შპს „...“ წარმომადგენელმა რ. ს-შვილმა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის სწორად განისაზღვრა და ამ თანხის გადახდის განაწილვადება სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს მიეცა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო ხარვეზის შესავსებად ვადა, კერძოდ, სადავო საგნის ღირებულების 1,5%-ის გადახდა დაეკისრა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში.
შპს „...“ წარმომადგენელმა რ. ს-შვილმა 2005წ. 7 ივლისს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივარში ხარვეზის გამოსწორების თაობაზე სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის _ 31 ლარის გადახდის ქვითარი. მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრებისსაქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივლისის განჩინებით შპს „...“ წარმომადგენელი რ. ს-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
შპს „...“ წარმომადგენელმა რ. ს-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა მოცემული საქმის წარმოების შეჩერება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ წარმომადგენელი რ.ს-შვილის განცხადება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა შპს „...“ წარმომადგენელი რ. ს-შვილის კერძო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მაისის განჩინება.
თ. ს-შვილმა 2006წ. 13 მარტს საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და სსკ-ის 422-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მოითხოვა საკასაციო პალატის 2005წ. 29 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.
თ. ს-შვილმა თავისი საჩივარი იმით დაასაბუთა, რომ გასაჩივრებული განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ სს „ბანკ ...“ სხვებთან ერთად აღუძრავს სარჩელით.ს-შვილის მიმართაც და რომ სხვა ქონებასთან ერთად თანხის გადახდაზე ზღვევინებაში მიქცეული უნდა ყოფილიყო თ.ს-შვილის კუთვნილი სს „... ნავთობპროდუქტების» 19 300 ცალი აქცია. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული გარემოება, თითქოს მას გააჩნდეს იპოთეკით დატვირთული ქონება ან აქციები, არ შეესაბამება სინამდვილეს, სიმართლეს ასევე არ შეესაბამება გასაჩივრებული განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებული ფრაზა, თითქოს „ბანკი ...“ სასარგებლოდ ასპინძის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ზღვევინებაში იყოს მიქცეული „.... ასევე თ. ს-შვილი ბინა მდებარე ქ.თბილისი, ვაზისუბნის I მ/რ, მე-6 კორპუსი ბ. 43“, ვინაიდან თ.ს-შვილის მოსაზრებით, რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებაში ასეთი რამ არ არის ჩაწერილი და არც შეიძლებოდა ჩაწერილი ყოფილიყო, რადგან „ბანკი ...“ სასარჩელო განცხადებით ასეთი რამ არ მოუთხოვია. თ.ს-შვილის მოსაზრებით, რაიონულ სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ შეუტყობინებია ის, რომ მის წინაამდეგ დავას აწარმოებდა სს „ბანკი ...“ თავისი 2004წ. 27 სექტემბრის სასარჩელო განცხადებით, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც გამოგზავნილი შეტყობინება არ ჩაბარებია და შესაბამისად, ვერც დაესწრო სხდომას. რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმებში არ არის ასევე მითითებული ის, რომ თ. ს-შვილი არ გამოცხადდა და არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას, სხდომის ოქმებში იგი მოპასუხედაა აღნიშნული.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით იგივე დარღვევები განმეორდა სააპელაციო ინსტანციაში, ყოველივე ზემოაღნიშნული კი არღვევს მის კონსტიტუციურ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებულ უფლებებს.
საჩივრის ავტორის განმარტებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მაისის განჩიებაში დაშვებულია კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და განზრახ არასწორადაა მოხსენიებული ზღვევინებაში მიქცეულად ქონება, კერძოდ,თ.ს-შვილის ბინა, მდებარე თბილისში ... ბინა 43.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვისა და თ.ს-შვილის საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
თ.ს-შვილმა საკასაციო პალატის 2005წ. 29 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა ის, რომ რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა სსკ-ისი 70-78-ე მუხლების შესაბამისად მას არ შეატყობინეს სასამართლო სხდომის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში თ.ს-შვილის განცხადების დასაშვებობის შესამოწმებლად გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილი; ამ ნორმის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. ამდენად, თ.ს-შვილმა არაგანსჯად სასამართლოს მიმართა ზემოაღნიშნული მოთხოვნით, რის გამოც იგი დაუშვებელია.
როგორც საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, თ.ს-შვილი საკასაციო პალატის 2005წ. 29 დეკემბრის განჩინების ბათილობას მოითხოვს სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად. ამ ნორმის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. როგორც თ.ს-შვილის საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს საკასაციო პალატის განჩინების ბათილად ცნობას.
საჩივრის ავტორი განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული გარემოება, თითქოს მას გააჩნდეს იპოთეკით დატვირთული ქონება ან აქციები, არ შეესაბამება სინამდვილეს. სიმართლეს არ შეესაბამება ასევე გასაჩივრებული განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებული ფრაზა, თითქოს „ბანკი ...“ სასარგებლოდ ასპინძის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ზღვევინებაში იყოს მიქცეული ასევე თ. ს-შვილის ბინა მდებარე ქ.თბილისი, ... ბინა 43, ვინაიდან თ.ს-შვილის მოსაზრებით, რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებაში ასეთი რამ არ არის ჩაწერილი და არც შეიძლებოდა ჩაწერილი ყოფილიყო, რადგან „ბანკი ...“ სასარჩელო განცხადებით ასეთი რამ არ მოუთხოვია. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის განჩინების აღწერილობითი ნაწილი შედგენილია სსკ-ის 285-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და იგი არ ეწინააღმდეგება მოცემული საქმის მასალებს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ.ს-შვილის მიერ მითითებული საფუძვლების გამო სსკ-ის 422-ე მუხლი არ ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რის გამოც მისი საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 422-ე, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ს-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.