დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-690(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ. ჭ-ე
მესამე პირები: მ. ზ-ი, სა. და ს. ჭ-ეები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 27 აპრილს დ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი ცხინვალიდან; დ. ჭ-ე აღნიშნავს, რომ დევნილობის საწყის ეტაპზე ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელში, მოგვიანებით კი გორში, ...ს ქუჩაზე. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები (დევნილები); დ. ჭ-ე აღნიშნავს, რომ ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, თუმცა მოგვიანებით გადავიდა ქირით. იგი ასევე უთითებს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის #03-440/ო ბრძანებით მას ერთხელ უკვე ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე განსახლების გადაგაუდებელი აუცილებლობის არარსებობის გამო; მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან ზემოაღნიშნული აქტი გაასაჩივრა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა ნაწილბრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის #03-440/ო ბრძანება და სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა დ. ჭ-ის ოჯახთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსარჩელე განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ასაჩივრებს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის IDP8 23 00000442 ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მისი მოთხოვნა კვლავ არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის IDP8 23 00000442 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის დ. ჭ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ მ. ზ-ი, სა. და ს. ჭ-ეები;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით, დ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის IDP 8 23 00000442 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე დ. ჭ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ. ჭ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი ცხინვალიდან; მას ჰყავს მეუღლე - მ. ზ-ი; შვილები: ... წლის ... ...ს დაბადებული სა. ჭ-ე და ... წლის ... ...ს დაბადებული ს. ჭ-ე. მოსარჩელე დ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის №8 ოქმის თანახმად, მოსარჩელე - დ. ჭ-ეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით, სამ ოთახიანი ბინით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან კომისიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე იმ ეტაპზე გადაუდებელ განსახლების არ საჭიროებდა მამის საკუთრებაში ცხოვრების გამო. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2020 წლის 12 მარტს №03-440/ო გამოსცა ბრძანება მოსარჩელე დ. ჭ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელ საჭიროების არ არსებობის გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 მარტის №03-440/ო ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოსში. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის №03-440/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე დ. ჭ-ის ოჯახთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიეთითა, რომ ერთ სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებულნი არიან თავად მოსარჩელე დ. ჭ-ე, შვილები - ს. ჭ-ე და სა. ჭ-ე, მამა - ე. ჭ-ე, დედა - ლ. ბ-ი, და - რ. ჭ-ე, რასაც სააგენტო არ უარყოფს, თუმცა ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას არ გამოკვლეულა თუ რა ფაქტობრივი გარემოების გამო (მაგ.უთანხმოების თუ სხვა) შეავსო ცალკე განაცხადი დ. ჭ-ემ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, მაშინ როდესაც მის გარდა სხვა სრულწლოვანი წევრებიც არიან მის ოჯახის შემადგენლობაში. ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხეს უნდა შეესწავლა დ. ჭ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრთა რაოდენობისა და მამის საკუთრებაში ცხოვრების საკითხი.
ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. 2022 წლის 24 დეკემბრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს ქირით, დეიდის საკუთრებაში რეგისტრირებულ ბინაში, მდებარე - ქ. გორი, ...ის ქუჩა №23, Vკვარტალი, ბინა 7. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 24 მარტის №23 სხდომის ოქმით, მოსარჩელე დ. ჭ-ის განცხადება კვლავ არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ ამ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, მამის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2023 წლის 29 მარტს გამოსცა IDP 8 23 00000442 ბრძანება მოსარჩელე დ. ჭ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. 2023 წლის 27 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული, თ. ბ-ის განმარტებით დასტურდება, რომ მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. გორი, ...ის ქუჩა №23, Vკვარტალი, ბინა 7-ში 2022 წლის აპრილიდან ნამდვილად ცხოვრობს დ. ჭ-ე მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან და ყოველთვიურად უხდის ქირას 300 ლარის ოდენობით. 2023 წლის 27 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული აქტის თანახმად, ქ. გორში, ...ის მე-5 კვ. №23-ში მცხოვრები მეზობლები - მ. ბ-ე და მ. მ-ე ადასტურებენ, რომ მათ მეზობლად, ამავე მისამართზე ბინა №7-ში ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს დ. ჭ-ე მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ქირით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სადავო აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, მიიჩნია იგი როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ სააგენტომ იხელმძღვანელა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განხორციელებული მონიტორინგის მასალებით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მოსარჩელის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, კერძოდ, ის გარემოება, რომ დ. ჭ-ის ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ არსებობს მამის ალტერნატიული საცხოვრისის გამო;
შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის IDP 8 23 00000442 ბრძანების კანონიერება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის დ. ჭ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მოსარჩელე დ. ჭ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი ცხინვალიდან; მას ჰყავს მეუღლე - მ. ზ-ი; შვილები: ... წლის ... ...ს დაბადებული სა. ჭ-ე და ... წლის ... ...ს დაბადებული ს. ჭ-ე. მოსარჩელე დ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 მარტს №03-440/ო ბრძანებით დ. ჭ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. ზემოაღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის №03-440/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე დ. ჭ-ის ოჯახთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. 2022 წლის 24 დეკემბრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა ქირით, დეიდის საკუთრებაში რეგისტრირებულ ბინაში, მდებარე - ქ. გორი, ...ის ქუჩა №23, Vკვარტალი, ბინა 7-ში. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 24 მარტის №23 სხდომის ოქმით, მოსარჩელე დ. ჭ-ის განცხადება კვლავ არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ ამ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, მამის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2023 წლის 29 მარტს გამოსცა IDP 8 23 00000442 ბრძანება მოსარჩელე დ. ჭ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. 2023 წლის 27 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული, თ. ბ-ის (განმარტებით დასტურდება, რომ მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. გორი, ...ის ქუჩა №23, Vკვარტალი, ბინა 7-ში 2022 წლის აპრილიდან ნამდვილად ცხოვრობს დ. ჭ-ე მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან და ყოველთვიურად უხდის ქირას 300 ლარის ოდენობით. 2023 წლის 27 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული აქტის თანახმად, ქ. გორში, ...ის მე-5 კვ. №23-ში მცხოვრები მეზობლები - მ. ბ-ე და მ. მ-ე ადასტურებენ, რომ მათ მეზობლად, ამავე მისამართზე ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს დ. ჭ-ე მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ქირით.
საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ დ. ჭ-ის ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ამასთან, თავად მოსარჩელეს არ გააჩნია საკუთარი საცხოვრისი. ამასთან, ნიშანდობლივია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მოსარჩელის ოჯახის ქირით ცხოვრების ფაქტს ადასტურებენ. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალების შეჯამებით დგინდება, რომ დ. ჭ-ეს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მამის სახელზე რიცხული ქონების არსებობა, ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის ოჯახის საჭიროებას, როგორც დევნილი დაკმაყოფილდეს მოცემულ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
ამავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის.
ამავე შინაარსისაა ბავშვის უფლებათა კოდექსის 46-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფომ რესურსების ფარგლებში უნდა გაუწიოს მშობელს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული მიზნობრივი მატერიალური და არამატერიალური დახმარება და განახორციელოს მხარდაჭერის პროგრამები, განსაკუთრებით − საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით. ამავე კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დ. ჭ-ესთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ასევე მის არასრუწლოვან შვილებს.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები, მათი ჯანმრთელობის, ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, რაც განსახილველ შემთხვევაში, უგულებელყოფილ იქნა, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აღნიშნული საკითხი სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღოს არასრულწლოვანი დევნილების უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების დასადგენად, არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა