საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.06.2015
საქმის ნომერი
2კ-24აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №24აპ-15 ქ. თბილისი

ქ-ე ი.- 24აპ-15. 22 ივნისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ქ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განაჩენით ი. ქ-ე, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის წესით ი. ქ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა 1 წელი და საბოლოოდ მას სასჯელის სახით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალა 2013 წლის 22 ივნისიდან.

ამავე განაჩენით რ. ნ-ე, – ნასამართლობის არმქონე, –ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2 ეპიზოდი) – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 124-ე მუხლით - ჯარიმა 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის წესით, რ. ნ-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალა 2013 წლის 22 ივნისიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა მსჯავრდებულების სასიკეთოდ მათთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში, კერძოდ:

მსჯავრდებულ ი. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) განესაზღვრა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის წესით, ი. ქ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა 6 თვე და საბოლოოდ მას სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ რ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) განესაზღვრა 2-2 წლით თავისულფების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) – 3-3 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 124-ე მუხლით - ჯარიმა 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქმის წესით, რ. ნ-ს საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ი. ქ-სთვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს – წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე