საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.06.2015
საქმის ნომერი
2კ-31აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №31აპ-15 ქ. თბილისი

გ-ა გ, 31აპ-15 9 ივნისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით:

გ. გ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

გ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 376–ე მუხლზე.

გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 376–ე მუხლით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილისა და სსკ–ის 72-ე მუხლის მე–6 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, 2013 წლის 27 აგვისტოს პირობით ვადამდე გათავისუფლება და სსკ–ის 59–ე მუხლის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 1 თვისა და 18 დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 13 ნოემბრიდან.

ლ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 13 ნოემბრიდან.

გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 13 ნოემბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ დ. ჩ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებელსა და მსჯავრდებულებს - ლ. ჯ-ა და გ. მ-ს შორის.

ლ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 13 ნოემბრიდან.

გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 13 ნოემბრიდან.

გ. გ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

გ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 376–ე მუხლზე.

გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 376–ე მუხლით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილისა და სსკ–ის 72-ე მუხლის მე–6 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, 2013 წლის 27 აგვისტოს პირობით ვადამდე გათავისუფლება და სსკ–ის 59–ე მუხლის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 1 თვისა და 18 დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 13 ნოემბრიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ გ. გ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი