შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3ა/6 6 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე, ბ. კობერიძე
განიხილა კომპანიის “სიერა ოილ ენთერფრაიზიზ ა.გ” შუამდგომლობა ინგლისის უმაღლესი სასამართლოს ქვინზ ბენჩ დივიჟენის კომერციული სასამართლოს 2000 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და ღსრულების შესახებ, საქმეზე – კომპანიის “სიერა ოილ ენთერფრაიზიზ ა.გ” სარჩელის გამო, სააქციო საზოგადოება “თბილსრესის” მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ინგლისის უმაღლესი სასამართლოს ქვინზ ბენჩ დივიჟენის კომერციული სასამართლოს 2000 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოებას დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყონებლივ 2355723,15 აშშ დოლარის გადახდა კომპანია “სიერა ოილ ენთერფრაიზის ა.გ” სასარგებლოდ. აღნიშნული თანხიდან 18124,1 აშშ დოლარი არის მიწოდებული საქონლის ღირებულება, 1812,24 აშშ დოლარი – საურავი საქონლის ღირებულების გადახდის ვადის გადაცილებისათვის და 1196,18 აშშ დოლარი – საარბიტრაჟო სასამართლოს მოსაკრებლის ხარჯები.
კომპანია “სიერა ოილ ენთერთრაიზიზ ა.გ” წარმომადგენელმა ე. ა-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულ შუამდგომლობას თან ერთვოდა ყველა ის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც გათვალისწინებულია “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააქციო საზოგადოება “თბილსრესის” წარმომადგენლის შუამდგომლობისა და თანდართული საბუთების გადაცემისას პალატის 2001 წლის 13 თებერვლის განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ მას ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება.
სააქციო საზოგადოება “თბილსრესის” წარმომადგენლობას დაევალა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა შეპასუხება 2001 წლის 4 აპრილამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო კომპანია “სიერა ოილ ენთერფრაიზიზ ა.გ”-ს შუამდგომლობას განიხილავდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ა/წ 4 აპრილს სააქციო საზოგადოება “თბილსრესის” გენერალურმა დირექტორმა ტ. ბ-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას მიმართა შუამდგომლობით, რომელშიც აღნიშნა, რომ ¹83 კონტრაქტის პირობებით ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება მთლიანად შესრულებულია და რაიმე დავალიანება არ ერიცხებათ. სააქციო საზოგადოება “თბილსრესის” გენერალურმა დირექტორმა მოითხოვა საქმის ზეპირი განხილვა და თანამოპასუხეებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება “საქენერგოს” ჩართვა პროცესში.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი შეტყობინებებით დასტურდება, რომ სააქციო საზოგადოება “თბილსრესი” 2000 წლის 5 ივლისს გაფრთხილებული იყო 2000 წლის 1 აგვისტოს სასამართლო პროცესის გამართვის თაობაზე, ხოლო 2000 წლის 15 აგვისტოს მას ჩაბარდა ინგლისის უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება (2 ფურცელი).
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანია “სიერა ოილ ენთერფრაზიზ ა.გ”-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა თვლის, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს კომპანია “სიერა ოილ ენთერფრაიზიზ ა.გ”-ს ინგლისის უმაღლესი სასამართლოს ქვინზ ბენჩ დივიჟენის კომერციული სასამართლოს 2000 წლის 1 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რადგან დაცულია ზემოთ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პირობები.
პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 91-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კომპანია “სიერა ოილ ენთერფრაიზიზ ა.გ” შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნეს ინგლისის უმაღლესი სასამართლოს ქვინზ ბენჩ დივიჟენის კომერციული სასამართლოს 2000 წლის 1 გვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და იგი დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად გაეგზავნოს გარდაბნის რაიონის სააღსრულებო ბიუროს.
საკასაციო აპალატის განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.