დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №8I-15 ქ. თბილისი
გ-ი ქ.- 8I-15 5 ივნისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, მაია ოშხარელი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. ჯ-ას
ადვოკატ - პ. მ-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. გ-ის
თარჯიმან - მ. მ-ას
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2014 წლის 5 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ქ. გ-ი.
2. 2014 წლის 8 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ქ. გ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
3. 2014 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ქ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი 2014 წლის 8 დეკემბრის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
4. 2015 წლის 12 იანვარს ინტერპოლის მეშვეობით საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა ქ. გ-ის ექსტრადიციის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი საექსტრადიციო მასალების ასლები. აღნიშნული დოკუმენტების ორიგინალები მიღებულ იქნა 2015 წლის 15 იანვარს.
5. 2015 წლის 21 იანვარს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ქ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
6. 2015 წლის 28 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ადვოკატის შუამდგომლობა ზეპირი განხილვისათვის დაუბრუნდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
7. 2015 წლის 31 იანვარს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
8. 2015 წლის 7 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ქ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი 2015 წლის 31 იანვრის განჩინებით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
9. 2015 წლის 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ქ. გ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა დამატებით 3 თვის ვადით, სულ 6 თვემდე - 2015 წლის 5 ივნისამდე. ქ. გ-ი ამჟამად მოთავსებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულებაში.
10. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. გერას რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 ივნისის განაჩენით ქ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ შრომითი ანაზღაურების დაკავებასა და მითვისებაში, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განზრახ გაჭიანურებაში, საბუღალტრო წარმოების ვალდებულების განზრახ დარღვევასა და განზრახ გაკოტრებაში, დანაშაული, გათვალისწინებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით, ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესახებ“ კანონის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით 64-ე მუხლთან კავშირში (იმ დროს მოქმედი რედაქციით), 283-ე მუხლის I ნაწილის მე-5 ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით, 283-ე ,,ბ“ მუხლის პირველი ნაწილის 3 ,,ბ“ ქვეპუნქტით. ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელები ქ. გერას 2003 წლის 6 ივნისის განაჩენით შეიკრიბა და ქ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლის, 6 თვისა და 1 კვირის ვადით, რომელიც ჩაითვალა პირობით სასჯელად, გამოსაცდელი 4 წლის ვადით. ასევე, მას აეკრძალა 5 წლის მანძილზე პროფესიული საქმიანობის უფლება. ვინაიდან ქ. გ-ი თავს არიდებდა დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. ვისბადენის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 იანვრის განაჩენით გაუქმდა პირობითი სასჯელი და დადგინდა, რომ ქ. გ-ს დანიშნული სასჯელი მოეხადა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. გერას რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 ივნისის განაჩენი საბოლოო სახით ძალაში შევიდა 2003 წლის 19 მარტს, ხოლო ქ. ვისბადენის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 იანვრის განაჩენი - 2005 წლის 7 ივლისს. 2013 წლის 5 იანვარს ქ. გ-ის მიმართ გაიცა დაპატიმრების ევროპული ორდერი. 2013 წლის 12 თებერვალს ქ. გ-ის მიმართ ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდა ძებნა.
11. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა დ. ჯ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. გ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ.
ü შუამდგომლობის თანახმად: ქ. გ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია. ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, გადასცენ ერთმანეთს სისხლის სამართალწარმოებას დაქვემდებარებული პირები.
ü ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსტრადიცია შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც დასჯადია თავისუფლების აღკვეთით, როგორც ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმმართველ, ისე შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში და აღნიშნული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, თუ მსჯავრდებული პირის გადაცემის მოთხოვნა შეიცავს რამდენიმე ცალკეულ დანაშაულს, რომლებიც დასჯადია თხოვნის გამგზავნი და მიმღები მხარეების სამართლის მიხედვით თავისუფლების აღკვეთით ან დაკავების ორდერის შეფარდებით, მაგრამ რამდენიმე დანაშაული არ პასუხობს სასჯელის ზომის მიმართ დადგენილ პირობას, თხოვნის მიმღებ მხარეს აქვს უფლება, გადასცეს პირი ამგვარი დანაშაულებისთვისაც.
ü ქ. გ-ი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მსჯავრდებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით (შრომითი ანაზღაურების დაკავება და მითვისება); ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესახებ“ კანონის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით 64-ე მუხლთან კავშირში (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განზრახ გაჭიანურება, იმ დროს მოქმედი რედაქციით); 283-ე მუხლის I ნაწილის მე-5 ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით (საბუღალტრო წარმოების ვალდებულების განზრახ დარღვევა); 283-ე ,,ბ“ მუხლის პირველი ნაწილის 3 ,,ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ გაკოტრება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული თითეული დანაშაულისათვის მაქსიმალური სასჯელის სახით განსაზღვრულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ü გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან შემოსული მასალის თანახმად, დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა ჩადენაშიც ქ. გ-ი მსჯავრდებულია, მდგომარეობს შემდეგში: კომპანია ,,ლ-ი,“ რომლის აღმასრულებელი დირექტორიც იყო ქ. გ-ი, დასაქმებული იყო შვიდამდე პირი. 1999 წლის 1 მარტიდან - 2002 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში, ქ. გ-ი პასუხისმგებელი იყო აღნიშნულ პირთა სოციალური დაზღვევის შენატანების გადახდაზე, თუმცა მან თავი შეიკავა მომუშავეების დაზღვევის შენატანების დადგენილ ვადაში შეტანისაგან, რითაც კონკრეტულ მზღვეველს - ,,B-e“-ს არ გადაუხადა ჯამში - 6 899 გერმანული მარკა. ე.ი. მითითებული ქმედებით მან ჩაიდინა შრომითი ანაზღაურების დაკავება და მითვისება, დანაშაული, გათვალისწინებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით. ასევე, 2000 წლის 1 იანვრისათვის შპს ,,ლ-უ“ იყო გადახდისუუნარო. დაქირავებული თანამშრომლებისათვის ხელფასების გადახდა ხორციელდებოდა არარეგულარულად, ნაწილობრივი ანაზღაურების სახით, ნაღდი ანგარიშსწორების გზით. 1999 წლის ივლისიდან მოყოლებული, რამდენიმე კრედიტორმა შეიტანა სასამართლოში განაცხადი კომპანიის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად კომპანიის ქონების დაყადაღებისა და კრედიტორებისათვის გადაცემის გადაწყვეტილების გამოცემის მიზნით, რაც შესაბამისმა სასამართლომ დააკმაყოფილა. ამის მიუხედავად, ქ. გ-მა არ დააყენა შუამდგომლობა გადახდისუუნარობის შესახებ. 2000 წლის 4 მაისს, საქმის წარმოების ხარჯების დაფარვისათვის საკმარისი აქტივების არარსებობის გამო, უარი ითქვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნაზე. ე.ი. მითითებული ქმედებით მან ჩაიდინა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განზრახ გაჭიანურება, დანაშაული, გათვალისწინებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესახებ“ კანონის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით 64-ე მუხლთან კავშირში (იმ დროს მოქმედი რედაქციით). ასევე, ვინაიდან შპს ,, ლ-უ“ ატარებდა კომერსანტის სტატუსს, იგი ექვემდებარებოდა საბუღალტრო აღრიცხვის, წარმოებისა და ბალანსის შედგენის შესახებ დებულებებს. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად უნდა შემდგარიყო წლიური ბალანსი მოგება - ზარალის აღრიცხვით, რაც 1998 წლისათვის არ შესრულებულა. ქ. გ-ს კი აღნიშნული ბალანსის მომზადების ვალდებულება გააჩნდა 1999 წლის 30 ივნისამდე პერიოდის განმავლობაში. შედეგად, კომპანიის მიერ მომზადებული დაანგარიშება არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. ე.ი. მითითებული ქმედებით მან ჩაიდინა საბუღალტრო წარმოების ვალდებულების განზრახ დარღვევა, დანაშაული, გათვალისწინებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის მე- 5 ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით. გარდა ამისა, 1999 წლის 25 მარტიდან მოყოლებული, შპს ,,ლ-უს“ მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვა არასათანადოდ ხორციელდებოდა, რაც გაგრძელდა გადახდისუუნარობის დადგომის შემდგომ პერიოდშიც. კომპანია არ ახდენდა ჩეკების მოწესრიგებულ ჩაბარებას და სამეურნეო ოპერაციების ასახვას საბუღალტრო ჩანაწერების საბუღალტრო ნაშთების, ხარჯებისა და საშემოსავლო ანგარიშებზე. საქმიანი დოკუმენტები არ იყო სათანადოდ შენახული, რის გამოც ლიკვიდატორისათვის შეუძლებელი გახდა შპს-ს აქტივების შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნა. ქ. გ-ი კომპანიის საქმიანობას იმგვარად წარმართავდა, რომ კომპანიის ოპერაციები და ეკონომიკური სარგებლის დონე ბუნდოვანი ყოფილიყო. 2000 წლის 4 მაისს სადაზღვევო კომპანია ,,B-e“-მ შპს ,,ლ-უს“ წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა განაცხადი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ, თუმცა ხარჯების დაფარვისათვის საკმარისი აქტივების არარსებობის გამო, სადაზღვევო კომპანიას აღნიშნულის შესახებ უარი ეთქვა. ე.ი. მითითებული ქმედებით მან ჩაიდინა განზრახ გაკოტრება, დანაშაული, გათვალისწინებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე ,,ბ“ მუხლის პირველი ნაწილის 3 ,,ბ“ ქვეპუნქტით. ქ. გ-ის მიერ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი ზემოაღნიშნული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია ასევე საქართველოს კანონმდებლობით და მათი საქართველოში ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 207-ე მუხლით (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას), 2041-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა) და 206-ე მუხლით (საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტები სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდ წლამდე ვადით; 207-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით; 2041-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას და 206-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით. ამრიგად, ქ. გ-ის მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში თითეული დანაშაულისათვის მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთი წლით და მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ან სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, რითაც იგი აკმაყოფილებს როგორც ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას. შესაბამისად, ქ. გ-ი ექვემდებარება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციას.
ü ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
ü გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქ. გ-ის მიმართ განაჩენები გამოტანილ იქნა ქ. გერას რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 6 ივნისს და ქ. ვისბადენის რაიონული სასამართლოს მიერ - 2004 წლის 14 იანვარს, ხოლო 2013 წლის 5 იანვარს ქ. გ-ის მიმართ გაიცა დაპატიმრების ევროპული ორდერი. 2013 წლის 12 თებერვალს ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდა ძებნა. ვინაიდან დანაშაულებს, რომელთა ჩადენაშიც ქ. გ-ი იძებნება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქართული კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები, გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც აითვლება დანაშაულის ჩადენის მომენტიდან და შეადგენს 2 წელს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განზრახ გაჭიანურების, საბუღალტრო წარმოების ვალდებულების განზრახ დარღვევისა და განზრახ გაკოტრების დანაშაულის ეპიზოდებში, ხოლო შრომითი ანაზღაურების დაკავებისა და მითვისების დანაშაულის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს და აითვლება დანაშაულისათვის მსჯავრდების მომენტიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება მსჯავრდებულის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან შემოსული მასალების თანახმად, ქ. გ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა იწურება განაჩენის საბოლოო სახით ძალაში შესვლის დღიდან 10 წელიწადში. ამას გარდა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 79,,ა“ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება სასჯელის აღსრულების შეწყვეტის ან გადავადების შემთხვევაში. ქ. გ-ის მიმართ დადგენილი განაჩენები საბოლოო სახით ძალაში შევიდა 2003 წლის 19 მარტსა და 2005 წლის 7 ივლისს. ქ. გ-ის მიმართ გამოტანილი სასჯელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ აღსრულებულა 2006 წლის 16 მაისიდან 2011 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში. შესაბამისად, სასჯელის გადავადების გამო, დღეის მდგომარეობით მოცემული ვადა გასული არ არის. ვინაიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ქ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დასრულდა შრომითი ანაზღაურების დაკავებისა და მითვისების დანაშაულის ეპიზოდში არაუგვიანეს 2002 წლის 21 თებერვლისა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განზრახ გაჭიანურების დანაშაულის ეპიზოდში - 2000 წლის 4 მაისს, საბუღალტრო წარმოების ვალდებულების განზრახ დარღვევის დანაშაულის ეპიზოდში - 1999 წლის 30 ივნისს და განზრახ გაკოტრების დანაშაულის ეპიზოდში - 2000 წლის 4 მაისს და იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქ. გერას რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა 2003 წლის 6 ივნისს, ხოლო ქ. ვისბადენის რაიონულმა სასამართლომ - 2004 წლის 14 იანვარს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქ. გ-ის მიმართ განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განზრახ გაჭიანურების, საბუღალტრო წარმოების ვალდებულების განზრახ დარღვევისა და განზრახ გაკოტრების დანაშაულის ეპიზოდებში, ხოლო შრომითი ანაზღაურების დაკავებისა და მითვისების დანაშაულის შემთხვევაში აღნიშნული ვადა გასული არ არის. შესაბამისად, ქ. გ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებია მხოლოდ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით (შრომითი ანაზღაურების დაკავება და მითვისება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულების მიზნით.
ü საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მსგავსი შინაარსის დებულებებს შეიცავს “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ქ. გ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არ არსებობს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლითა და “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ქ. გ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. გარდა აღნიშნულისა, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი (non-refoulement). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქ. გ-ს არ აქვს მიცემული პოლიტიკური თავშესაფარი და არ სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით. შესაბამისად, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
ü „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც ქ. გ-ის ექსტრადიცია მოითხოვება, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი იყოს განაჩენი. შესაბამისად, ქ. გ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.
ü „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულისათვის, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება გადაცემა, ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ დანაშაულები, რომლებისთვისაც მოითხოვება ქ. გ-ის ექსტრადიცია, მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. მოცემული დანაშაულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელი, როგორიცაა სიკვდილით დასჯა, არ არის გათვალისწინებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსით.
ü გარდა ამისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, შესაძლოა არსებობდეს ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა ისეთი გარემოებები, როგორიცაა, მაგალითად: საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა განვითარებულ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება და წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს. თავის მხრივ, ევროპის კავშირს სახელმწიფოს წევრობისთვის მეტად მკაცრი კრიტერიუმები (ცნობილია როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები) აქვს დადგენილი ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. კერძოდ, კოპენჰაგენის კრიტერიუმების თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. უფრო მეტიც, ევროკავშირის წევრობის მთელი პერიოდის განმავლობაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ერთ-ერთ სრულფასოვან და ჩამოყალიბებულ დემოკრატიად აღიქმება, რომლის მიმართაც არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს,“ სადაც ექსტრადიცია ზოგადად არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. გარდა ამისა, არც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მისი ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ქ. გ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი. აგრეთვე, ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ნაგულისხმევ ვალდებულებებთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით. ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევას ადგილი ექნება, თუ პირს საქართველოში ეყოლებოდა პირთა გარკვეული წრე, რომლებთანაც კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისთვის ოჯახური ურთიერთობები ექნებოდა და ექსტრადიციის შედეგად მათთან დაშორება მოუხდებოდა. საქართველოს პროკურატურის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქ. გ-ს საქართველოში ოჯახური კავშირები არ გააჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევის რისკი. ვინაიდან არ არსებობს ზემოთ ჩამოთვლილი ექსტრადიციის გამომრიცხველი არც ერთი გარემოება, მიზანშეწონილია, დასაშვებად იქნეს ცნობილი ქ. გ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორის - დ. ჯ-ას შუამდგომლობა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ქ. გ-ის ექსტრადიცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მის მიმართ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე ,,ა“ 1 მუხლი (შრომითი ანაზღაურების დაკავება და მითვისება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. გერას რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 ივნისისა და ქ. ვისბადენის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 იანვრის განაჩენებით დადგენილი სასჯელის აღსრულების მიზნით. დაუშვებლად იქნა ცნობილი ქ. გ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესახებ“ კანონის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით 64-ე მუხლთან კავშირში (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განზრახ გაჭიანურება; იმ დროს მოქმედი რედაქციით), 283-ე მუხლის I ნაწილის მე-5 ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით (საბუღალტრო წარმოების ვალდებულების განზრახ დარღვევა) და 283-ე ,,ბ“ მუხლის პირველი ნაწილის 3 ,,ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ გაკოტრება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი სასჯელის აღსრულების მიზნით.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ექსტრადიციისათვის დაქვემდებარებულმა პირმა - ქ. გ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. მ-მა. მათ ითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი; სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა, რამდენად წარმოადგენდა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ქმედება დანაშაულს საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განესაზღვრა, ხომ არ არსებობდა ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება; სასამართლოს განჩინებაში მითითებული ქ. გ-ის ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით არასწორია, ვინაიდან გერმანიის კანონმდებლობა მითვისებას დამამძიმებელი გარემოებებით - მნიშვნელოვანი ზიანითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - არ იცნობს. ქ. გ-ის ქმედება უნდა შეფასდეს მითვისებად ყოველგვარი დამამძიმებელი გარემოების გარეშე; ქ. გ-ის ექსტრადიცია დაუშვებელია, ვინაიდან მისი ქმედება არ არის დასჯადი საქართველოს კანონმდებლობით, რადგან იგი ამნისტირებულია; ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომ განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ექსტრადიციის განხორციელება დაუშვებელია, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად დადგენილია ,,ოჯახის ურღვევობის პრინციპი”. ქ. გ-ს თურქეთში ჰყავს ოჯახი, რის გამოც გერმანიაში მისი ექსტრადიციით დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული პრინციპი.
14. საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა - ქ. გ-მა და მისმა ადვოკატმა - პ. მ-მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
15. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დ. ჯ-ამ საკასაციო საჩივართან მიმართებით განმარტა, რომ მითითებული საფუძვლებით ქ. გ-ის ექსტრადიციაზე უარის თქმა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ამასთან, წარმოადგინა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ვერბალური ნოტა, რომელშიც მითითებულია, რომ გერმანიის მხარის 2015 წლის 12 იანვრის თხოვნა ექსტრადიციის შესახებ აღარ არის ძალაში, გათხოვნილია უკან და მოთხოვნილია სამართლებრივ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის პატიმრობიდან გათავისუფლება. შესაბამისად, პროკურორმა დ. ჯ-ამ იშუამდგომლა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმება ქ. გ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის ნაწილში, მისი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობა და საექსტრადაციო პატიმრობიდან ქ. გ-ის გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორის შუამდგომლობა ქ. გ-ის ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ქ. გ-ის დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და აღნიშნავს, რომ კასატორის მითითება ამნისტიის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ე.წ ,,ოჯახის ურღვევობის პრინციპის“ დარღვევისა და სხვა გარემოებების გამო ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ გაცხადებულ შუამდგომლობასა და წარმოდგენილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 2015 წლის 27 მაისის ნოტაზე, რომლის თანახმადაც, გერმანიის მხარის 2015 წლის 12 იანვრის თხოვნა ექსტრადიციის შესახებ აღარ არის ძალაში, გათხოვნილია უკან და მოთხოვნილია სამართლებრივ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საექსტრადაციო პატიმრობიდან გათავისუფლება. პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას აღარ სურს ქ. გ-ის ექსტრადიცია, რაც დასტურდება სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი შესაბამისი ვერბალური ნოტით, პროკურორ დ. ჯ-ას შუამდგომლობა ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის განჩინება ქ. გ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის ნაწილში. ქ. გ-ის ექსტრადიცია დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. ასევე უნდა გაუქმდეს ქ. გ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადაციო პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. პროკურორ დ. ჯ-ას შუამდგომლობა ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის განჩინება ქ. გ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის ნაწილში და მისი ექსტრადიცია დაუშვებლად იქნეს ცნობილი.
4. გაუქმდეს ქ. გ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადაციო პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
მ. ოშხარელი