დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№91-15 30 ივნისი, 2015 წელი
შ-ე ჯ., 91-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. კ-ს
მსჯავრდებულ _ ჯ. შ-ს
ადვოკატ - რ. ა-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. შ-ს საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ჯ. შ-ე (ძებნილი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ზესტაფონის სს „ფეროს“ სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზარალის – 580.320 ლარის ანაზღაურება. ჯ. შ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო – 5 თვე, 4 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის განჩინებით ჯ. შ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო – 5 თვე და 4 დღე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 28 ივნისიდან.
3. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.
4. 2014 წლის 21 ივლისს მსჯავრდებულმა ჯ. შ-მ და მისმა ადვოკატმა რ. ა-მა შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და სასჯელის შემცირების ან განაჩენის ხანდაზმულად მიჩნევის გამო სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლების შესახებ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. შ-სა და ადვოკატ რ. ა-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენი და 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება შეიცვალა: ჯ. შ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მიესაჯა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის 5 თვე, 4 დღე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 28 ივნისიდან. განაჩენი და განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. 2015 წლის 20 მაისს მსჯავრდებულ ჯ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა-მა მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ჯ. შ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. შ-ს ადვოკატ რ. ა-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
8. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. შ-მ საჩივრით მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით, ს/ს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანა“ ლიკვიდირებულია, ამიტომ მის მიმართ უნდა გამოყენებულიყო „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილი.
9. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ჯ. შ-ე ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმებას და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. შ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა მოქმედ კანონმდებლობასთან (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). ამავე განაჩენით სააპელაციო პალატამ იმსჯელა ჯ. შ-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზეც.
3. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა ჯ. შ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით - მათ შორის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენების ნაწილშიც, რაზედაც საკასაციო პალატამ 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (საქმე №25აგ-15).
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ჯ. შ-ს მიმართ ამავე საკითხზე (,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე) განმეორებით მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე