შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 30.06.2015
საქმის ნომერი
25აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
30.06.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №25აგ-15 30 ივნისი, 2015 წელი

შ-ე ჯ., 25აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. კ-ს

მსჯავრდებულ _ ჯ. შ-ს

ადვოკატ - რ. ა-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს, ასევე – დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ ნ. კ-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ჯ. შ-ე (ძებნილი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე -- სს „---“ სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზარალის – 580.320 ლარის ანაზღაურება. ჯ. შ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო – 5 თვე, 4 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2. 2014 წლის 28 ივნისს ჯ. შ-ე დააკავეს სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე სასაზღვრო-საემიგრაციო კონტროლის გავლისას და შეასახლეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის განჩინებით ჯ. შ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო – 5 თვე და 4 დღე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 28 ივნისიდან.

4. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულმა ჯ. შ-მ და მისმა ადვოკატმა რ. ა-მა შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და სასჯელის შემცირების ან განაჩენის ხანდაზმულად მიჩნევის გამო სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლების შესახებ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. შ-სა და ადვოკატ რ. ა-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენი და 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება შეიცვალა: ჯ. შ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მიესაჯა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის 5 თვე, 4 დღე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 28 ივნისიდან. განაჩენი და განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. მსჯავრდებული ჯ. შ-ე და ადვოკატი რ. ა-ი საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით, ს/ს „---“ ლიკვიდირებულია, ამიტომ ჯ. შ-ს მიმართ უნდა გამოყენებულიყო „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილი.

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განაჩენის გაუქმებას, 1998 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენის ხანდაზმულობის გამო, სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის გავრცელებას.

9. პროკურორი ნ. კ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის წარდგენის დროს ჯ. შ-სათვის განსაზღვრული სასჯელი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა – თავსდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში, ამიტომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შემსუბუქებულა; განაჩენი გამოტანილია 1998 წლის 22 დეკემბერს; 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლითაც შეიცვალა განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები და შეჩერების წესები; ახალი კანონის ამოქმედების დროისათვის ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო, ამიტომ კანონს რეალური უკუძალა არ ჰქონია და უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენის აღსრულება არ არის ხანდაზმული; სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, დაენიშნა შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციის უმაღლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი; სასამართლო ამ შემთხვევაში შეეხო განაჩენის სამართლიანობის საკითხს, რაც, ზოგადად, არ არის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფორმატში განსახილველი.

9. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლო ასევე არ იყო უფლებამოსილი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დროს ემსჯელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენებაზე; ჯ. შ-ს დანაშაულებრივ ქმედებაზე ამნისტიის აქტი გავრცელდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისს განჩინებით, რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებით; სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეცვალოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ამნისტიის აქტის გამოყენებას.

10. ჯ. შ-ს დანაშაულებრივი ქმედებით ზიანი მიადგა სახელმწიფო საკუთრებას, რადგან ს/ს „---“ იყო სახელმწიფო საწარმო, შესაბამისად, დაზარალებულია სახელმწიფო; შესაბამისად, ჯ. შ-ს მიმართ არ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლი.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი ნ. კ-ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ჯ. შ-სათვის სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და ამნისტიის აქტის არგამოყენებას, ასევე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენისა და 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვებას.

12. პროკურორმა ნ. კ-მ შესაგებლით ითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ ჯ. შ-სა და ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. შ-სა და მისი ადვოკატის - რ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ჯ. შ-ს დანაშაულებრივი ქმედება სააპელაციო სასამართლომ სრულიად კანონიერად მოიყვანა შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან; ამასთან, პალატა იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ ჯ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე (№39აგ-12 http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/ganmarteba32.pdf). აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. შ-სთვის სასჯელის სახით განსაზღვრული 12 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოექცეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ისე, რომ არ შეფასდეს გადასასინჯი განაჩენის სამართლიანობა, ვინაიდან მოცემულ შემთხევვაში არ არსებობს აღნიშნულის სამართლებრივი საფუძველი.

3. საკასაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ ჯ. შ-ს მიმართ სააპელაციო პალატას საერთოდ არ უნდა ემსჯელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯა როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენი, ისე უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება, ვინაიდან ეს უკანასკნელი ჯ. შ-ს მიმართ წარმოადგენს ბოლო საპროცესო დოკუმენტს და, შესასბამისად, რადგან აღნიშნული განჩინებით ნამსჯელია ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ამნიისტის გამოყენების საკითხზეც.

4. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, პალატა ამ ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და მიუთითებს, რომ განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები მოცემულ შემთხვევაში არ არის დარღვეული.

5. პალატა ასევე არ იზიარებს ადვოკატის პოზიციას, რომ ჯ. შ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოქმედება იმ მოტივით, რომ დაზარალებული იურიდიული პირი - ,,---“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ლიკვიდირებულია, ვინაიდან საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საბრალდებო დასკვნითა და განაჩენით ჯ. შ-ს მსჯავრი დაედო სახელმწიფო ქონების უკანონო მიტაცებისათვის, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად მიიჩნევს სახელმწიფოს და რადგან მის წარმომადგენელს (მოცემულ შემთხვევაში -პროკურორს) არ დაუფიქსირებია პოზიცია ჯ. შ-ს გათავისუფლების შესახებ, საკასაციო პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაავრცელოს მასზე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოქმედება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. შ-სა და მისი ადვოკატის - რ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. პროკურორ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. მსჯავრდებულ ჯ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე