საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №44აპ-15 ქ. თბილისი
თ-ა ზ.-44აპ-15. 6 ივლისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – ზ. თ-სა და ვ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ს. ჯ-სა და მ. ჭ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით ზ. თ-ა, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით, ხოლო 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ზ. თ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 15 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 7 ოქტომბრიდან იმავე წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. გაუქმდა ზ. თ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს სახით განსაზღვრული თანხის – 5000 ლარის უზრუნველსაყოფად ზ. თ-ს სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფელ --- მდებარე 4500.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი ---) და მასზე განთავსებულ 95.27 კვ.მ. განაშენიანების ფართის მქონე შენობა-ნაგებობის 5000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.
ამავე განაჩენით ვ. თ-ა, – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 4 წლითა და 6 თვით, ხოლო 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ვ. თ-ს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 7 ოქტომბრიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: ზ. თ-ს და ვ. თ-ს განაჩენიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამ ნაწილში გამართლდნენ; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების – ზ. თ-სა და ვ. თ-სათვის შერაცხული დანაშაულები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს – წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების – ზ. თ-სა და ვ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ს. ჯ-სა და მ. ჭ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე