საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №65აპ-15 ქ. თბილისი
ს-ე გ.-65აპ-15. 30 ივლისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – დ. ს-ს, მსჯავრდებულ ნ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს, ასევე მსჯავრდებულების – გ. ს-სა და გ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 მაისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: ნ. თ-ს, – ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, ხოლო 375-ე მუხლით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ნ. თ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 13 აგვისტოდან;
გ. ს-ს, – ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, ხოლო 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით გ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 6 ოქტომბრიდან;
გ. ს-ს, – ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, ხოლო 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით გ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 15 აგვისტოდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით გ. ს-სა და ნ. თ-ს მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო გ. ს-ს მიმართ შეიცვალა: გ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 10 წლით, ხოლო 25-ე,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით გ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 6 ოქტომბრიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების – ნ. თ-ს, გ. ს-სა და გ. ს-სათვის შერაცხული დანაშაულები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 25-ე,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს – წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – დ. ს-ს, მსჯავრდებულ ნ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს, ასევე მსჯავრდებულების – გ. ს-სა და გ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე