საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.07.2015
საქმის ნომერი
2კ-69აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №69აპ-15 ქ. თბილისი

ი-ი ნ 69აპ-15 13 ივლისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ი-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს-ს, მსჯავრდებულების - ა. მ-ა და ს. ა-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით:

ნ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2014 წლის 9 ივლისიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარის ოდენობით.

ს. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი - 1 წელი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. ს. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 12 დეკემბრიდან.

ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 12 დეკემბრიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულების - ნ. ი-ს, ა. მ-ა და ს. ა-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. ი-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს-ს, მსჯავრდებულების - ა. მ-ა და ს. ა-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი