საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 31.07.2015
საქმის ნომერი
2კ-87აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#87აპ.-15 ქ. თბილისი

ჯ-ო მ.-87ap.-15 31 ივლისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით მ. ჯ-ო, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. 2014 წლის 24 ივლისს ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ გემ „ლაილა ქვინზე“ მყოფმა არაიდენტიფიცირებულმა პირმა მ. ჯ-მ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და საქართველოში შემოსასვლელი ვიზის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საზღვრის გადაკვეთისათვის დადგენილი წესების დარღვევით, ფოთის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რის გამოც 2014 წლის 25 ივლისს დააკავეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო საემიგრაციო კონტროლის განყოფილების თანამშრომლებმა.

3. აღნიშნული ქმედებისათვის არაიდენტიფიცირებული ბრალდებული, პირობითი სახელით მ. ჯ-ო, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 25 ივლისიდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ქ-მ. მან მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – მსჯავრდებულ მ. ჯ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ქ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მ. ჯ-ს არ ჰქონია კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის განზრახვა; იგი ფორსმაჟორული ვითარების გამო აღმოჩნდა საქართველოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მ. ჯ-ს მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენებას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა მ. ჯ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. ამასთან, საკასაციო პალატა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს მ. ჯ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. კერძოდ:

4. მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რაც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯოს ჯარიმა - 2 000 ლარი.

4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში მისი ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მ. ჯ-ო მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

5. მ. ჯ-ო დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე