საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.07.2015
საქმის ნომერი
2კ-92აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №92აპ-15 ქ. თბილისი

შ-ე რ, 92აპ-15. 28 ივლისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - რ. შ-სა და ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის განაჩენით რ. შ-ე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

რ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 500 ლარი, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 1.500 ლარი, ხოლო 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რ. შ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რ. შ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 273-ე მუხლით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელი - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული, 3 წლით უფლებების ჩამორთმევის მოუხდელი ნაწილი და რ. შ-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. შ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 29 დეკემბრიდან.

ჯ. ნ-ე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ჯ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ჯარიმა - 1.000 ლარი, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 1.500 ლარი, ხოლო 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ჯ. ნ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ჯ. ნ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული, 3 წლით ჩამორთმეული უფლებები. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 18 ნოემბრიდან იმავე წლის 29 დეკემბრამდე და ჯ. ნ-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლით, 3 თვითა და17 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ჯ. ნ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 29 დეკემბრიდან.

იმავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: ა. შ-ეს, გ. ბ-ეს, რ. მ-ესა და რ. მ-ეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულებს - რ. შ-ესა და ჯ. ნ-ეს განაჩენიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, ხოლო ჯ. ნ-ეს დაუმძიმდა სასჯელი.

რ. შ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

რ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 500 ლარი, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 1.500 ლარი, ხოლო 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რ. შ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რ. შ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და მას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. შ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 29 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც მოიხადა წინა განაჩენით - 2013 წლის 18 ოქტომბრიდან იმავე წლის 29 დეკემბრის ჩათვლით.

ჯ. ნ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ჯ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ჯარიმა - 1.000 ლარი, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 1.500 ლარი, ხოლო 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ჯ. ნ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ჯ. ნ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და მას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ჯ. ნ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 29 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც მოიხადა წინა განაჩენით - 2013 წლის 18 ნოემბრიდან იმავე წლის 29 დეკემბრის ჩათვლით.

განაჩენი რ. შ-ისა და ჯ. ნ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულების - რ. შ-სა და ჯ. ნ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, 125-ე და 187-ე მუხლების 1-ლი ნაწილებით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების - რ. შ-სა და ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი