დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №93აპ-15. ქ. თბილისი
მ-ი ტ., 93აპ–15 21 ივლისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ს-ს
ადვოკატ – დ. ს-ს
მსჯავრდებულ _ ტ. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ტ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ს-სა და ს. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი დაედოთ: ტ. მ-ს, _ ნასამართლობის არმქონეს, _ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ასევე – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა;
2. ზ. ფ-ს, _ ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 25-ე,252-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული დანაშაული; ასევე – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზება და წაქეზება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული დანაშაული; ასევე – ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ზ. ფ-ე – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 25-ე,252-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო ტ. მ-ი – საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ.
4. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ზ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. 2014 წლის 21 იანვარს, 16.45 საათზე ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად ზ. ფ-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის“ ჯგუფის მოხმარების ფაქტი.
5. ტ. მ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 35 (ოცდათხუთმეტ) პოლიეთილენის პაკეტში დაფასოებული, 66,602 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, 0,206 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი ხუთი აბი და ფხვნილი, დაფასოებული 2 პაკეტად, რომლებიც ორალური გზით შეინახა თავის სხეულში, რაც ამოიღეს 2014 წლის 21 იანვარს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად.
6. აღნიშნული ქმედებისათვის ზ. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 თვე, 28 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 23 იანვრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო – 2014 წლის 21 იანვრიდან იმავე წლის 23 იანვრამდე; ტ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 23 იანვრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო – 2014 წლის 21 იანვრიდან იმავე წლის 23 იანვრამდე. ზ. ფ-ს – 3 წლით, ხოლო ტ. მ-ს – 5 წლით ჩამოერთვათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
7. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ტ. მ-მა და მისმა ადვოკატებმა – დ. ს-მ და ს. ს-მ, ასევე – პროკურორმა დ. ს-მ.
8. მსჯავრდებულმა ტ. მ-მა და ადვოკატებმა – დ. ს-მ და ს. ს-მ სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს ტ. მ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, მისი დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა.
9. პროკურორმა დ. ს-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ტ. მ-ს – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ხოლო ზ. ფ-ს – სსკ-ის 273-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 25-ე,252-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
11. კასატორები – მსჯავრდებულ ტ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – დ. ს-ე და ს. ს-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, არ ეყრდნობა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას; ტ. მ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაში მითითებულია ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, მაშინ, როდესაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებას ჯერ მიღებული არ ჰქონდა; დაცვის მხარემ მოიპოვა და სასამართლოს მტკიცებულების სახით წარუდგინა ცნობა ტ. მ-ს დროებითი იზოლატორიდან გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, რითაც დასტურდება, რომ 2014 წლის 23 იანვრის 14.00 საათზე გამოტანილი დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ უკანონოა; ცნობიდან ირკვევა, რომ ტ. მ-ი გათავისუფლდა 2014 წლის 23 იანვარს, 14.15 საათზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად მტკიცებულებათა არარსებობის გამო, ხოლო საქმეში დევს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილება, რომელიც დათარიღებულია 2014 წლის 23 იანვრის 14.00 საათით; ტ. მ-ს მიმართ დაირღვა ბრალის წარდგენის 48-საათიანი ვადა; აღნიშნული მტკიცებულება წერილობითი შუამდგომლობით დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა 27 აგვისტოს და მიუთითა, რომ სარგებლობდა საგამონაკლისო უფლებით; ამ ნორმის მოქმედების ვადა იწურებოდა 2014 წლის 1 სექტემბერს, ხოლო სხდომა ჩანიშნული იყო 16 სექტემბერს; სასამართლომ მტკიცებულების დართვაზე უარი თქვა იმ მოტივებით, რომ, ვინაიდან სხდომის მიმდინარეობის მომენტისათვის დაცვის საგამონაკლისო უფლებით სარგებლობის ნორმის ვადა უკვე ამოწურული იყო, მტკიცებულება დაგვიანებით იყო წარდგენილი; აღნიშნული საფუძვლებით სასამართლოს მიერ საქმეზე მტკიცებულების დართვაზე უარის თქმა წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, რადგან მტკიცებულება, თუკი ის აუმჯობესებს ბრალდებულის მდგომარეობას, არ შეიძლება იქნეს მიჩნეული დაუშვებლად.
12. კასატორთა აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ზედმეტად მკაცრი სასჯელი განუსაზღვრა; მიუხედავად იმისა, რომ ტ. მ-ს მიმართ დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები ბრალის წარდგენის ვადასთან დაკავშირებით, ტ. მ-ი თავს ცნობს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატები – დ. ს-ე და ს. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ მტკიცებულებად დართვაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, ტ. მ-ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელის მინიმუმის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ტ. მ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. მისი ბრალეულობა დადასტურებულია მოწმეების - ლ. ჩ-ს, კ. თ-ს, დ. ხ-ს, ლ. კ-ს, პ. შ-ს, ა. ა-ს, ნ. ი-სა და ვ. ძ-ს ჩვენებებით, ექსპერტების - მ. ჭ-ს, ნ. ლ-სა და ს. ც-ს ჩვენებებითა და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზების დასკვნებით, მსჯავრდებულ ტ. მ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით.
3. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებს დაკავებისა და ბრალის წარდგენის ვადების დარღვევის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად აღნიშნული გარემოებები არ დადასტურდა.
4. ამასთან, საკასაციო პალატა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს ტ. მ-ს პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ტ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ს-სა და ს. ს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ტ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯოს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2014 წლის 23 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2014 წლის 21 იანვრიდან 2014 წლის 23 იანვრის ჩათვლით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე