საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №201აპ-15 ქ. თბილისი
ჩ-ა ი, 201აპ-15 29 ივლისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ი. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ი. ჩ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 17 ოქტომბრიდან იმავე წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
ი. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით 8000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ი. ფ-ს (პ/ნ ) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ზ-ი, ხ-ს ქ. №-ში (საკადასტრო კოდი - ) უნდა მოეხსნას ყადაღა და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
უნდა მოხდეს ნივთმტკიცების - 1974 წლის ნიმუშის, ,,აკ-74“ მოდელის 5,45მმ კალიბრიანი NGG8135 ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდითა და ვაზნებით, საპროცესო კონფისკაცია და ისინი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ი. ჩ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი