განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 30.07.2015
საქმის ნომერი
2კ-10-I-15
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.07.2015

გადაწყვეტილების ტექსტი

№101-15 30 ივლისი, 2015 წელი

ფ-ი ი, 101-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ზ. ს-ის

ადვოკატების - ზ. ა-სა და გ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ფ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით ი.ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. ო-ის ეპიზოდი) - 6 წლით; სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ამხანაგობა ,,წ. გ. 39-ის“ ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10.000 ლარი. სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დ. კ-ის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესის გამოყენებით, ი. ფ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10.000 ლარი.

ი. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

ი. ო-სა და დ. კ-ის სამოქალაქო სარჩელები არ იქნა განხილული ფორმის დაუცველობის გამო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ზ. ს-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა ძებნილი მსჯავრდებულის – ი. ფ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16, მე-18 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ფ-ს ¼–ით შეუმცირდა განაჩენით დანიშნული სასჯელი – 18 წელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ფა-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მის მიმართ ამნისტიის აქტის გავრცელების თაობაზე ნოტარიულად დამოწმებული დაზარალებულების თანხმობის გამო, ითხოვა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებითაა ცნობილი, ი. ფ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში დაფიქსირებული არ იყო დაზარალებულების პოზიცია მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონის გავრცელების თაობაზე.

რამდენადაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირის სასჯელისაგან გასათავისუფლებლად აუცილებელია დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობა, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა, საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ კანონიერად გაავრცელა იმავე კანონის მე–16 მუხლის მოქმედება, დანიშნული სასჯელი – 18 წელი შეუმცირა ერთი მეოთხედით და საბოლოო სასჯელად კანონიერად განუსაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით და დამატებით სასჯელად დაკისრებული ჯარიმა – 10.000 ლარი დატოვა უცვლელად.

2015 წლის 26, 30 ივნისითა და იმავე წლის 8, 27 ივლისით დათარიღებულ, ნოტარიულად დამოწმებულ დაზარალებულების - ი. ო-ის, დ. კ-სა და ამხანაგობა ,,წ. გ. 39-ის“ (დამფუძნებლების: ჯ. ვ-ის, ა. შ-ის, პ. ე-სა და დ. კ-ის) თანხმობებში აღნიშნულია, რომ მათ მსჯავრდებულ ი. ფ-ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და აცხადებენ თანხმობას, რათა მის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–11 მუხლი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული ი. ფ-ი სრულად უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ფ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული ი. ფ-ი გათავისუფლდეს: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. ო-ის ეპიზოდი) დანიშნული საჯელის - 6 წლით; 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. კ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 6 წლით; 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ამხანაგობა ,,წ. გ. 39-ის“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი